დღეს, 13 იანვარს საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამართულ პროცესზე, ბრალდებული მესამე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და ქართველ ხალხს მიმართა.
იზიარებენ თუ არა მესამე პრეზიდენტის გზავნილებს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში და გაგრძელდება თუ არა აქციები სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.
ამ თემაზე CNews „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კაპანაძეს ესაუბრა:
_ ბატონო გიორგი თქვენი შეფასებით, მესამე პრეზიდენტის მიმართვიდან, რომელი გზავნილი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
_ მთავარი და მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ ისევე როგორც მესამე პრეზიდენტი არც ხალხი არ აპირებს, რომ შეეგუოს ამ რეჟიმს. 2022 წლის გაზაფხულზე, ჩვენ გაათმაგებული ძალებით ვაპირებთ ბრძოლას. ორი ძირითადი ამოცანაა, პირველი: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მეორე კი – მიხეილ სააკაშვილის პუტინი-ივანიშვილის პირადი ტყვეობიდან გათავისუფლება. ამისათვის თუ საჭირო იქნება მასშტაბური აქციები, – ეს აქციები აუცილებლად გაიმართება. ეს მიზნები უნდა იყოს მიღწეული 2022 წლის განმავლობაში, – ამაზე ისაუბრა მესამე პრეზიდენტმა მე პირადად სრულად ვუჭერ მხარს და სრულად ვიზიარებ მისი განცხადებების პათოსს.
_ მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, უნდა შეეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება“, – რატომ არის დღეს რიგგარეშე არჩევნების საკითხი ამდენად მნიშვნელოვანი?
_ ჩვენ რიგგარეშე არჩევნები იმიტომ კი არ გვჭირდება, რომ ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში, არამედ გვჭირდება, რომ დავამარცხოთ სიღარიბე, კორუფცია, შევქმნათ სამუშაო ადგილები, რომ ხალხს, რომლებიც გაღარიბდნენ ამ წლების განმავლობაში, მივცეთ პერსპექტივა იმისა, რომ ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი. ეს არის ის ძირითადი ამოცანა, რომლის გამოც გვჭირდება ამ მიზნების განხორციელება, ანუ ხელისუფლების ცვლილება იმიტომ, რომ დამარცხდეს კორუფცია, რომელიც ხალხს აუბედურეს და აღარიბებს, შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ უმუშევრები დასაქმდნენ და რაც მთავარია, ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გადახვეწილნი არიან საქართველოდან დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ 2022 წლის გაზაფხულზე, ჩვენ გაათმაგებული ძალებით აპირებთ ბრძოლას, – კონკრეტულად რას გულისხმობთ?
_ საპროტესტო აქციები გაზაფხულამდეც იქნება, თუმცა როგორც აღვნიშნე, გაზაფხულიდან გაათმაგებული ძალებით იქნება აქტივობა, მათ შორის, ქუჩებში. ჩვენ სხვადასხვა სახის პროტესტის ფორმა უნდა გამოვიყენოთ, არა მხოლოდ ერთ ქალაქში, არამედ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, რეგიონში, დაბასა და სოფელში. საპროტესტო მუხტმა უნდა მოიცვას და მოიცავს კიდევაც საქართველოს გაზაფხულიდან პოლიტიკური პროცესი, იმიტომ, რომ ასე გაჩერება, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა ან იქნება საქართველო სამი წლის შემდეგ, ან იქნება ისეთი, როგორიც წარმოუდგენია კრემლს, ოლიგარქს და პუტინის რეჟიმს.
_ ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთი აქცია გაიმართა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, თუმცა გრძელვადიანი მასშტაბური პროტესტი არ ყოფილა, ამჯერად გაქვთ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი?
_ არავის ეწყინოს, ნიშნისმოგებით არ ვამბობ, პატარა პარტიებთან მიმართებაში, მთავარი პოლიტიკური ფიგურა მიხეილ სააკაშვილია, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბი. საქართველოში მისი პერსონალური მხარდამჭერებიც ყველაზე მრავალრიცხოვანია, რაც გამოაჩინა 14 ოქტომბერს გამართულმა აქციამ, სადაც თავისუფლების მოედანზე მიშა სააკაშვილის დაპატიმრების გაპროტესტების გამო გამოვიდა დაახლოებით 60 ათასი ადამიანი, – ეს ნეიტრალური შეფასებით, თორემ ჩვენი წარმოდგენით უფრო მეტი იყო. მიზნების მისაღწევად თუ მასშტაბური აქციებია საჭირო – ეს აქციები იქნება. საზოგადოების მხარდაჭერის იმედი იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ასე გვინდა, არამედ საზოგადოებას რეალურად სურს ცვლილებები, თუ იქნება სამართლიანი არჩევნები და მათი ნების გამოხატვას არავინ დააიგნორებს, ეს ცვლილებები იქნება, რადგან გარწმუნებთ, რომ საქართველოს უდიდეს ნაწილს, ყველაზე წყალწაღებულ „ქოცსაც“ კი საქართველოში სჭირდება და უნდა ცვლილებები. უდიდესი ნაწილი იბრძვის კიდევაც ამისთვის.