დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს, თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო პირების ტესტირება შეჩერდეს.
“ამ ეტაპზე უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, ნუ გადავტვირთავთ ლაბორატორიებს. იცით, როგორი რიგებია. აქედან გამომდინარე, თუ უსიმპტომო ადამიანი არის კონტაქტირებული, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდზე დიაგრამის სტილში ძალიან კარგად არის წარმოდგენილი, რა უნდა გააკეთოთ. რვა დღე უნდა იყოთ სახლში.
საკოორდინაციო საბჭოზე დღეს შევედით წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან, დროებით, გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება, გარდა სამედიცინო პერსონალისა, რადგან ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანებზე. სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია გაიტესტონ. დადასტურდეს, რომ არის ინფექცია და შესაბამისად, შემდეგ იმოქმედონ იმ ალგორითმით, რომელიც დღეს დადგენილია“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.