“იმ ღამეს ბებია რომ დავაწვინეთ, ძაღლების ყმუილს და ყეფას გადუტანია ოზურგეთის საავადმყოფოს ეზო”

“ადრე დილას ბებიამ სიმინდი გადარეკა და საფქვავი გაამზადა. ბაბუამ ტომარა გოდორში ჩადო და ბიქტორა ჩავლეშვილისას წაიღო წიქვილზე, მეც ავედევნე.. ბებიამ მოგვაძახა “არ დამიპიპკოს იცოდე, ხოროში მირჩონია საჭადედ ხოროში.. ერთი სამი კილო გული გამეიღოს საფელამუშედ გასამერდინებლად, გეყურებაა?..”

მეწისქვილე სარეკელს ფხეკდა წისქვილის წინ თხემლის ძირში. ბიქტორამ ჩვენს ტომარას ნახშირით დააწერა “მერიკო, ხოროში” და სკამლოგინაზე ჩამოდო, ნაშუადღევს დაგვიბარა.
წისქკვილის წინ მოზრდილ ყუთში ბიქტორას სამფეხა ძაღლს რომელსაც ფეხების რაოდენობის გამო როიალას ეძახდენ ემშობიარა და შვიდი ერთიმეორეზე ჭრელი ლეკვი მზის გულზე გამოეფინა. გადავირიე და შავ თეთრთათებიან ლეკვს ვეცი, ბიქტორას ცოლმა ნინამ მითხრა ” თვალი გუშინ გამოანჭყირეს ნენა, ჯერე ცოდუაა, ჭამოს ერხანს ძუძუ და არიკაცს არ გავაკარებ, შენ გაგატანო” მას მერე ყოველ დღე დავდიოდი წისკვილზე.
შინ ორი ძაღლი გვყავდა ამიტომ ლეკვი დედულეთში, ბახვში წავიყვანე ბებიასთან. ბებიამ საძროხის წინ მიუჩინა ყუთი, დილას და საღამოს მოწველილ რძეს უხვად ჩაუთქრიალებდა ალუმინის საღანში, ისიც დაეწაფებოდა. ცხვირს რომ ამოყოფდა ჭურჭლიდან შავი სახე რძით ქონდა მოსვრილი, მოდღურული, ამიტომ სიყვარულით მოდღუ დავარქვი.
საშუალოზე პატარა ტანის, ეზოს ძაღლად მალე გადაიქცა მოდღუ, მხიარული და ძალინ ერთგული გამოდგა, მარა ეშამკი რომ შეუჩნდება რამეს..
გაწუწკდა მოდღუ და ბუდეებს შეჩვია, ქათამი აკაკანებული არ იყო მიადგებოდა და ამოსვლეპდა კვერცხებს საბუდარიდან. მძევალსაც არ ტოვებდა.. ჩვენს ბუდებს რომ ჩამოუვლიდა მერე მეზობლების საქათმეებს სტუმრობდა.
ჯერ მორიდებით და ბოლოს იმატა მეზობლების ავმა საჩივრებმა. “კვერცხი არ შეგვარჩინა შურა დია”, ” ქათმები დამიფთხო და ბუდეს აღარ ეკარება არცერთი”, “მოჭვა წამოაგდო გუშხამ ბუდიდან მაგ მოსასპობელმა” კი მერიდება მარა, აღარაა საშველი შურა დია..”
“წუწკი ძაღლის გულობიზა ამდენ ნაფერებ მეზობელს ვერ მევინდურებო” თქვა ბებიამ და მივხვდი ცუდად დამთავრდებოდა მოდღუს ამბავი.
ადრე დილას ლოტარა ბრიგადირს გაურიგდა, ქალებს რომ წეიყვან ჩაში, წყალწითელაში გაგატან და გუუშვიო.
სკოლიდან, რომ დავბრუნდი მოდღუ აღარ დამხვდა, ლოტარა ბრიგადირმა “ბეგლარიძის წისქვილთან დავტიე დვაბზუში, მაღაზიებია, სასდილოებია, ბევრი ხალხი ტრიალობს და არ დეიმშევაო.” იმ ღამეს არ მძინებია და მას მერე ბევრი ღამე მოდღუზე დარდში გავათენე. ყველა ვინც კვერცხის გამო მოდღუს უჩიოდა ბოროტად შევრაცხე.
იმ ზამთარს ბებიას დიდი სანერვიულო შეხვდა და არ იყო კარგად. ოზურგეთელმა გულის ექიმმა მაჟავიამ საავადმყოფოში უნდა დაწვეთო. ექიმის სიტყვა კანონი იყო და მივგვარეთ ბებია მჟავიას.
