კონსტანტინე პეტრეს ძე იმნაძე, იგივე კოსანდილე, როგორც მას სოფელში ეძახდნენ, დაიბადა 1870 წ. გვიმბალაურში.
კომერციული განათლება თბილისში ჰქონდა მიღებული, შემდეგ კი კომერციული კურსები გაიარა პეტერბურგში. კონსტანტინე იყო პირველი გილდიის ვაჭარი.
მას გახსნილი ჰქონდა მაღაზიები ლანჩხუთში, თბილისში, კრაკოვში და მარსელში. თბილისში, ბათუმის ქუჩაზე ჰქონდა დიდი სახლი სავაჭრო დუქნებით. მისი მეუღლე გახლდათ ჩოხატაურელი აზნაურის ქალიშვილი ტერეზა გოგიბერიძე, რომლისგანაც ჰყავდა ხუთი შვილი: ალექსანდრე(გარდაიცვალა ბავშვობაში), ვლასა, მიხეილი(ჭიჭიკო), რომანი და მარო.
კოსანდილე ვაჭრობასთან ერთად ქველმოქმედებასაც ეწეოდა. ყურადღებას აქცევდა ნიჭიერ ახალგაზრდებს. მისი დახმარებით მიიღო ბევრმა გვიმბალაურელმა უმაღლესი განათლება.
გვიმბალაურში, კოსანდილეს ოჯახში თავს იყრიდნენ არამარტო ლანჩხუთის ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, არამედ ლანჩხუთში ჩამობრძანებული სტუმრების უმრავლესობა. მის სახლში ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები, ალეგროები.
კონსტანტინე იმნაძეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მენშევიკური პარტიის წევრებთან, მის ლიდერთან ნოე ჟორდანიასთან. მისი შვილები ვლასა და ჭიჭიკო მენშევიკური პარტიის წევრები იყვნენ.
1929 წელს კოსანდილე იმნაძე კულაკად გამოაცხადეს, ჩამოართვეს ბინა თბილისში, ასევე კუთვნილი სახლი და ნაკვეთი გვიმბალაურში. მისი ლამაზი ოდის წინა ორი ოთახი ,,წითელი კოლექტივის” თავმჯდომარეს დაუთმეს, შუა ოთახი საბჭოს თავმჯდომარეს, ზალა მიაკუთვნეს ,,საერთო კრებას”, უკანა სასადილო ოთახში კი დაწყებითი სკოლა გახსნეს. კოსანდილე და მისი მეუღლე ციმბირში გადასახლებამდე ერთ ოთახში იყვნენ შეხიზნულნი. ისინი მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ ფილიპე მახარაძემ გადასახლებიდან დაიხსნა. შვილიშვილის ჯემიკო იმნაძის თქმით, კოსანდილე თურმე დიდ პატივს სცემდა ეგნატე ნინოშვილს, მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონია და ეხმარებოდა, როგორც მატერიალურად, ასევე მორალურადაც. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ფილიპეს კარგი განწყობა კოსანდილესადმი და შეწყალებაც.
გადასახლებიდან დაბრუნებულნი არ შეუშვეს საკუთარ სახლში, გვიმბალაურში და ცხოვრობდნენ მეზობელ ალიოშა და ფაცია ბზეკალავების ოჯახში.
გაკულაკების დროს სხვა ფასიან ინვენტართან ერთად კონსტანტინე იმნაძის ოჯახიდან გატანილ იქნა სამი ურემი წიგნი, რომელიც მილიციის ეზოში დაწვეს. მხოლოდ რამდენიმე ცალი გადარჩა ,რომელსაც მისი შთამომავლობა ინახავს.
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი