მორიგი რეკორდი – იანვარში საქართველოდან სათესლე კარტოფილის ექსპორტი თითქმის 10-ჯერ გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან 670 ტონა სათესლე კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა, რაც მეტად უჩვეულო მაჩვენებელია, რადგან გასული წლის იანვრის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 70 ტონას შეადგენდა. 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის იანვრამდე საქართველომ ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის, 2900 ტონა სათესლე კარტოფილი გაიტანა, მაშინ, როცა ბოლო 7 წლის განმავლობაში ექსპორტის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 420 ტონას შეადგენდა.

ექსპორტირებული სათესლე კარტოფილი თითქმის მთლიანად აზერბაიჯანულ ბაზარზე შევიდა, რაც, EastFruit-ის შეფასებით, ქართული სათესლე კარტოფილის მუდმივი დანიშნულების ადგილია.

პორტალის ცნობით, საქართველოდან სათესლე კარტოფილის ექსპორტის უეცარი ზრდა რუსეთში კარტოფილის ცუდმა მოსავალმა განაპირობა, რომელიც აზერბაიჯანისთვის პროდუქტის მთავარი მიმწოდებელია.

EastFruit-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სუფრის კარტოფილის მსგავსად, სათესლე კარტოფილის წარმატებაც ვაჭრობის სისტემური განვითარება კი არა, დროებითი, ერთჯერადი შესაძლებლობაა. პორტალის ცნობით, ქართველი ფერმერები რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს მიწოდების ჯაჭვში ვერ ხედავენ და მათ არც ახალი კავშირები აქვთ, რაც დიდი მოცულობის სათესლე კარტოფილის ექსპორტს რეგულარულს გახდიდა.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share