ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვები ხშირ შემთხვევაში გაუმჭვირვალედ და ბაზრის სათანადო კვლევის გარეშე ტარდება – დასკვნის ავტორი სახელმწიფო აუდიტის სამსახურია.
მაკონტროლებელმა ორგანომ 9 სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებული სსიპ-ების მიერ 2017-19 წლებში განხორციელებული შესყიდვები შეისწავლა და ძირითადი ხარვეზები დაადგინა.
აუდიტის სამსახურის დასკვნით, შემსყიდველი ორგანიზაციები, საკუთარ საჭიროებებს რიგ შემთხვევებში, არარაციონალურად განსაზღვრავენ, ბაზრის კვლევის პროცედურები კი არასრულყოფილად ტარდება, რის გამოც გაზრდილია შესყიდვის ღირებულება. გარდა ამისა, შემუშავებული სატენდერო პირობები არაკონკურენტულ გარემოს ქმნის.
სამინისტროს და მათზე დაქვემდებარებული სსიპ-ების სახელმწიფო შესყიდვების შესწავლის შემდეგ, აუდიტი მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა სისტემური ხარვეზი, ანუ ყველა სახელმწიფო უწყებაში ერთნაირად ხდება სატენდერო პირობების მორგება კონკრეტულ კომპანიაზე, ასევე შესყიდვების ვადების ისე გადაწევა, რომ კონკურსში სასურველმა კომპანიამ გაიმარჯვოს.
დასკვნაში ასევე წერია, რომ ხშირ შემთხვევაში არ ხდება ბაზრის და საჭიროების სათანადო კვლევა და ტენდერები დასაბუთების გარეშე ცხადდება, ხდება შესასყიდი ნივთების ისეთი ტექნიკური პარამეტრების შერჩევა, რომლებიც კონკრეტულ კომპანიას მოერგება.
მაგალითისთვის, მორგებული ტენდერები გამოავლინა აუდიტმა დაცვის პოლიციის შემთხვევაში, სადაც 120 ათასი ლარის კვამლის დეტექტორის შეძენა იყო საჭირო. სატენდერო წინადადება შედგენილი იყო ისე, რომ ის მხოლოდ ერთი მიმწოდებლის კვამლის დეტექტორის აღწერას წარმოადგენდა, შესაბამისად, ტენდერის ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებულიც ეს მიმწოდებელი იყო.
ასევე, აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა მაგალითად ჯანდაცვის უწყებაში. ამ შემთხვევაში მედიკამენტების მარაგის არსებობის მიუხედავად, უწყებამ მაინც შეიძინა არასაჭირო მედიკამენტები, რომლითაც მოსახლეობის 20%-ზე ნაკლებმა ისარგებლა.
სპეციალისტები, რომლებიც შესაძლო კორუფციის სქემებს იკვლევენ, ამბობენ, რომ ის გარემოებები, რაზეც დასკვნაშია საუბარი, მათთვის არახალია. მათივე თქმით, ტენდერები ხალხის ფულით მხოლოდ იმისთვის ცხადდება, რომ სარგებელი ისევ მაღალჩინოსნებმა და მათმა ოჯახებმა მიიღონ, ეს კი კორუფციული სქემების არსებობაზე მიუთითებს.
“კონკრეტული მაგალითები არის მოყვანილი, რომლითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო სტრუქტურები. პირველი ეს არის როდესაც სახელმწიფო საჯარო უწყებები ახორციელებენ გამარტივებულ შესყიდვებს. ძირითად შემთხვევებში გამარტივებული შესყიდვები არის დაუსაბუთებელი, მათი საჭიროება არ არსებობს და ძირითადად იყენებენ იმიტომ, რომ ტენდერის ჩატარებას აარიდონ თავი, რაც აჩენს კორუფციული სქემების ეჭვს”, – თქვა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ბესიკ დონაძემ.