„ეს ის ხალხია, ვინც იცის, როგორ უნდა მოკლას მტერი“, – ამბობენ ამერიკული გამოცემა The Daily Beast-ის კორესპონდენტები, უილ კათკარტი და რობერტ კუპერი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე მათ 14 საათი გაატარეს უკრაინული სპეცრაზმის ელიტური დანაყოფის ყოფილ წევრებთან.
ჟურნალისტები ახლაც საომარი მოქმედებების არეალში არიან.
„სულ ახლახან, მარიუპოლიდან გამოსვლისას ჩავუარეთ საჯავშნო კოლონას – ცხრა APC, IFV და მოტორიზებული საზენიტო სისტემა, საპირისპირო მიმართულებით – მარიუპოლში მიემართებოდა. ცოტა ხანში იქ ჯოჯოხეთური ბრძოლა დაიწყება“, – უთხრეს ჟურნალისტებმა ვაჟა თავბერიძეს, რომელიც მათ პრაღიდან ესაუბრა.
„ბოლო 15 წუთის განმავლობაში 5-მა მობილურმა სარაკეტო სისტემამ ჩაგვიარა, აღმოსავლეთით მიემართებიან. გამოვიარეთ ქალაქი მელიტოპოლი, სადაც შუა ქალაქში ქვიშის ტომრებს და ბარიკადებს აწყობენ, როგორც ჩანს, ორმხრივი ცეცხლისთვის ემზადებიან. რომ არ ვიცოდეთ, რომ რასაც ვხედავთ, რეალობაა, შეიძლება საომარი ფილმის გადაღებებზე გეგონოს თავი“, – ამბობს რობერტ კუპერი.
რადიო თავისუფლება