“დევნილის თვითმკვლელობაზე პასუხისმგებელია ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“-გიორგი კაპანაძე

„ეს არის თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი“, – ასე გამოეხმაურა Cnews-თან საუბრისას სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრების თვითმკვლელობის ფაქტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე.

კაპანაძის თქმით, ეს ადამიანი გახდა იძულებული თავი მოეკლა იმიტომ, რომ სხვა დევნილები მაინც გადაერჩინა მსგავსი შემთხვევებისგან.

„ეს არის თითოეული ჩვენგანის ტრაგედია, იმიტომ, რომ ეს ადამიანი თავისი უმწეო მდგომარეობით და იმის გამო, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო მას ატყუებდა, იძულებული გახდა, რომ თავი მოეკლა. პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე პერსონალურად ეკისრება, როგორც პრემიერ ღარიბაშვილს, ისე ზოგადად „ქართულ ოცნებას“. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ დევნილები ჩააგდო გამოუვალ მდგომარეობაში, რადგან მათთვის ბინების გადაცემა დაკავშირებული იყო ერთგვარ ქრთამის მიცემასთან. არ არის დასამალი, რომ ბევრი ჩინოვნიკი სთხოვდა დევნილებს ქრთამს, ბინის გადაცემის სანაცვლოდ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებული ეს ადამიანი გახდა იძულებული თავი მოეკლა იმიტომ, რომ სხვა დევნილები მაინც გადაერჩინა მსგავსი შემთხვევებისგან. ეს არის თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი“, – აცხადებს Cnews-თან კაპანაძე.

დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დევნილის თვითმკვლელობას უბედური შემთხვევა უწოდა, –  კითხვაზე რაზე მეტყველებს მინისტრი აღნიშნული განცხადება, კაპანაძე გვპასუხობს:

„ჯანდაცვის მინისტრის განცხადება არის უპასუხისმგებლობის დემონსტრირება. ჯანდაცვის მინისტრი ცინიკურად და უტიფრად ცდილობს, რომ შემთხვევა არ დაუკავშიროს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“. ეს არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, ვერც ჯანდაცვის მინისტრი და ვერც ზოგადად, „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი, რადგან ის, რაც ხდება დევნილებთან მიმართებაში, როდესაც ხელისუფლება, სამწუხაროდ, დევნილებს განიხილავს, როგორც მეორე ხარისხოვან მოქალაქეებს, – ამაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“ და რეჟიმი, რომელიც ქრთამის გარეშე, ხშირ შემთხვევაში, ბინებს არ გადასცემს ხოლმე. დევნილები გამოუვალ მდგომარეობაში ცხოვრობენ, მათ სიცოცხლეს ყოველდღიურად ემუქრება საფრთხეს, იმიტომ, რომ ის შენობა, რომელშიც ისინი არიან განთავსებული არის დანგრევის პირას და დიდი რისკია, რომ ჩამოინგრეს და ტრაგედიაც მოხდეს. ამიტომ, ეს ადამიანი იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო. სამწუხაროდ, ეს არის თვითმკვლელობამდე მიყვანა, რადგან სახელმწიფომ ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა“, – განუცხადა Cnews- ს კაპანაძემ.

ცნობისთვის, გუშინ 16 იანვარს, ყოფილი სანატორიუმის შენობიდან “ქართლი”, პროტესტის ნიშნად, დევნილი მამაკაცი მე-7 სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share