ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა ანგარიში გამოაქვეყნა, გასულ წელს საქართველოში უფლებების დაცვის შესახებ მწვავე შეფასებებია გაკეთებული.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებზე არა ერთი თავდასხმა მოხდა და მედიის თავისუფლება დაქვეითდა.
გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა დაუსჯელობა. ანგარიშში ასევე მოხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებიც და ასევე, ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ეპიზოდი:
“2021 წლის სექტემბრისთვის სახალხო დამცველის სამსახურმა 133 საჩივარი მიიღო ციხის პერსონალის თუ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე და ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს – დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.
პოლიციამ შეზღუდა შეკრების თავისუფლების უფლება, როდესაც დემონსტრანტებს პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმის საშუალება არ მისცა. თებერვალში პოლიციამ 20-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა დაუმორჩილებლობის ბრალდებით, როდესაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს კარავი წაართვა, რასაც იქ შეკრებილ აქტივისტებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
23 თებერვალს პოლიცია ძალის გამოყენებით შეიჭრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისში, რათა პარტიის ლიდერი, ნიკა მელია გირაოს დამატებითი თანხის გადაუხდელობის გამო დაეპატიმრებინა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, დააკავა 21 ადამიანი დაუმორჩილებლობის ბრალდებით და ოფისიდან კომპიუტერული სერვერები ამოიღო. ერთ-ერთი წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზის სახით არაპროპორციული ზომა გამოიყენა და ვერ განმარტა კომპიუტერული ტექნიკის ამოღების საფუძვლები. მელიას ბრალად 2019 წელს თბილისში მიმდინარე პროტესტის დროს ძალადობის წახალისება ედებოდა და ის უარს ამბობდა გირაოს იმ გაზრდილი თანხის გადახდაზე, რომელიც მას 2020 წლის ნოემბრის მიტინგზე ზედამხედველობის ელექტრონული სამაჯური მოხსნის შემდეგ დაეკისრა.
საია-მ პოლიცია ასევე გააკრიტიკა დაუმორჩილებლობის ბრალდების “მშვიდობიანი პროტესტის აღკვეთის” საშუალებად გამოყენებისთვის იმ ადამიანთა დასაკავებლად, რომლებიც ზემოაღნიშნულ რეიდს აპროტესტებდნენ.
აპრილში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე. ამ ცვლილებების შედეგად გაორმაგდა ან გასამმაგდა ჯარიმები (თითქმის 1,300 აშშ დოლარამდე), გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 7-დან 15 დღემდე, ასევე, მოსამართლეს ჩამოერთვა განმეორებითი სამართალდარღვევისთვის შედარებით მსუბუქი სანქციის გამოყენების უფლება. ქართულმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა ეს ცვლილებები გააკრიტიკეს, რადგან ისინი “კიდევ უფრო დიდ სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის”. უფლებადამცველებმა ხაზი გაუსვეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირად მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებს ეყრდნობა და სამართლიანი სასამართლოს ნორმებს უგულებელყოფს.
5 ივლისს, დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ ჰომოფობიური ძალადობის ფონზე, სიძულვილის ჯგუფებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თბილისში მინიმუმ 53 მედიის თანამშრომელს, მათ შორის ტელეარხების TV პირველის, ფორმულა TV, მთავარი არხი, რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო თავისუფლების საქართველოს სერვისი და რამდენიმე ონლაინ მედიასაშუალება. თავდამსხმელებმა გაანადგურეს მედიის ტექნიკა. რამდენიმე ჟურნალისტმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო და ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
როგორც ჩანს, პოლიცია იმყოფებოდა ადგილზე, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ მოხერხდა”, – წერია ანგარიშში.