საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ.
ორგანიზაციის შეფასებით, “ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო
დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობითა და მმართველი პარტიის მიერ სასამართლო ხელისუფლებაზე სრული კონტროლის მქონე მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დადებული არაოფიციალური გარიგებით. ბიძინა ივანიშვილმა, წლების განმავლობაში რაიმე ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და საჯარო ანგარიშვალდებულების გარეშე, წარმატებით მოახერხა საქართველოს უმთავრესი საჯარო ინსტიტუციების, მათ შორის ფორმალურად დამოუკიდებელი ორგანოების, მისი ბიზნეს ინტერესებისა და პირადი უსაფრთხოების სამსახურში ჩაყენება”.
საერთაშორისო გამჭვირვალობის განმარტებით, სახელმწიფოს მიტაცება არის „სიტუაცია, როდესაც ქვეყნის შიგნით ან გარეთ არსებული ძალაუფლების მქონე ინდივიდები ან ჯგუფები კორუფციას იყენებენ იმისათვის, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა, სამართლებრივი გარემო და ეკონომიკა მოარგონ საკუთარი კერძო ინტერესებს“.
ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფოს მიტაცების მთავარი გამოხატულება არის საჯარო დაწესებულებებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების ფუნქციების დამახინჯება, რის შედეგადაც ისინი დგებიან კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების სამსახურში, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის საჭიროებების ხარჯზე. ამრიგად, სახელმწიფო მიტაცება არის კორუფციის უკიდურესად მძიმე და რთულად დასამარცხებელი ფორმა, რომელსაც სერიოზული და გრძელვადიანი ზიანის მოტანა შეუძლია დემოკრატიული განვითარების მიზნის მქონე ქვეყნისთვის.
TI წერს, რომ სახელმწიფოს მიტაცებას მრავალი სიმპტომი ახასიათებს. მან შეიძლება დააზიანოს ხელისუფლების ყველა შტო ან/და ცალკეული ინსტიტუციები, როგორებიცაა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები. საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები ხელისუფლების სამივე შტოში – აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში – შეიმჩნევა.
ანგარიშში განხილულია სფეროები, რომელშიც სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებია გამოვლენილი.
ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“
საქართველოს ამჟამინდელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დააფუძნა და იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. „ქართული ოცნება“ თავდაპირველად რამდენიმე პარტიის კოალიცია იყო, თუმცა იგი თანდათან დაიშალა, ხოლო კოალიციის მთავარმა შემადგენელმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა (რომელსაც ის 2019 წლამდე ინარჩუნებდა). „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც უმრავლესობით არის წარმოდგენილი – 2012 წლიდან დღემდე, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს „ქართული ოცნების“ წევრი მერი მართავს და ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებისგან დაკომპლექტებული უმრავლესობა ჰყავს.
2012-2013 წლებში ხანმოკლე დროით პრემიერ-მინისტრობის გარდა, ივანიშვილს სხვა საჯარო თანამდებობა არ დაუკავებია. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ის კვლავ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდა, თუმცა ძირითადად მაინც საზოგადოების თვალთახედვის მიღმა დარჩა.
საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონებაც 5.5 მილიარდ ა.შ.შ. დოლარად (საქართველოს მ.შ.პ.-ის 31%) არის შეფასებული, საკუთარ აქტივებს ძირითადად ნდობით აღჭურვილი პირებისა და ოფშორული კომპანიების მეშვეობით მალავს. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებზე თვალყურის დევნება თითქმის შეუძლებელია, რადგან მას 2013 წლიდან ქონებრივი დეკლარაციის შევსება არ ევალება, ხოლო საქართველოში ბენეფიციარული საკუთრების რეესტრი არ არსებობს. ივანიშვილი წლებია გამჭვირვალობის ამ არარსებობას იყენებს, რათა ძალაუფლების სხვადასხვა არაფორმალური სტრუქტურის მეშვეობით ქვეყანა ჩრდილიდან მართოს.
აღმასრულებელი ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები
საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მათ შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სამინისტროებისა და სამართალდამცავი უწყებების, საკვანძო პოსტებზე ისეთი პირები ინიშნებიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ერთგულებით გამოირჩევიან ან წარსულში მის კომპანიებში მუშაობდნენ:
- ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს, წარსულში ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, სს „ქართუ ბანკში“ და „ფონდ ქართუში“, წამყვანი პოზიციები ეკავათ. ირაკლი ღარიბაშვილი 2019 წელს მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნდა.
- შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, წარსულში ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსად მუშაობდა. 2015-2019 წლებში გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
- ყოფილი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე, ივანიშვილის პირადი იურისტი იყო. 2012-ში, ივანიშვილის გაპრემიერებისთანავე, იგი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა, 2018-ში იგი მცირე ხნით მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო, ხოლო 2018-2019 წლებში გენერალური პროკურორობის შემდეგ ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, წარსულში წამყვანი თანამდებობები ეკავა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ მთელ რიგ კომპანიებში – სს „ქართუ-ბანკი“, „ქართუ ჯგუფი”, შპს Old City Development, შპს „ბურჯი“, შპს „ქართუ მშენებელი“. 2016-2017 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტის წევრი იყო, ხოლო მანამდე – თბილისის მერის მოადგილე.
- ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ყოფილი მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის მსგავსად, წარსულში ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, სს „ქართუ ბანკში“, შპს „ქართუ მენეჯმენტსა“ და შპს „ბურჯში“, მუშაობდა. 2012 წლიდან ის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
- ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს მსგავსად, საჩხერის (ბიძინა ივანიშვილის მშობლიური მუნიციპალიტეტის) მრავალპროფილური საავადმყოფოს დირექტორი იყო, რომელსაც ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ აფინანსებს.
- ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბიძინა ივანიშვილის კომპანიის სს „ქართუ ბანკის“ დირექტორი იყო.
- სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, წარსულში ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსად მუშაობდა.
ივანიშვილთან დაახლოებული პირების საკვანძო თანამდებობებზე დანიშვნა გამონაკლისს არ წარმოადგენს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2012 წლის შემდეგ მრავალი ასეთი შემთხვევა გამოავლინა
რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბევრი ამ საკვანძო თანამდებობის პირის, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრების, თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება მიანიშნებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პირადად ბიძინა ივანიშვილი იღებდა, რაც, ზოგ შემთხვევაში, სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებების დროს პარლამენტის როლი მინიმალური იყო. ამასთანავე, „ქართული ოცნების“ ახლანდელი თუ ყოფილი წევრები ღიად საუბრობენ სამთავრობო დანიშვნებში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მონაწილეობის შესახებ.
მაგალითად: მოქმედმა თავდაცვის და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბოლო წლებში აღმასრულებელი შტოს ხელმძღვანელების, პრემიერ-მინისტრების ცვლის პროცესი ასე შეაფასა: „რეალურად ძალაუფლება, მანდატი ეკუთვნოდა ბატონ ბიძინას, ეკუთვნის მას. ეს ავიწყდება ყველას. ყველაში ვგულისხმობ ყველას”.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ისე გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის რანგში საკადრო პოლიტიკის კუთხით ბოლომდე თავისუფლები არ ყოფილან, მათ შორის მინისტრთა კაბინეტისა თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული პირების თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში. პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური მისი [ბიძინა ივანიშვილის] განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა, რადგან ამ უწყებებზე კონტროლის დაწესებით მისეული წესრიგის შენარჩუნება იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, ცალკეულ შემთხვევებში მინისტრთა კაბინეტში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური სტატუსით ესწრებოდა ხოლმე. ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კი საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები არ შემდგარა.
სწორედ სამართალდამცავ უწყებებზე არსებული ზეგავლენა აღძრავს ყველაზე მეტ კითხვებსა და შეშფოთებას საჯარო ინსტიტუციების მიტაცებასა და მათ პოლიტიკური და პირადი მიზნებით გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ ეჭვს მრავალი ბოლოდროინდელი გახმაურებული საქმე აძლიერებს (იხ. თავი „რაში გამოიყენება მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუციები“). მინისტრის თანამდებობისგან განსხვავებით, სადაც მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი შეიძლება დაინიშნოს, გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კანონით მიუკერძოებელი პირები უნდა იყვნენ, რაც დღეის მდგომარეობით არ სრულდება.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ევალება კორუფციის შემთხვევების გამოძიება, რასაც ორივე ორგანო არასათანადოდ ასრულებს, როდესაც საქმე კორუფციის ისეთ შემთხვევებს ეხება, სადაც მმართველი პარტიის წევრები ან მასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ. ევროპის პარლამენტის მიერ 2018 წელს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში „სერიოზულ პრობლემად რჩება მაღალი დონის ელიტური კორუფცია. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ 2016-2020 წლებში საქართველოში პრაქტიკულად შეჩერდა ანტიკორუფციული რეფორმები.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია არასათანადო ზეგავლენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, რომელიც, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, არის აბსოლუტურად დახურული და გაუმჭვირვალე ორგანო, რომლის გარე კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ სამსახურში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლება და გარე კონტროლის სუსტი მექანიზმები მას აქცევს ტოტალური კონტროლის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს.
სასამართლო ხელისუფლება
აღმასრულებელი ხელისუფლების მომეტებული ძალაუფლების დაბალანსება სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. ამ ფუნქციის შესრულება მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებას შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ „სამართლიანობის აღდგენა“ იყო, ხელისუფლებამ დროთა განმავლობაში უარი თქვა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის იდეაზე. განხორციელდა რეფორმათა რამდენიმე ტალღა, თუმცა, ამის მიუხედავად, სასამართლოს ადმინისტრირება დღესდღეობით გავლენიან მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის ხელშია, რომელსაც დღეს ე.წ. კლანის სახელით მოიხსენიებენ.
მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მართლმსაჯულების უსამართლო და მორჩილ სისტემასთან ასოცირდებოდა, სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება 2013 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის შედეგად მოიპოვა. „ქართული ოცნება“ თავიდან შეეცადა გადაეხედა წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული პრობლემური სასამართლო საქმეები დარღვევების გამოვლენის მიზნით, თუმცა ამან მოსამართლეების გარკვული ნაწილი დააფრთხო და მათი კლანის გარშემო მობილიზებას შეუწყო ხელი. მალევე მიდგომა შეიცვალა. 2015-2016 წლებში, საპარლამენტო არჩევნებამდე, შედგრა რამდენიმე შეხვედრა ე.წ. „კლანის“ წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის; შეხვედრა შედგა ბიძინა ივანიშვილთანაც, რომელსაც იმ დროს რიგითი მოქალაქის სტატუსი ჰქოდნა. შეხვედრების შედეგად სასამართლოში მოქმედ კლანთან შედგა არაოფიციალური გარიგება, რაც გულისხმობდა ერთმანეთის საქმიანობაში ჩაურევლობასა და ურთიერთდახმარებას.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულმა გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფმა, პარლამენტში „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის დახმარებით, მოიპოვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობები საერთო სასამართლოების სისტემაში და თანამდებობათა უმრავლესობა უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებში, რის შედეგადაც გააფართოვა საკუთარი ზეგავლენა და კონტროლი დანარჩენ სასამართლო სისტემაზე. აღნიშნულ პოზიციებზე სადაო და არაგამჭვირვალე პროცესების შედეგად დაინიშნენ ლოიალურად განწყობილი მოსამართლეები, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სერიოზული კრიტიკის საგანი გახდა.
„ქართული ოცნებისა“ და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გარიგებამ უზრუნველყო მმართველი პარტიის ზეგავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე, რომელიც ამჟამად ვერ ასრულებს სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ფუნქციას. სასამართლო მმართველ პარტიას პოლიტიკური ამოცანების მიღწევაში ეხმარება მთელ რიგ საქმეებზე მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებების გამოტანით. ბოლო წლებში სასამართლოს მიერ განხილული მრავალი გახმაურებული საქმე ცხადყოფს, თუ როგორ მუშაობს ეს გარიგება პრაქტიკაში (იხ. თავი „რაში გამოიყენება მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუციები“).
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში მართლმსაჯულების ხარისხის გარკვეული მაჩვენებლები ჩვეულებრივ, არაპოლიტიკურად დატვირთულ საქმეებში გაუმჯობესდა და საქმეთა განხილვა მეტ ნაკლებად მისაღები პროცესით მიმდიანრეობს. ასეთ საქმეებში მთავარი გამოწვევა მართლმსაჯულების ხარისხი და საქმის განხილვის ვადების გაჭიანურებაა.
პარლამენტი
საქართველო 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სრულად გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარი მაკონტროლებელი სწორედ პარლამენტი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში პარლამენტი ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ და ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუციად, რომელიც შეძლებდა არაფორმალური გავლენის თავიდან აცილებას. 2016-2019 წლებში „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა. ამ დროის განმავლობაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რიგი რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილებები პარლამენტს გარეთ მიიღებოდა, რამაც დაასუსტა საკანონმდებლო ორგანოს როლი და რიგ შემთხვევებში პარლამენტი აქცია უკვე მიღებული გადაწყვეტილებების დამამტკიცებელ საშუალებად.
მაგალითად, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები საყოველთაო კონსენსუსის გარეშე დაამტკიცა; ის კონსულტაციებს აწარმოებდა საერთაშორისო საზოგადოებასთან, მაგრამ დიდწილად უგულებელყოფდა ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრეზიდენტის მოსაზრებებს.
პარლამენტის დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ არასათანადო გარე ზეგავლენა სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა, როგორც მთლიანად პარლამენტს, ისე მის წევრებს, დამოუკიდებლობის მყარ გარანტიებს ანიჭებს, მათი დამოუკიდებლობა პრაქტიკაში სათანადოდ უზრუნველყოფილი არ არის. პარლამენტზე გარე ზეწოლის მაგალითებია ოპოზიციონერი დეპუტატის სისხლისსამართლებრივი დევნა და პარლამენტის წევრის მიმართ შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალით.
პარლამენტმა, თავის მხრივ, ვერ შეძლო აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო ზედამხედველობა. მიუხედავად შესაბამისი კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და პრაქტიკაში გარკვეული დადებითი ცვლილებებისა, პარლამენტის წევრებმა ვერ გამოავლინეს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას, ხოლო მთავრობის წევრები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას. მაგალითად, 2019 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ფრაქციებმა 32-ჯერ დაიბარეს მთავრობის წარმომადგენლები, მათგან 20 შემთხვევაში თანამდებობის პირი არ დაესწრო კომიტეტის სხდომას.
ბოლო ორი მოწვევის პარლამენტს (2012-2020) თითქმის საერთოდ არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული ზედამხედველობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მექანიზმი – დროებითი საგამოძიებო კომისია. საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები უმეტეს შემთხვევებში ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ, თუმცა, როგორც წესი, მათ ამ მოთხოვნას უმრავლესობა არ ეთანხმებოდა – ბოლო 8 წლის განმავლობაში საგამოძიებო კომისია მხოლოდ ერთხელ შეიქმნა ე.წ. “ხორავას ქუჩის” საქმეზე, რასაც წინ უძღოდა საზოგადოებრივი პროტესტი და მრავალრიცხოვანი აქციები; თუმცა, ამ შემთხვევაშიც კომისიის დასკვნა პარლამენტმა არ გაიზირა და მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო კონტროლი ასევე არ შეხებია კორუფციულ საკითხებს – კორუფციის საკითხზე არ შექმნილა თემატური მოკვლევის ჯგუფი ან საგამოძიებო კომისია.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკაში ეფექტიანად აღსრულება ვერ ხერხდება. აღმასრულებელ ხელისუფლებას ანგარიშვალდებულების განცდა კონსტიტუციის მიღმა არსებული ძალაუფლების (არაფორმალური) ცენტრის მიმართ აქვს.
პრეზიდენტი
საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 2018 წელს აირჩიეს. ის ფორმალურად კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა, რეალურად კი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით სარგებლობდა, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში მისი გამარჯვების უზრუნველსაყოფად ადმინისტრაციული რესურსებისა და ერთგული შემომწირველების მობილიზაცია მოახდინა.
წინა პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო. პრეზიდენტად არჩევიდან მოკლე დროში მას უთანხმოება მოუვიდა პარტიასთან და მის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც იმედგაცრუება გამოთქვა მარგველაშვილის მიერ „პრინციპულად განსხვავებული თვისებებისა და ხასიათის გამოვლენის“ გამო. მომდევნო ოთხი წელი „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იგნორირებისა და მწვავე ოპონირების რეჟიმში გაატარა. თავის მხრივ, პრეზიდენტი მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ სადავო კანონმდებლობას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა – მან 4 წელიწადში 11-ჯერ გამოიყენა ვეტოს უფლებადა პროტესტის ნიშნად საკონსტიტუციო კომისიის წევრობაზეც თქვა უარი.
ახალ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვეტოს უფლება ერთხელაც არ გამოუყენებია და „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული მოსაზრება არ გამოუთქვამს. პრეზიდენტი დროს უმეტესად ქვეყნის შიგნით მოგზაურობაში ატარებს და შიდა პოლიტიკაში თითქმის არ ერევა.
მედია
მიუხედავად იმისა, რომ მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოს მთლიანობაში კარგი კანონმდებლობა აქვს, პრაქტიკაში მედიის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არ არის. ბოლო წლებში დაგროვილი გახმაურებული საქმეები მიანიშნებს, რომ დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე ზეწოლისთვის ხელისუფლება იყენებს ფინანსურ ინსტრუმენტებს, მარეგულირებელ მექანიზმს, სასამართლოსა და სამართალდამცავ უწყებებს (იხ. მომდევნო თავი).
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიუკერძოებლობა – არსებობს ლეგიტიმური კითხვები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობასა და მასზე ხელისუფლების ზეგავლენასთან დაკავშირებით. კომისიას ხელმძღვანელობს კახა ბექაური, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „მეცხრე არხის“ დირექტორი იყო, ხოლო მისი მეუღლე ეკა ბერიძე – წამყვანი. მარეგულირებლის ცალკეული განცხადებები, პროექტები თუ საკანონმდებლო წინადადებები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრედიტაციისაკენ არის ძირითადად მიმართული.
