“ეს ხე,სოფელ ჩიბათის ცენტრში, მკვეთრ მოსახვევთან დგას.
დაკოჟრილი მერქანი, ისიც აქერცლილი ქერქით, იმაზე მიგვანიშნებს, რომ რამდენჯერმე შეჯახებია ავტომანქანა. როცა სკოლის მოსწავლეებს მეზობელ სოფლებში ვაცილებდით, ხეს ამოვაფარებდით ხოლმე და როცა თვალს მიეფარებოდნენ, ბევრჯერ მადლობა გადამიხდია უსულო სულიერისთვის.
ერთხელ მოსწავლეებს ვთხოვე, ინტერვიუები ჩაეწერათ ნებისმიერ სულიერ ან უსულო საგანთან. ერთ-ერთმა მოსწავლემ კი სწორედ ეს ხე აირჩია. საოცარი ისტორია ჰქონდა მოძიებული, მაგრამ ამ ინტერვიუდან დამამახსოვრდა ერთი ფრაგმენტი:
-დავიღალე! – პასუხობდა ხე.
-რამ დაგღალათ?
– დავიღალე , მაგრამ ცხოვრებამ არა, ადამიანებმა,ალბათ. იმ პატარა ხეებმაც დამღალეს, მზის გამონათებისთანავე რომ აყვავილდებიან და მალევე ხვდებიან , რომ ნაადრევად შეიმოსნენ.
ახლა, ამ ხესავით ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ დაიღალნენ , მაგრამ მტკიცედ დგანან , სათქმელს მაინც ამბობენ , თუმცა არავის არაფერს უმტკიცებენ , რადგან იციან აზრი არ აქვს.
ეს ხე ყველაზე გვიან იმოსება, მაგრამ ისე ამშვენებს ფართო ფოთლები, რომ ყველას ჩრდილავს, მათ შორის, ადამიანებს,მიუხედავად მისი წლოვანებისა.
ხე სოფლის ცენტრში დგას , იქ, სადაც მკვეთრი მოსახვევია…..” – წერს მასწავლებლის უმაღლესი ჯილდოს გამარჯვებული ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში.