გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა. მინისტრის პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
შამუგია 2020 წლის 25 დეკემბრიდან ლევან დავითაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ააიპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით მოდის ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის მინისტრად. მან ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის მაისში შეავსო.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ოთარ შამუგიას სახელზეა 2 ბინა თბილისში, რომელიც 2017 წელს ჯამში 51 658 დოლარად აქვს შეძენილი.
მისი მეუღლის საკუთრებაშია ასევე 2 ბინა, ერთი ჩუქებით გადაცემული, ხოლო მეორე საცხოვრებლის (28 კვ.მ) ღირებულება 10 000 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ოთარ შამუგია დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე – 772 ლარს, ანაბარზე – 6170 ლარს, ხოლო დანაზოგის სახით – 18 000 დოლარს.
დეკლარაცის მიხედვით, ოთარ შამუგიას ააიპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტზე, ხელფასის სახით, 2020 წელს, აღებული აქვს – 82 502 ლარი, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის ბაზრებზე წვდომისა და მოქნილობის პროექტში კონსულტანტის სტატუსით – 27 048 ლარი, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტზე, 2020 წლის 25 დეკემბრიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით – 982 ლარი.