პროსახელისუფლებო მედია ჰოლდინგის ჩამოყალიბება – ბოლო წლებში ადგილი ჰქონდა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მაუწყებლების კონსოლიდაციას. 2017 წელს „იმედი მედია ჰოლდინგმა“ ტელეკომპანია GDS-ი შეისყიდა, რომელიც მანამდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრება იყო. „იმედი მედია ჰოლდინგმა“ ტელეკომპანია „მაესტროც“ შეიძინა. ეს უკანასკნელი წინა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით იყო ცნობილი.2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელთა ოჯახმა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ პოლიტიკური შემოწირულობები გაიღო, რომელთა ოდენობამაც 180,000 ლარი შეადგინა.ამავე არჩევნების მეორე ტურის წინ „იმედის“ ხელმძღვანელობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და საგანგებო რეჟიმზე გადავიდა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნებულიყო.2020 წლის დასაწყისში, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ დაადგინა, რომ „იმედის“ ამჟამინდელი დირექტორი, ნიკა ლალიაშვილი, ჰოლდინგში შემავალი „მაესტროს“, სარედაქციო პოლიტიკაში უხეშად ერეოდა და ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობისას საკუთრი სინდისის წინააღმდეგ მოქცევას აიძულებდა. დღეს ტელეკომპანია „იმედი” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაუწყებელია და “ქართულ ოცნებას” ღიად უჭერს მხარს.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლი – საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც, თითქმის ყოველთვის მოქმედი ხელისუფლებისადმი მიმხრობის ტენდენციით გამოირჩეოდა, 2017 წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენების შედეგად, უფრო აშკარად ჩამოყალიბდა პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა. 2017 წელს სამეურვეო საბჭოს მიერ მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის არჩევამ ეჭვები გააჩინა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან. მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, წარსულში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტელეკომპანიებში, GDS-სა და „მეცხრე არხში“ მუშაობდა. მაღლაფერიძის დანიშვნის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა GDS-ის ათობით ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი უკონკურსოდ დაასაქმა, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე. მაღლაფერიძემ თანამდებობა 2020 წელს დატოვა, რათა, თავისივე თქმით, გაექარწყლებინა ეჭვი მაუწყებლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, თუმცა დირექტორის ადგილი მისმა პირველმა მოადგილე თინათინ ბერძენიშვილმა დაიკავა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი წინამორბედის პოლიტიკას გააგრძელებდა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელი პროცესი განვითარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაშიც, რომელიც მრავალი შიდა და გარე აქტორის შეფასებით 2016 წლიდან ნეიტრალური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა. 2019 წელს მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე დირექტორის თანამდებობიდან დაუსაბუთებელი იმპიჩმენტის გზით გადააყენა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობით დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ ახალ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომელმაც არჩევის პირველივე დღიდან დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა, შევიწროება, უკანონო გათავისუფლება და შანტაჟი დაიწყო. შედეგად, აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა ნაკლებად კრიტიკული გახდა.
რაში გამოიყენება მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუციები
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი მრავალი გახმაურებული საქმიდან თვალნათლივ ჩანს ყველა ის პოლიტიკური თუ პირადი მიზანი, რისთვისაც „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი იყენებენ არაფორმალური ზეგავლენის ქვეშ არსებულ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომლებიც წესით ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ. გთავაზობთ ამ მიზნების საილუსტრაციო გახმაურებული საქმეების არასრულ ჩამონათვალს. ჩამოთვლილი საქმეების ნაწილზე გამოძიება საერთოდ არ არის დაწყებული, ხოლო იქ, სადაც გამოძიება დაიწყო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ხშირია მტკიცებულებათა ნაკლებობა, მიკერძოებული ანდა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღება, პროცედურული დარღვევები და პირდაპირი გაყალბებაც კი:
- სისხლის სამართლის საქმეების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის
„კარტოგრაფების“ საქმე – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გენერალურმა პროკურატურამ დააკავა საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის კომისიის 2 ყოფილი წევრი. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება. სამართლებრივი ანალიზის შედეგად წარდგენილი ბრალი შეფასდა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. საქმის შინაარსმა, გამოძიების დაწყების დრომ (წინასაარჩევნო კონტექსტი), გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნებმა და მმართველი პარტიის ლიდერების დაუსაბუთებელმა და პოპულისტურმა საჯარო ბრალდებებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოძიების დაწყება საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა და მიმართული იყო პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისკენ.
- ამომრჩევლის მასშტაბური მოსყიდვა
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ფონდი ქართუ“ 600,000 მოქალაქეს ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. ეს ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების აშკარა შემთხვევა იყო, რადგან საქართველოს მთავრობა დაპირების აღსრულების პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ეს შემთხვევა დღემდე გამოძიებული არ არის.
