“მიხეილ სააკაშვილი არის პატრიოტი, დიდი ადამიანი ქვეყნის ისტორიაში…”-ნიკა გვარამია

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი იწყება. სხდომას, სადაც საზღვრის კვეთის საქმეს განიხილავენ, მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. ის სასამართლოს შენობაში ესკორტით ცოტა ხნის წინ მიიყვანეს.

სასამართლოში უკვე მივიდა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია. მან თქვა, რომ იმედი აქვს, მიხეილ სააკაშვილს პროცესზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას მისცემენ.

“ამ საქმეზე ბრალის წარდგენა ზვიად გამსახურდიასთვის ბრალის წარდგენაა და სხვა იმ ხალხისთვის, ვინც საუკუნის დასაწყისში დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდა. მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის პატრიოტი, დიდი ადამიანი ამ ქვეყნის ისტორიაში, ამიტომ ამ ფორმალობებზე ლაპარაკი უბრალოდ სირცხვილია. ამის გარდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება”, – თქვა ნიკა გვარამიამ. 

ცნობისთვის, პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებსა აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. მათ რამდენიმე დღის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share