უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსული ავიაიერიშების დროს გარდაცვლილ მშვიდობიან მოსახლეობაზე პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისრა. ამის შესახებ მან მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„უკრაინაში თითოეული ადამიანის სიკვდილში, რომელიც ავიაიერიშის დროს გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, დამნაშავე რუსეთის სახელმწიფოა. რუსი სამხედროები არიან. მათზეა, ვინც გასცემს და ასრულებს დანაშაულებრივ ბრძანებებს, ვინც არღვევს ომის წარმოების წასებს, ვინც გაცნობიერებულად ანადგურებს უკრაინულ ქალაქებს. ამაში ბრალი ოკუპანტს მიუძღვის, მაგრამ პასუხისმგებლობა ამაზე მათ ეკისრება, ვინც უკვე 13 დღეა სადღაც იქ, დასავლეთში, სადღაც თავის ოფისში გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებს… მათზეა, ვინც დღემდე ვერ უზრუნველყო უკრაინული ცის უსაფრთხოება რუსი მკვლელებისგან, ვინც არ დაიცვა ჩვენი ქალაქები ავიადარტყმებისგან. ამ ბომბებისა და რაკეტებისგან, თუმცა შეეძლო. ვინც გვეხმარება ბლოკადის მოხსნაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ასობით ათასი ადამიანი ქალაქებში, საზღვარზე სიკვდილ-სიცოცხლეს შორის არიან. „პირდაპირი გაგებით და არა ისე, როგორც ეს პოლიტიკოსების განცხადებებში ჟღერს, რომლებიც უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო ავიაციის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფის შესახებ საუბრობენ“.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგია იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღეში დაკარგა.
„მე-13 დღეა ვიბრძვით. ოკუპანტებს ყველგან ვანადგურებთ, სადაც შეგვიძლია, მაგრამ არსებობს ცა. ასობით ფრთიანი რაკეტა. ოკუპანტის ასობით საბრძოლო თვითმფრინავი და ასობით ვერტმფრენი. დიახ, ჩვენ მათ ვანადგურებთ. რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღეში უკრაინაში დაკარგა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თუმცა მისი თქმით, რუსეთს მკვლელობისთვის საკმარისი ტექნიკა ჰყავს. „საკმარისი რაკეტა აქვს ტერორისთვის… 500-კილოგრამიანი ბომბები აქვს, რომ ჩერნიგოვსა და კიევში, ოდესასა და ხარკოვში, პოლტავასა და ჟიტომირში, ათობით უკრაინული ქალაქში მილიონობით მშვიდობიან მოსახლეობაში ჩამოაგდოს“, – თქვა ზელენსკიმ.
მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს სუმი – მშვიდობიანი ქალაქი, რომელიცს რუსეთს არ დამუქრებია.
„კეთილი, მშვიდი, სულიერებით სავსე სუმი, რომელსაც ჯოჯოხეთად აქცევენ.
მარიუპოლი – მშვიდობიანი და შრომისმოყვარე ქალაქი. ის ალყაში მოაქციეს. დაბლოკეს და განგებ ფიტავენ, ცდიან. ოკუპანტები განგებ ჭრიან კომუნიკაციებს, გაცნობიერებულად ბლოკავენ საკვებისა და წყლის მიწოდებას, თიშავენ ელექტროენერგიას. მარიუპოლში ნაცისტების შეჭრის შემდეგ პირველად ათეულობით წლის განმავლობაში გაუწყლოებისგან ბავშვი გარდაიცვალა. გაიგეთ ჩემი ხმა დღეს, ძვირფასო პარტნიორებო – 2022 წელს გაუწყლოებისგან ბავშვი მოკვდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.