პასუხის პასუხი სალომე ზურაბიშვილს – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებზე, გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი წერილით ეხმაურება, რომელშიც ვკითხულობთ:
“მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის – რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.
ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი.
ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის.
გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!” წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მოქმედს, ღია წერილით 18 თებერვალს მიმართა და მოუწოდა, მოხსნას გრიფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც.
მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ 21 თებერვალს ბრიფინგზე უპასუხა, სადაც განმარტეს, რომ უშიშროების საბჭოს გაუქმების შემდეგ, დოკუმენტაცია საქართველოს მთავრობას გადაეცა, შესაბამისად, მესამე პრეზიდენტმა მათ უნდა მიმართოს.