ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდომაროების ფონზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ასეულ ათას ლარს იმის შესასწავლად დახარჯავს, ეწევიან თუ არა მოქალაქეები თამბაქოს აკრძალულ ადგილებში.
კვლევისთვის 400 ათასი ლარია გამოყოფილი. მკვლევრები შეაგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა სივრცეში მოწევის წესების შესრულებაზე და ვალდებული იქნებიან, დარღვევების დაფიქსირების შესახებ პოლიციას შეატყობინონ.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლი ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამშრომლების ვალდებულებაა. შესაბამისად, ჩნდება კითხვები, რატომ დასჭირდა ამირან გამყრელიძის უწყებას ამისთვის დამატებითი კომპანიის დაქირავება.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მორიგი კორუფციული სქემაა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიებმა პანდემია სათანადოდ ვერ მართეს.
“იმ ფონზე, როცა ქვეყანაში პანდემიის და უმართავი კოვიდსიტუაციის გამო დაღუპულია 15 ათას ადამიანზე მეტი, ჩვენი მთავრობა და განსაკუთრებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლავ გვაოცებს და ხარჯავს 400 ათას ლარზე მეტს იმისათვის, რომ სიგარეტის მოწევის კონტროლი შეამოწმოს როგორ ხორციელდება. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ეს 400 ათასი ლარი ტენდერით მართლა კეთილსინდისიერ კომპანიაში წავა, ცდება, ეს წავა ისევ მექრთამე გამყრელიძის და სხვა ადამიანების ჯიბეებში”, – ამბობს ენმ-ის წევრი, გიორგი ჩალაძე.