- საარჩევნო მანიპულაციებთან დაკავშირებული ლეგიტიმური სარჩელების იგნორირება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა პრობლემური საარჩევნო უბნების გადათვლის მოთხოვნით სასამართლოებს მიმართეს. მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სასამართლოებში 11 ოლქის 42 უბნის ოქმების ბათილობა და ხმების გადათვლა მოითხოვა. რაიონულმა სასამართლოებმა სარჩელების 92.8%, ხოლო სააპელაციო სასამართლოებმა – 100% არ დაგვიკმაყოფილეს. სასამართლომ მსგავსი მიდგომა გამოიყენა სხვა ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ შეტანილ ასობით სარჩელზე, რამაც არჩევნების შემდგომი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
- პოლიტიკური ოპონენტების დევნა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თავი მოუყარა ბოლო პერიოდის რვა გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომლებიც მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარეობს. თითოეულ ამ საქმეს შემდეგი საეჭვო გარემოებების სხვადასხვა კომბინაცია ახასიათებს: 1. საქმის აღძვრა ანდა გამოძიების დაწყება ემთხვევა ბრალდებულის მიერ ხელისუფლების მიმართ ოპონირების გააქტიურებას; 2. საქმეს სასამართლოში არსებულ ე.წ. კლანთან დაახლოებული მოსამართლე განიხილავს; 3. გამოყენებულია არასაკმარისი მტკიცებულებები ანდა უგულებელყოფილია სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი გარანტიები. ანალიზის შედეგად დგინდება, რომ: „პროკურატურა და სასამართლო მმართველ პარტიასთან შეთანხმებულად მოქმედებს და მათ მიზანს არა მართლმსაჯულების განხორციელება, არამედ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორება წარმოადგენს“.
- ძალაუფლების არაფორმალური ვერტიკალის წევრთა დაცვა
ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული საქმეები – ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია და მისი არაფორმალური მმართველობის ქსელის ერთ-ერთ მთავარ წევრად მოიაზრება. 2013 წელს იგი თვენახევრის განმავლობაში იკავებდა მთავარი პროკურორის პოზიციას. როდესაც გაირკვა, რომ იგი გერმანიაში ნასამართლევი იყო, მას თანამდებობის დატოვება მოუწია. მას მერე, ოთარ ფარცხალაძე არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს (მაგ: ე.წ. „ომეგა ჯგუფის“ საქმე), საიდანაც იკვეთება მისი როლი არაფორმალური გარიგებების გაფორმების პროცესში. მთავარი პროკურორის თანამდებობის დატოვების შემდეგ ოთარ ფარცხალაძემ საეჭვოდ მოკლე დროში მოახერხა დიდძალი ქონების დაგროვება. გამოძიება არაა დაწყებული მის მონაწილეობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულში; გამოძიება დაიწყო, თუმცა არ დასრულებულა ოთარ ფარცხალაძის მიერ ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემაზე.
- სარფიან ბიზნესსექტორებზე კონტროლის დამყარება
„ომეგა ჯგუფის“ საქმე – 2018 წელს გასაჯაროვდა ფარული აუდიოჩანაწერები, რომელთა თანახმადაც, ადგილი ჰქონდა გარიგებას კერძო კომპანიებს, ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს შორის, რომელიც გულისხმობდა თანამდებობის პირთა ძალაუფლების გამოყენებას თამბაქოს ბაზარზე ამ კომპანიებისთვის დომინანტი პოზიციის უზრუნველყოფის მიზნით. ამის შედეგად გენერირებული შემოსავლები კი განაწილდებოდა კომპანიებსა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ჯგუფს შორის. მასალებში ნახსენები იყო ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელ ნოდარ ხადურის, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის და მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის სახელები. ეს საქმე დღემდე არაა გამოძიებული.
- იმ ბიზნესმენების დევნა, რომლებიც თამაშის წესებს არ თანხმდებიან
„თიბისის ბანკის“ საქმე – 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით 10 წლის წინანდელ საქმეზე გამოძიება დაიწყო. მრავალი საეჭვო გარემოების გამო გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოძიების რეალურ მიზნებთან დაკავშირებით. 2019 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ღია საერთაშორისო კონკურსის წესით მოწვეულმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე ფულის გათეთრებაზე საუბარი ვერ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.
განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო მამუკა ხაზარაძის განცხადება, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის შემცველი წერილის მიღების შესახებ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან, რომელიც მისგან გარკვეული მოთხოვნების შესრულებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყნის შიგნით და გარეთ რეპუტაციის შელახვით ემუქრებოდა.იმავე განცხადებაში ხაზარაძე საუბრობდა ხელისუფლების შტოების მხრიდან ორკესტრირებულ შეტევაზე.
ის, რომ ბიზნესმენებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრები მიმდინარეობდა თავად ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა 2018 წელს ერთერთ ინტერვიუში, რა დროსაც მან განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძისგან ნორმალური მადლობა არ მიუღია. შეხვედრას, რომელიც ივანიშვილის ბიზნესცენტრში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და იმდროინდელი მთავარი და მოქმედი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. ხაზარძის თქმით, მთავარი პროკურორის შეხვედრაზე დასწრებით, ივანიშვილმა მისი დაშინება სცადა.
