ნაგომარი – ტყე-ნაკრძალის ირგვლივ გაშენებული სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ნაგომრის თემი  ოთხი სოფლისგან შედგება: ნაგომარი, ჟანაურა, ეწერი და შუა ისნარი. სოფელი ნაგომარი მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა სანაპიროზე, ტყე-ნაკრძალ „წყავის შტოს“ ირგვლივ.

სოფელში აღორძინებას იწყებს „მეჩაიეობა“, ფუნქციონირებს ორი მიკრო-ფაბრიკა და ფეხს იკიდებს მოცვის წარმოება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნაგომრის მოსახლეობის დასაქმებაში და შეაჩერებს რეგიონისთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ, ახალგაზრდების მიგრაციის პროცესს.

თემის განაშენიანება მე-18 საუკუნიდან იწყება.

გურიის მმართველებს ჰქონიათ რამდენიმე რეზიდენცია, მათ შორის ნაგომარშიც. აქ აღმოჩენილია ნეოლითის ხანის ნასახლარები. თემის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის თედო სახოკია და ქველი ჩხატარაშვილი. როგორც ცნობილია, ნაგომარი მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია მეხუთის დროს. სუფსის პირა ჭალები ეკუთვნოდა გურიელებს და მათი მოურავები იყვნენ თავადი გუგუნავები. აქ მე-19 საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პოემა „თამარიანის“ ავტორი, სიმონ გუგუნავა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იმ პერიოდში სოფლის საგანმანათლებლო და კულტურულ განვითარებაში. სავარაუდოდ, მის სახელთან არის დაკავშირებული ნაგომარში პირველი დაწყებითი სამრევლო სკოლის გახსნა. მის სახლში იყო გახსნილი ე.წ „პოეზიის სასახლე“, რომელსაც ხშირად სტუმრობდა გამოჩენილი ქართული საზოგადოება.

სოფელში არსებობს მე-19 საუკუნის დასაწყისში აშენებული წმ. მარინეს ტაძარი. აღნიშნული ტაძარი მამია მეხუთემ ააშენებინა თავისი დედის, მარიამ წერეთლის საპატივცემულოდ.

“ტაძარი 1923 წლამდე ფუნქციონირებდა და უკვე შემდგომ, აღდგენილ იქნა სოფლის ჩართულობით 1998 წელს. მისი პირველი წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი პეტრე (ანდღულაძე), ამჟამად მთისპირისა და ნაგომრის დედათა მონასტრის წინამძღვარი. დღეს წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა მოსე (ჩხარტიშვილია).

ნაგომარი - ტყე-ნაკრძალის ირგვლივ გაშენებული სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

რაც შეეხება სოფელში არსებულ წარსულში ცნობილ ბაზრობას, მას მეორე ნაირად „იურმარკობა“ ერქვა და იგი წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდ ბაზრობას, რომელიც წმ. მარინეს დღესასწაულის (30 ივლისი) პერიოდში ეწყობოდა. ბაზრობა მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გაუქმდა.

თემის მოსახლეობის ძირითად ნაწილს გურულები წარმოადგენენ, მაგრამ აქ ასევე ცხოვრობენ: სვანები, აჭარლები და იმერლები. მათი დასახლება უკავშირდება სოფლის მეურნეობის განვითარებას საბჭოთა პერიოდში, როცა განვითარდა ჩაის წარმოება, რის გამოც ნაგომარს ეკავა მნიშვნელოვანი ადგილი რაიონში. სოფლის ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. ამ დროს თემში მაღალ დონეზე იყო კულტურული მოღვაწეობა, წარმატებები ჰქონდა ფოლკლორულ ანსამბლს.

აქ მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა: ლოტბარები, მიხეილ შავიშვილი და გელა ცელაძე. ქორეოგრაფები ვახტანგ მეგრელიშვილი და ანზორ გვარამაძე. თითოეულ ნაგომარელს ეამაყება, რომ ჩვენი სოფლიდან არიან წარმოშობით ია და მერაბ ნინიძეები. რაც შეეხება, ფილმებს აქ არის გადაღებული: „ჭრიჭინა“, „შეხვედრა წარსულთან“, „პალიასტომის ტბა“ და „ნაგომარი“.

ნაგომარი ჩართული იყო მე-2 მსოფლიო ომში. გაიწვიეს 200-ზე მეტი ახალგზარდა, მათგან 80-ზე მეტი შინ ვერ დაბრუნდა. ასევე, ბევრი ნაგომრიელი ახალგაზრდა მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოსათვის ბრძოლაში, ისევე როგორც 2008 წელს.  აფხაზეთისთვის ბრძოლებში იბრძოდა  ზურიკო წიქარიძე, რომელიც 1993 წლის 9 ივლისს გმირულად დაიღუპა.

თედო სახოკიას მოსაზრების მიხედვით გომი ფარეხს ნიშნავს, ნაგომარი კი ნაფარეხალს, თუმცა ეს სიტყვა შესაძლოა სიმაგრესაც ნიშნავდეს.

წყარო : tia.ge ; რესპოდენტის – ნოდარ წიტაიშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share