„როცა უკრაინას მოვრჩებით, საქართველოს ჯერიც დადგება – აი, კრემლის გზავნილი“ – აუსტრევიჩიუსი

„საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება – მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება. შემდეგი შეიძლება საქართველო იყოს”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი. ის კვირის დასაწყისში უკრაინაში საგანგებო ვიზიტით ჩასული ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ერთ-ერთი წევრია.
ვფიქრობ, ძალიან დროული ვიზიტი იყო. რაც შეეხება სიტუაციას ადგილზე – ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც 2014 წელს იყო. ვნახეთ სამხედროები, რომლებიც მხნედ და მტკიცედ დგანან. პანიკა არ არის, მხოლოდ მზადყოფნა და იმის გააზრება, რომ რისკი დიდია. პოლიტიკოსებს უწევთ გაუმკლავდნენ ეკონომიკურ სიძნელეებს, ინვესტორების გადინებას, პოლიტიკურ შინაომებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გვარწმუნებენ, რომ უკრაინისთვის ევროპული ინტეგრაცია უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ უკრაინას ამ კუთხით. ვფიქრობ, საკმარისზე მეტი არგუმენტი გვაქვს იმისთვის, რომ რუსეთს უკვე დავაკისროთ სანქციები. რაც უფრო ტოლერანტულები ვიქნებით და თვალს დავხუჭავთ, მით უფრო დამძიმდება სიტუაცია – პუტინისთვის უკრაინის დაბეჩავება და სუსტ, გამუდმებით დახმარების მთხოვნელ ქვეყნად გადაქცევა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამისთვის ყველა ხერხსა და ბერკეტს იყენებს. რუსეთი, ფაქტობრივად, ევროპის ჟანდარმად იქცა და სანამ ჩვენ ამას ვიღებთ, როგორც ახალ ნორმას, კრემლი საკუთარ პოლიტიკას არ შეცვლის. ფხიზლად უნდა ვიყოთ და მეტი გამჭრიახობა გამოვიჩინოთ სიტუაციის წაკითხვისას, იმის ნაცვლად, რომ ვისხდეთ და ველოდოთ, ომის სამხედრო ფაზა როდის დაიწყება – რადგან ომი – ეკონომიკური, კიბერ- და ჰიბრიდული ომი რუსეთს უკვე გაჩაღებული აქვს.
რასაც პუტინი აკეთებს, ეს ე.წ. სალიამის ტაქტიკაა – ნაჭერ-ნაჭერ იტაცებს ტერიტორიებს, არასდროს ჰყოფნის, ვერ ძღება და მორიგ ნაჭერზე იწევს, სანამ ეს სალიამი მაგიდაზე დევს. ეს მიუღებელია. მოდი, ნუ ვიქნებით პუტინის საუზმე.
ნუ ვიქნებით პასიური მაყურებლები, რომლებსაც ნაჭერ-ნაჭერ ათლიან ტერიტორიებს. ვიცით, რომ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს – ის კი, თუ სადამდე მიდის პუტინის ახალი საბჭოთა კავშირის საზღვრები, ეს მხოლოდ მან უწყის. მაგრამ სანამ რბილ ძალად ვრჩებით, ყველას გვემუქრება საფრთხე, რომ პუტინის თეფშზე აღმოვჩნდებით.
საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება – მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება. შემდეგი შეიძლება საქართველო იყოს, შეიძლება სწორედ საქართველოს საზღვრებთან ვნახოთ რუსული დანაყოფების კონცენტრაცია და ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს – უკრაინა საქართველოზე ლამის ათჯერ დიდია და, როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, ჯერ ყველაზე დიდი და მსუყე ნაჭრით დაიწყოს.
ვერ ვხედავთ, მმართველი ძალის სრულ მზაობას, საქმე ევროპული გზისადმი ერთგულებით აკეთონ. ისინი აცხადებენ, რომ ევროკავშირი მათ დღის წესრიგშია, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს დღის წესრიგი ძალიან პოლიტიზებული და ინდივიდუალურია, და არ შეესაბამება ევროპულ აღქმას, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს საქმე. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საუკეთესო მაგალითი, რაც, თავის მხრივ, შიდა პოლიტიკისადმი ნდობას არ აძლიერებს. ვწუხვარ, მაგრამ მომიწევს თქმა, რომ ქართული ე.წ. ლიდერშიპის განცხადებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას.

წყარო : რადიო თავისუფლება

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share