- კომპრომატების გამოყენება პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა შანტაჟისთვის
ბოლო წლებში დაფიქსირდა შანტაჟის არაერთი შემთხვევა, როდესაც გავრცელდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დამრღვევი უკანონო ფარული ჩანაწერები. სამიზნე თითქმის ყველა შემთხვევაში იყო პოლიტიკოსი ან აქტიური მოქალაქე, რომელიც ღიად აკრიტიკებდა მთავრობას. მაგალითად, ასეთი შანტაჟის სამიზნე ბოლოს ერთ-ერთი დეპუტატი გახდა, მას შემდეგ, რაც იგი დაუპირისპირდა „ქართულ ოცნებას“ და გადადგა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, რათა შეეჩერებინა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ხარვეზიანი პროცესი.
- სისხლის სამართლის საქმეების გამოყენება ყოფილი მოკავშირეების მოსაშორებლად
„კაბელების“ საქმე – 2015 წელს სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო. საქმეზე ბრალის წარდგენას წინ უძღოდა ღია დაპირისპირება იმდროინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის, რაც საბოლოოდ 2014 წლის 4 ნოემბერს ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენებით დასრულდა. „კაბელების საქმეზე“ განვითარებულმა მოვლენებმა არასრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის პოლიტიზების საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა.
- თვალის დახუჭვა მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ დანაშაულებზე
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მრავალჯერ გავრცელდა ინფორმაცია შესაძლო კორუფციის შემთხვევებზე, რომლებშიც მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ, არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ დამდგარა სათანადო შედეგი. შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საგამოძიებო ორგანოები თვალს ხუჭავენ მაღალი დონის კორუფციულ შემთხვევებზე. გამოძიება არ დაწყებულა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოვლენილი კორუფციის ათობით შესაძლო შემთხვევიდან თითქმის არცერთზე. სხვა ორგანიზაციების, მათ შორის მედიასაშუალებების, მიერ გაჟღერებული გამოუძიებელი შემთხვევებიდან რამდენიმეა: კორუფციის შესაძლო სქემები ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში; თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, პრემიერ-მინისტრის კაბინეტში; მაღალი თანამდებობის პირების (მათ შორის პარლამენტის წევრების, მინისტრების და მოსამართლეების) ძვირადღირებულ ქონება.
- მშვიდობიანი პოლიტიკური / სამოქალაქო წინააღმდეგობის ჩახშობა
2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციების დაშლის შემდეგ, რამაც გამოიწვია მრავალი მომიტინგისა და 30-ზე მეტი ჟურნალისტის დაზიანება, ჩამოყალიბდა მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ გადამეტებული, არაპროპორციული ძალის გამოყენების პრაქტიკა. სულ ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 8 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით იქნა დაშლილი; ჟურნალისტებმა ამჯერადაც მიიღეს დაზიანებები, რაც ჟურნალისტების უფლებების უხეშ დარღვევად და პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მორიგ შემთხვევად შეფასდა.[82] ასევე გავრცელებულ პრაქტიკად იქცა დემონსტრანტების დაპატიმრება და დაჯარიმება, ხოლო მათი სასამართლო პროცესები არარსებული მტკიცებულებებით, პროცედურული დარღვევებითა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებით ხასიათდება.
- კანონის მორგება ბიძინა ივანიშვილის პირად პროექტებზე
ბიძინა ივანიშვილის ორი პირადი პროექტის განხორციელების ისტორია – „პანორამა თბილისი“ და „შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი“ – კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ ხდება საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს სხვადასხვა დონეზე არსებული ნებისმიერი პროცედურის, რეგულაციისა თუ კანონის სრული უგულებელყოფა და მორგება არაფორმალური მმართველობის სათავეში მყოფი ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებსა და სურვილებზე.
- კრიტიკულად განწყობილი მედიის შევიწროება
მმართველი პარტია მის გავლენას სამართალდამცავ და სასამართლო ხელისუფლებაზე აქტიურად იყენებს კრიტიკული მედიის, მათ შორის, მაუწყებელთა მფლობელების, მენეჯერების თუ ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
„რუსთავი 2“ – ქვეყნის მთავარი ოპოზიციური სატელევიზიო არხი „რუსთავი 2“ სასამართლო დავის შედეგად მის ერთ-ერთ ყოფილ მფლობელს გადაეცა. სასამართლო დავა თავის დროზე შეფასდა როგორც ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალების ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოქცევის მცდელობა. მართლაც, მფლობელის შეცვლის შემდეგ, ტელეკომპანიის ახალმა დირექტორმა თანამდებობიდან გაათავისუფლა წამყვანი ჟურნალისტები, ხოლო 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა ტელევიზია, რამაც საბოლოოდ ხელისუფლებისადმი ნაკლებად კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ჩამოყალიბება განაპირობა.
„მთავარი არხი“ – „რუსთავი 2-ის“ მფლობელის ცვლილების შემდეგ ტელეკომპანიის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ახალი ტელეკომპანია „მთავარ არხი“ დააფუძნა, რომელსაც „რუსთავი 2“-დან წასული ჟურნალისტების ნაწილი შეუერთდა. ამის შემდეგ: 1. პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ნიკა გვარამიას, რაც კრიტიკის საგანი გახდა, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე სახალხო დამცველის მხრიდან; 2. ასევე, პროკურატურამ საეჭვო ბრალდებით დააკავა და მოგვიანებით ბრალი დაუმძიმა „მთავარი არხის“ თანამფლობელსა და დამფინანსებელს, გიორგი რურუას, რაც ასევე პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასდა. სასამართლომ კი მას 4 წლით თავისუფლება აღუკვეთა.
„ფორმულა“ – ნიკა გვარამიას საქმის ფარგლებში ხელისუფლებამ გამოკითხვაზე დაიბარა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი კიდევ ერთი ტელეკომპანიის, „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე.
„TV პირველი“ – ჯერ კიდევ 2018 წელს ტელევიზიის წარმომადგენელი საუბრობდა ხელისუფლებიდან მომდინარე „შემაშფოთებელ სიგნალებზე“, რომლებიც მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ეხებოდა. 2019 წლის ზაფხულში კი ტელევიზიის დამფუძნებლის მამას – ავთანდილ წერეთელს ბრალი წარედგინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმესთან დაკავშირებით. სამოქალაქო სექტორის მხრიდან ეს შემთხვევა შეფასდა როგორც კრიტიკული აზრის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობა. 2020 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ მიიღო მუქარა, რომლის მიხედვითაც, თუ TV „პირველი“ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლიდა, მასზე შურს იძიებდნენ.
„იბერია TV“ – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ტელეკომპანია „იბერია“ დაიხურა, რასაც წინ ხელისუფლების მიერ არხის დაფინანსების მთავარი წყაროს – „ომეგა ჯგუფის“ დაყადაღება უძღოდა.
დასკვნა
„ქართული ოცნების“ თითქმის სრული კონტროლი ხელისუფლების ყველა შტოსა და დონეზე, თავისთავად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნის დემოკრატიული მმართველობისა და კორუფციასთან ეფექტური ბრძოლისთვის. თუმცა, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მმართველი პარტია არა მრავალფეროვანი პოლიტიკური და სოციალური ინტერესების ნაზავი, არამედ მისი ლიდერის პირადი მიზნების განხორციელების საშუალებაა.
სულ უფრო მეტი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ქვეყანაში გადაწვეტილებების მიღებაზე არსებობს მონოპოლია და რომ ეს მონოპოლია ერთი ადამიანის ხელშია, რომელსაც ხშირად “ოლიგარქად” მოიხსენიებენ. ასევე, შეიმჩნევა ფარულ გარიგებებზე დაფუძნებული ჯგუფების არსებობა, რომელთა მიზანია მმართველი პარტიის ძალაუფლების განმტკიცება ხელისუფლების ყველა შტოში და ამგვარად მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუციებიდან სხვადასხვა სახის პირადი სარგებლის მიღება.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ როგორც საკანონმდებლო, ისე სასამართლო ხელისუფლებას აღნიშნული ჯგუფები აკონტროლებენ, რის გამოც შეუძლებელი ხდება ძალაუფლების შეკავებისა და გაწონასწორების გამართული, დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება. ასევე ცხადია, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს არ ეძლევათ საშუალება, გამოიძიონ მაღალი დონის კორუფცია და რომ ამის მაგივრად ისინი გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, რის შედეგადაც მმართველ პარტიასთან დაახლოებული მთელი რიგი გავლენიანი პირები ხელშეუხებლობით სარგებლობენ.
არსებობდა მოლოდინი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა ძლიერი ოპოზიციით დაკომპლექტებული პარლამენტის შექმნა, რომელიც შეძლებდა არაფორმალური მმართველობის აღკვეთასა და სახელმწიფოს მიტაცების შეჩერებას. ამის ნაცვლად, 2020 წლის არჩევნები 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო. დამკვირვებელთა შეშფოთება გამოიწვია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებამ, ამომრჩევლის დაშინებამ, ამომრჩევლის მოსყიდვამ, მანიპულაციებმა უბნების შემაჯამებელ ოქმებში, მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის ზღვრის მოშლამ და არჩევნების შედეგების მართვის ისეთმა პროცესმა, რომელმაც სერიოზულად შეარყია მოსახლეობის ნდობა არჩევნებისადმი.
როგორც არ უნდა დასრულდეს 2020 წლის არჩევნების შემდგომი პოლიტიკური კრიზისი, ერთი რამ ცხადია – სანამ ძალაუფლების არაფორმალური სტრუქტურები არ მოიშლება და ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკა არ ამოქმედდება, საქართველო ვერ შეძლებს ეკონომიკური თუ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მისი სრული პოტენციალის რეალიზებას.