მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენპროკურატურას სთხოვს, რომ ის დაზარალებულად ცნონ. შესაბამისი განცხადება მესამე პრეზიდენტმა უკრაინელ ადვოკატებს გადასცა.
ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში სააკაშვილთან დაკავშირებული წამების, არაადამიანური მოპყრობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანების ფაქტებზე პენიტენციური სამსახურის თანამდებობის პირების მიმართ რამდენიმე საქმეზე უკვე აღძრულია.
შევხვდით მიხეილ სააკაშვილს, მან უფლება მოგვცა გვეთქვა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ ის, რომ უკრაინაში უკვე აღძრულია რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირზე, დაკავშირებული წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან, ჯანმრთელობის დაზიანებასთან და არასწორ მკურნალობასთან.
საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა დადგეს ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი.მიხეილ სააკაშვილმა დაწერა განცხადება, რომ ის ამ საქმეებში ცნონ დაზარალებულად. ჩვენ უკვე ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან. ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში იმისთვის, რომ შეფასდეს, რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას. როდესაც დავბრუნდებით უკრაინაში, შესაბამის დოკუმენტაციას ჩავაბარებთ გენერალურ პროკურატურას და მიხეილ სააკაშვილმაც პირადად მიმართა გენპროკურორს. ჩვენ ვთვლით, რომ მიმდინარეობს სისტემური და სისტემატიური მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს“, – აღნიშნა ევგენი გრუშოვეცმა.