დანარჩენი მონაყოლი ვიცი, იმ ღამეს ბებია რომ დავაწვინეთ, ძაღლების ყმუილს და ყეფას გადუტანია ოზურგეთის საავადმყოფოს ეზო. ბებიას მოდღუს ხმა უცვნია, ფანჯრიდან გადაუხდავს და რა დაუნახავს? მოდღუ შვიდი, თავისნაირი ლეკვით.. ბებიას გული აჩუყებია, ეზოში ჩამოსულა და კარისკაცმა გვიამბო ” მოვხუცდი კაცი და აქამდე ამფერი აფერი არ მინახავსო..” თავიდან ფეხებამდე ლოკავდა თურმე ბებიას ძაღლი.
იმ დღიდან ბებიას გამოჯანმრთელებამდე მნახველების მიტანილი ფუნთუშებით და მაწონით იკვებებოდა მოდღუ და მისი წვრილშვილი. ამ ამბავზე ლაპარაკობდა ექიმი მჟავიათ დაწყებული კარისკაცით დამთავრებული, ყველა.
მოდღუ და თავისი ლეკვები ბებიას ფანჯრის ქვეშ დაბანაკდენ და არ სცილდებოდენ იქაურობას. მოკეთებული ბებიას მოსაკითხად მამა და მე მივედით, ბებია წინ ჩავსვით, მოდღუ მე და მისი შვიდი ლეკვი უკანა სავრძელზე მოვთავსდით. გვაცილებდა ყველა, ექიმი ექთანი, სანიტარი, პაციენტები.. მას მერე ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი არ ვიცი. იმ ღამესაც არ მიძინია..
ბებიამ მე მოდღუს და მის შვილებს დუსტი მოგვაყარა უხვად, მერე დიდ ჩახანაში წყალი გაათბო და ძაღლი და ლეკვები სარეცხი საპნით დავბანეთ. სამონელით მოვაცილეთ ძველი ბეწვი.
ბებიას სანახავდ მოსულმა მეზობლებმა თითო ლეკვი უსიტყვოდ წაიყვანეს, ერთი ნაჭყებიებმა, ერთი ცეცხლაძნებმა და ანდღულაძნებმა. კლარა ბიცოლამ ორი წაიყვანა და ერთი ერკეთში გაუგზავნა ქალიშვილს. ლოტარა ბრიგადირმაც წაიყვანა ერთი. მოდღუს სულ გვრცხვენოდა რომ ასე მოვექეცით და გვიკვირდა არაფერი რომ არ ეწყინა და მაინც ერთგული დარჩა ჩვენი.
მოდღუმ ბედნიერად, ლაღად იცხოვრა ბებიასთან აგერ ჩემს სტუდენტობამდე, კვერცხისკენ და ბუდისკენ არასდროს აღარ გაუხედავს.
Gardenia shevardnadze
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 100
    "2 თებერვლის ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში"ფოტო: #ზაქარიაჭელიძე "2 თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძლიან ველოდებოდით.
ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ლამპრობას ვეძახით.
ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ღჯას კანს გააცლიდა და ნავთით გაჟღენთილ ნაგულებს თავბოლოშექცევით , მჭიდროდ, რამდენიმე წყებად მიამაგრებდა სარზე.
ძალიან ველოდით დაბნელებას, და თუ…
    Tags: და, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი
  • 100
    "ამ ამბავს ბევრი ყვება დღესაც გურიაში"ლელობურთის სათამაშოდ ჩიბათში ჩასულმა, სუფსისწყლის ჭალაში, დიდი კოპიტის ქვეშ, ჭანჭათელ ნათესავ ქალებთან ერთად დევინახე პირველად ბეიაშენიო ხშირად ყვებოდა ლადიმე ბაბუა. ლურჯი ჩითის, ქამრიანი კაბა ეცვა, ალისფერი ცახოცი ეფარა და თეთრი გულისპირი ამშვნებდაო. ას ქალში რომ გამოარჩევდა კაცი იმფერი სანახავი იყო და კიდოვაც გამუარჩიეო. სხვა ქალებივით არ ტკარცალობდა, იშვიათად გეიღიმებდა მარა…
    Tags: და, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი
  • 100
    "დაეტიე შენ სოფელში, არ დაგინახოთ ვაკიჯვარში ამოსული, თორემ"... რატომ ემუქრებიან "ეკოს" წევრებსარასამთავრობო ორგანიზაცია "ეკო"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბუნებისდამცველი ირმა გორდელაძე, ვაკიჯვრის ჰესის მშენებლობის მომხრეების მცირე ჯგუფისგან, რომლებიც როგორც თავად აცხადებს, ჰესის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიასთან თანამშრომლობენ, პირადად მას და მის თანამოაზრეებს ემუქრებიან. ამის შესახებ გორდელაძემ დღეს, სოციალურ ქსელში დაწერა: "ღიად ვაცხადებ. ყველა მუქარა და შეურაცყოფა რომელიც ჩემი მისამართით მოდის... გურიაში ჰესების შენების მსურველი…
    Tags: და, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი
  • 99
    "რახანია გურიაში სახლი აღარ დათოვლილა"#გარდენიასისტორიები ფოტო: გიორგი მახარაძის გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავს, მთისპირის, ვანიქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, "გათბა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი