მერი კალაძე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, ბრალდებებს პასუხობს და ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერს. კალაძის მტკიცებით, ის, რაც დღეს დედაქალაქში ხდება, 10 წლის წინანდელი მმართველობის ბრალია:
“დღეს გამოდიან ის ადამიანები, ვინც პირდაპირ ჩართული იყო უკანონო მშენებლობებში, უკანონო ნებართვების გაცემაში და შედეგი სახეზეა. მე მგონი არავის მოგწონთ ის, რაც დღეს თბილისში გვაქვს, რაც მივიღეთ იმ წლების განმავლობაში, ქალაქის არასწორი განვითარებით, უკანონო მშენებლობით და ა.შ. დღესაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის უკანონო მშენებლობები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც საჭიროა.” ამბობს კალაძე.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს, უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები იყო 3 000 ლარიდან 10 000 ლარამდე, რისი გადახდაც კომპანიებისთვის პრობლემა არ უყო, ხოლო მას შემდეგ რაც, თბილისის სათავეში თავად მოვიდა, როგორც კალაძე ამბობს, ჯარიმები გაიზარდა 8 000-დან 50 000 ლარამდე
“თუმცა პრაქტიკაში ვნახეთ, რომ ესეც არ არის საკმარისი და ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, ამიტომ უკანონო მშენებლობების შესაჩერებლად მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და პარლამენტის დახმარებით მოხდა კანონის მიღება, რომ ასეთი დანაშაულები იქნება სისხლის სამართლის დანაშაულები.” ამბობს კალაძე.
მერის თქმით, მისი ოჯახისა და თანამშრომლების წინააღმდეგ, “სიბინძურე და სიცრუის ნიაღვარი” მოედინება, რის წინააღმდეგაც, “ყოველთვის აიმაღლებს ხმას”:
“პირდაპირ შეურაცხყოფებზე გადმოდიან პირადად ჩემი, ჩემი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამშრომლების მიმართ. მიზანმიმართული მცდელობებია იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ყოველთვის ავიმაღლებ ხმას ამის წინააღმდეგ, ყოველთვის ვიქნები „ფეიკების“ წინააღმდეგ. შესაბამის განცხადებებს ყოველთვის გავაკეთებ და არასდროს მოგცემთ იმის საშუალებას, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ყოველთვის იქნება პასუხი თქვენს სიცრუეზე, თქვენს სიძულვილის ნიაღვარზე, რომელიც ყოველდღიურად მოდის. ყოველთვის გავცემთ პასუხს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს,” – განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე