ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ დევი ტაბიძის რეკომენდაციაა, რომ არსებული ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე გამოცხადდეს.
როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკოლები და ბავშვების ზოგიერთი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
„ბავშვთა მიმართულებით აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს იმიტომ, რომ ამას შემდგომში არდადეგები მოსდევს. ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ იმ არდადეგებზე, რომელიც მოდის. ეს გარკვეულ პერიოდს მოგვცემს. ნახევარზე მეტი სკოლა, ნახევარზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში სერიოზული პრობლემებია, თუმცა ბავშვები ამ შემთხვევაში ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან“,-განაცხადა ტაბიძემ.
მისი შეფასებით, ზოგადი ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა ძალიან მძიმე ნაბიჯებით. რაც შეეხება გარდაცვალების რაოდენობას, დევი ტაბიძის თქმით, ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით უცვლელია.
მან ასევე საწოლების რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ ბინაზე და კოვიდ სასტუმროში მართვამ სიტუაცია შედარებით გააუმჯობესა.
„კლინიკურად ასეთი მდგომარეობაა. თერაპიული საწოლები არის, რეანიმაციაში და ინტენსიურ პალატებში პრობლემები ისევ არის, საწოლების პრობლემა დგას. ძალიან დიდი შეღავათი მისცა „ომიკრონის“ ბინაზე და კოვიდ სასტუმროში მართვამ“,-განაცხადა ტაბიძემ.
ის აღნიშნავს, რომ „ომიკრონი“ კოვიდ ინფექციის დასასრული არ იქნება.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ იქნება კოვიდ ინფექციის დასასრული. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს დაავადება გადავიდეს გარკვეული ენდემიური დაავადების ფორმაში. გავიხსენოთ ადრე ნათქვამი ჩვენივე მოსაზრება, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ერთად უნდა ვიცხოვროთ“, – განაცხადა ტაბიძემ.