ნატო ვაჩნაძე საკმაოდ მომთხოვნი ადამიანი იყო და ეს თვისება უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე ვრცელდებოდა. თავის წიგნში მრავალგზის აღნიშნავს, რომ სურს არა მხოლოდ პოპულარულ მსახიობად დარჩენა, არამედ ჭეშმარიტ პროფესიონალად ჩამოყალიბება.
20-30-იანი წლების მიჯნაზე უხმო კინო თანდათან ადგილს უთმობდა ტექნიკის სიახლეს – ხმოვან კინოს. ამ ცვლილებამ, ამეტყველებულმა ეკრანმა მუნჯი კინოს ბევრი ვარსკვლავი სამუშაოს ჩამოაშორა. კინემატოგრაფი აღარ საჭიროებდა ტიპაჟს და ასპარეზზე თეატრის აქტიორები გამოვიდნენ. როგორც ნატო ვაჩნაძე იხსენებს, თეატრალური მსახიობი მათ ხმით და პროფესიონალიზმით ეჯიბრებოდა. კინომსახიობი კოლოსალურ შრომას საჭიროებდა, უხმო და ხმოვანი კინოს ბარიერის გადალახვა ყველამ ვერ შეძლო.
ნატო ვაჩნაძემ დროებით ტაიმ-აუტი აიღო და მოსკოვს გაემგზავრა იმ პირობით, რომ იგი იქ მხოლოდ კინემატოგრაფით დაკავდებოდა.
1932 წელს რუსეთის დედაქალაქში დიდი რეჟისორის – გრიგოლი კოზინცევის რეკომენდაციით რუსული დოკუმენტური კინოს უდიდეს ოსტატ ქალს ესთერ შუბს დაუახლოვდა და მის გადამღებ ჯგუფში ჩაირიცხა ასისტენტ-პრაქტიკანტად.
რეჟისორი იღებდა ფილმს “კომკავშირი – ელექტროფიკაციის შეფი”. მასზე მუშაობა ერთ წელიწადს გაგრძელდა. იღებდნენ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით: უკრაინაში, დნეპროჰესზე, ციმბირში, ლენინგრადში, ბრიანსკის ტყეებში, სომხეთში.
სამუშაო უაღრესად საინტერესო იყო. ესთერ შუბი აღნიშნავდა, რომ ამ მოულოდნელი შეხვედრით ნატო ვაჩნაძის სახით უდიდესი მეგობარი და თანამოაზრე შეიძინა
ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ ნატო ვაჩნაძე სამშობლოს და ეროვნულ კინოს დაუბრუნდა
1934 წელს ნატო მიხეილ ჭიაურელის ფილმ “უკანასკნელ მასკარადში” მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ ჭიაურელმა მას ვერ ანდო სიტყვიერი როლი, ვაჩნაძემ ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი. ამ ეტაპს მსახიობის ახალ ხარისხში მოღვაწეობა უნდა ვუწოდოთ. “უკანასკნელი ჯვაროსნები” (რეჯ. სიკო დოლიძე), მსახიობისათვის ერთ–ერთი პირველი ხმოვანი ფილმია, სადაც ნატომ ციციას როლი შეასრულა. ამის შემდეგ, ნატო ვაჩნაძეს კვლავ მიხეილ ჭიაურელი იწვევს ფილმში “არსენა”
საკუთარი თავისადმი უკომპრომისო ნატო მუდმივად ფიქრობდა თვითგანვითარებაზე და როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა რიგით კინემატოგრაფისტად იწყებდა მუშაობას. ეს ძალზე იშვიათი შემთხვევაა მსახიობის ბიოგრაფიისთვის, მაგრამ მას პროფესიის ათვისების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდა. ნატო ვაჩნაძემ მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი კინოროლები შეასრულა ფილმებში “ქაჯანა”, “აკაკის აკვანი”, “მწვერვალთა დამპყრობნი”.
1935 წელს მიენიჭა რსფსრ-ს დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1941 წელს – საქართველოს დამსახურებული არტისტი გახდა. 1941 წელს მიიღო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია ფილმისათვის “ნარინჯის ველი”. დაჯილდოებულია ოთხი ორდენით. ვარშავაში ერთ-ერთ ქუჩას ნატო ვაჩნაძის სახელი დაერქვა, სადაც მის პატივსაცემად მსახიობის ბიუსტი დადგეს.
1953 წლის ივნისის დასაწყისში მურმანსკში წავიდა საქმეზე, იქიდან მოსკოვში გამოიარა. თბილისისკენ არც ერთი ბილეთი არ დახვდა. მაშინ მორიდებით უთხრა მოლარეს, რომ სახალხო არტისტი ნატო ვაჩნაძე იყო და სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო თბილისში. გახარებულმა მოლარემ, აქაოდა, ამისთანა ადამიანი მესტუმრაო, ჯავშანი მოხსნა… ასე ერგო ნატოს საბედისწერო ბილეთი.
მოსკოვიდან ნატო 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს გამოფრინდა. ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს განიცადა. მიზეზად უამინდობას ასახელებდნენ, მაგრამ მაშინ ბევრი იყო დარწმუნებული, რომ ნატო ბერიას შურისძიების მსხვერპლი გახდა.
ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო. ნატოს ფერფლი და გადარჩენილი ხელი კი დიდუბის მიწას მიაბარეს.