გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს და საქართველოს პოზიციაზე საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
“ძალიან არ მიყვარს საჯარო პოლიტიკური განცხადებები, ვცდილობ არ ჩავერიო, მაგრამ დღეს გაჩუმება საუკუნეებით უკან დახევას ნიშნავს!!
დღეს წყდება საქართველოს მომავალი, დღეს იწერება ისტორია და არ ვართ ქართველი ხალხი იმის ღირსი ისტორიაში ლაჩრებად შევიდეთ!
დიახ, პატარა სახელმწიფო ვართ და „სამი რაკეტა გვეყოფა“, მაგრამ ასე რომ გვეფიქრა წარსულში აქამდე აღგვილი ვიქნებოდით მიწისაგან პირისა! ვერც სარწმუნოებას შევინარჩუნებდით, ვერც ენას და ვერც ეროვნებას! საუკუნეების მანძილზე საქართველოს რომ დამპყრობლური ომები გამოუვლია, გაუძლია, გადარჩენილა და მოუგია ევროპულ სახელმწიფოებს არც კი დაესიზმრებათ! ევროპელები თუ ერთმანეთს იპყრობდნენ ამით არც კულტურულ საშიშროებას უქადნენ ერთმანეთს, არც რელიგიურს და არც მათში აღრევით გადაშენების ზღვარზე იდგნენ განსხვავებით პატარა საქართველოსგან!!
გეთანხმებით, დღეს ომი არავის უნდა! საშინელ ფასს იხდის უკრაინა ევროპის მიერ მისი ღირებულებების აღიარებისთვის. დიდი უსამართლობაა ევროპის და ნატო-ს მხრიდან. ამას დღეს თავადაც აღიარებენ, მაგრამ მეორეს მხრივ, გავიაზროთ, რამდენს კარგავს დასავლეთი ბოლო დღეებში გადადგმული ნაბიჯებით და ბოლოს და ბოლოს რისკავს ომის დაწყებას საკუთარ ქვეყნებში. ეს არც ისე მარტივია და მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის სიმამაცის, თავისუფლების წყურვილისა და მკვეთრი პოზიციის შედეგია! უკრაინა და მისი მამაცი (!!) პრეზიდენტი მეორე დღეს რომ დანებებოდა რუსეთს არც ერთი ქვეყანა საკუთარ უსაფრთხოებას და ეკონომიკას მათ გამო სასწორზე არ დადებდა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უკრაინამ სისხლით დაიმსახურა, არც მეტი არც ნაკლები, მსოფლიოს თანადგომა!!!
ჩვენ რისი იმედი გვაქვს? ვინმე ხელებს დაგვიკოცნის და შეგვეხვეწება, მოდი შენი ჭირიმე გადაგარჩინოო??
მაშინ, როცა მუდმივად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა იყოს საუბარი, როცა საბოლოოდ დაერქვა ოკუპანტს ოკუპანტი და ჩვენ საშუალება გვაქვს მსოფლიოს კიდევ ერთხელ ნათლად დავანახოთ ჩვენი მდგომარეობა, მკაცრად დავიცვათ ჩვენი პოზიცია, მიზანი და სურვილი, საბოლოოდ გავთავისუფლდეთ რუსეთისგან, ამ დროს „დიპლომატიურად“ ხელს ვკრავთ განვითარებულ სამყაროს უკრაინასთან ერთად და რუსეთს ვუღებთ კარს?
საქართველო მარტო რუსეთის წინაშე ვერასოდეს ვერას გამხდარა და ვერც ვერასოდეს გახდება! ძალა ერთობაშია!! მაშინ, როცა ბედი (პირდაპირი გაგებით) გთავაზობს შეურთდე მსოფლიოს, უძლიერესი ქვეყნების გავლენით გადარჩე და საბოლოოდ დაუძვრე მტრის კლანჭებს, როცა პუტინის ერა დამხობის ზღვარზეა (ეს გარდაუვალია), როცა თავად რუსები უჯანყდებიან, როცა მსოფლიომ ზურგი აქცია და შენ, საქარველოს მთავრობა, ქართველი ხალხის ოცნებას ვაშლის გაყიდვამდე დააკნინებ და შენივე, საუკუნოვანი მტრის მიერ შენსავით დაჩაგრულ ქვეყანას ზურგს აქცევ ან თავად მტერი ხარ ან ბეცი!
დიპლომატიასთან ამ საქციელს არანაირი კავშირი აქვს!!! დაახლოებით, იმ რუბრიკაში განიხილება, ვაქცინა პანდემიის დროს თურმე ვირუსისგან რომ არ იცავს…
უკრაინელებით აღფრთოვანებულმა, ბევრმა ამ დღეებში დამწუხრებულმა დაიჩივლა, სად დავკარგეთ ქართველებმა სიმამაცეო… არა მგონია დაგვეკარგოს, ამას თუნდაც დღევანდელი რეალობა მოწმობს. სადაც მეზობელი ქვეყნის თანადგომისთვის მომენტალურად ამდენი ადამიანი შეგროვდა, საქართველოსთვის, წარმოგიდგენიათ რამდენი გამოვა?! ხალხს იმედი, მაგალითი და მიზანი სჭირდება; ხალხს ღირსეული წინამძღოლი სჭირდება, ვინც პირველივე ტანკის დანახვაზე არ გაიქცევა და რუსულ ჩექმას ეამბორება; ვინც ჩვენს ღირებულებებს დაიცავს!
ასეთი წინამძღოლის შემთხვევაში, მზად ვარ, ბერლინის ნაცვლად წინა ხაზზე ვიდგე და ვინც მიცნობს, იცის, ეს ცარიელი ფრაზები არ არის! დარწმუნებული ვარ, უამრავი ქართველი გვყავს ასეთი!!!
ოდითაგანვე და ყველა ერში არსებობენ ადამიანები სხვადასხვა მიზნებითა და პრიორიტეტებით, ზოგს დღევანდელი ლუკმა-პურის დაკარგვის ეშინია, ზოგს ფულით შექმნილი სოციალური მდგომარეობა ადარდებს, ზოგი ვაშლის გაყიდვას დარდობს (სხვათა შორის საერთოდ არაფერი ემუქრება ვაშლის ბაზარს) და ამ დროს არსებობენ ილია და აკაკი, ვინც ჭეშმარიტ გზაზე აყენებს თაობას და გარადმტეხ როლს ასრულებს ისტორიაში…
თითოეული ჩვენგანი სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულით ამძიმებს მიწას, ნუთუ ღირს რომელიმე ჩვენგანის საცოდავი არსებობა ქვეყნის დაღუპვად?
ეს სიტყვები არ ნიშნავს რომ ომი გველის, არამც და არამც!! უკრაინაში და მსოფლიო მასშტაბით რუსეთს იმდენი საქმე აქვს, ძალიან უნდა მოინდომო, რომ საქართველოსთვის მოაცლევინო.
ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი არასწორი გადაწყვეტილება დასავლეთისგან ალბათ ათწლეულებით ჩვენს იზოლაციას გამოიწვევს! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს ილია და აკაკი და არა „მევაშლეები“ გვჭირდება!!
დიდება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს!!!”, – წერს ჟამურაშვილი.