პუტინს ივნისამდე ომის დაწყება არ უნდა აწყობდეს, რადგან მერე თქვას, რომ დაველოდე მადრიდის სამიტს, გონს მოგებულიყავითო, აცხადებს „რეზონანსთან” კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას.
დასავლელი პოლიტიკოსების კიევში აქტიური ვიზიტების პარალელურად, შეხვედრები ვლადიმერ პუტინმაც დაიწყო, ამჯერად ის პეკინში ჩადის. ზაქარეიშვილის აზრით, დასავლეთის ლიდერების მხრიდან ოლიმპიადის ბოიკოტის ფონზე, პუტინის ჩასვლა ჩინეთისთვის სერიოზული მხარდაჭერაა.
„რაც შეეხება კადიროვ-პუტინის შეხვედრას, კადიროვის ქცევა რუსეთის საზოგადოებისთვის მიუღებელია, პუტინმა კი ჩათვალა, რომ მიუთითოს, რა ქნას და ის რაც მსოფლიოში ხდება კადიროვთან შეხვედრასთან არაა კავშირში. პეკინში პუტინი იმიტომ ჩადის, რომ მეგობარ ჩინეთს მხარი დაუჭიროს. ბევრმა სახელწიფომ პეკინის ოლიმპიადას პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა, იქ მხოლოდ სპორტსმენები ჩადიან. პუტინის ჩასვლა კი ჩინეთისთვის სერიოზული მხარდაჭერაა. ჩინეთმა პუტინს სთხოვა, ოლიმპიადის დროს არანაირი საომარი მოქმედებები არ დაეშვა, ეს ვიზიტიც ამის დასტურია, რომ ეს არ მოხდება. თუმცა ზუსტად ოლიმპიადის დროს დაიწყო 2008 წელს საქართველოში საომარი მოქმედებები.
„რუსეთისთვის ნატოს და აშშ-ს პასუხი ისედაც ნათელი იყო. ალიანსი არ აპირებს, რომ თავის შეიარაღების განლაგებას გადახედოს, რაც 1997 წლის შემდეგ განახორციელა. დანარჩენი საკითხები როგორიცაა საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების, ასევე რუსეთის საზღვართან სერიოზული იარაღის განთავსება, ან წვრთნების ჩატარება, ამაზე შეიძლება საუბარი,მაგრამ რუსეთისთვის ეს პირობები საკმარისი არაა.
„რუსეთისგან ყვეაფერი მოსალოდნელია. პუტინი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, ანუ ახლა ის ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ცალკცალკე შერყევას დაიწყებს, რათა ივნისის მადრიდის სამიტისთვის მოემზადოს. მადრიდში ბუქარესტის სამიტის მსგავსი ნატოს სამიტი ჩატარდება. 2008 წელს ბუქარესტის სამიტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწვრიანებას შეპირდნენ. ახლა მემგონი პუტინი ივნისს დაელოდება.”- განაცხადა მან.
ზაქარეიშვილის აზრით, თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, ეს ივნისის მერე მოხდება.
„ვფიქრობ, თუ ომი იქნება, უფრო უნდა იყოს ივნისის შემდეგ, თანაც ზაფხულში საომარი მოქმედებები უფრო იოლია. მრთალია, ისიც არაა გამორიცხული პუტინისგან, რომ ომი ხვალვე დაიწყოს, უფრო ლოგიკური ზაფხულში მგონია. მანამდე პუტინი დაიწყებს ნატოს წევრ სახელმწიფობთან ვიზიტებს, იქნება დიპლომატიური რყევები, დიპლომატიური მუქარა. მერე, როცა დასავლეთისგან უარს მიიღებს და ამაში დარწმუნებული ვარ, შეიძლება საომარ მოქმედებებზე გადავიდეს. რუსეთმა ფეხი მისივე დაგებულ ხაფანგში შეყო, ახლა გამოსვლა უჭირს, დასავლეთი ეხმარება, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს, თუ ამას მიხვდება, დასავლეთი მზადაა რაღაცეებზე თვალი დახუჭოს.
„თუ რუსეთმა ეს ვერ შეიგნო და ომი მაინც დაიწყო, ეს თავად ძალიან ძვირი დაუჯდება. უკრაინელი ხალხი გააფთრებულ წინააღმდეგობას გაუწევს, დიდი სისხლი დაიღვრება. ამიტომაც რუსეთს ომი არ სჭირდება, მაგრამ ამ ჩიხში თვითონ შევიდა. პუტინი იმაზე ნერვიულობს, რომ ხაფანგში, რომელიც სხვას დაუგო, თვითონ გაება.
„საქართველოში ყოველ წელს ნატოს წვრთნები ტარდება „მტკიცე სული”, თუ ეს წვრთნები ჩვენთან წელს არ ჩატარდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ნატომ ამ მიმართულებით უკან დაიხია. ეს კარგი არ იქნება, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ალიანსი რუსეთს რაღაცეებს უთმობს, მაგრამ არა მნიშვნელოვან საკითხებს.
„რუსეთს ორი ამოცანა აქვს, ერთია სისტემურ-სტრატეგიული, მეორე სიტუაციური. სისტემურია ის, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრებად ვერ წარმოუდგენია, ამიტომ ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მას სიტუაციურად კი ეგონა, რომ დღეს დასავლეთი სუსტია, მერკელი წავიდა, ბაიდენი წლოვანია, პუტინმა იფიქრა, რომ დასავლეთი ძლიერი არაა და საქართველოს და უკრაინას ხელიდან გავაგდებიონოვო. დასავლეთმა და ნატომ უარი არ თქვა, აქ კი პუტინი გაიჭედა და რა ქნას, არ იცის. ერთადერთი გამოსავალი ომი დაიტოვა და არც ის არ აწყობს, რადგან ამით კიდევ უარესს მიიღებს,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
წყარო : რეზონანსი