დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას ანტიგენის ტესტების გაკეთებას ურჩევს. აღსანიშნავია, რომ ის უფასოა.
„მივმართავ მოსახლეობას და გთხოვთ: მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ვთხოვეთ და ყველა პოლიკლინიკა, ის დაწესებულება, სადაც ამბულატორიულ პირობებში შესაძლებელი იყო ტესტირების ჩატარება, ნაკადი მაინც შედარებით ნაკლები იყო. ამიტომ, მოსახლეობას ძალიან გთხოვთ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ შეზღუდვების პირობებში მაქსიმალურად გავაფართოვოთ გამოვლენის მაჩვენებელი, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს და ოდნავ მეტი გვქონდეს ინფიცირებულთა რაოდენობა.
თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დღეს დადგენილია და განსაკუთრებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ცოტა ზევით აგვეწია 55-დან 60%-ზე და თუ ავიყვანთ მაქსიმუმზე – 95%-ზე, თვის ბოლოს ჩვენ ახალ შემთხვევათა რიცხვი შეიძლება მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და ქვეყანაში ქვესვლის სერიოზული ტენდენცია შეიქმნას. ხოლო აპრილისთვის, ეს მაჩვენებელი ჩამოვიდეს დღიური, სადღაც 200 ინფიცირებულის ფარგლებში.
მოსახლეობამ ისარგებლოს ამ შემოთავაზებით, ქვეყნის დაახლოებით, 200-ზე მეტ ადგილზე ანტიგენის ტესტირება ხელმისაწვდომია. ეს გახლავთ უფასო. სიმპტომებიან ადამიანს შეუძლია მიმართოს როგორც ექიმის დანიშნულების, ასევე ამის გარეშე. ანტიგენის ტესტზე პასუხი 15-20 წუთში არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.