“გიას დავურეკე, ეს რა გამიკეთე მეთქი..ცუდად ვარ, წნევა ამივარდა” – ლანჩხუთში კონსერვატიული პარტიის ოფისის ფართის მფლობელი

ლანჩხუთში „ალტ-ინფოს“ თუ კონსერვატიული პარტიის ოფისის გახსნას დიდი ხმაური მოჰყვა. ორშაბათს, ადგილობრივი ახალგაზრდები საპროტესტო აქციას გამართავენ და ამბობენ, რომ პრორუსულ მოძრაობას მუშაობის საშუალებას არ მისცემენ. ამ პარტიის ადგილობრივი ლიდერი, ბიზნესმენი გია გოთუა კი მათ საპასუხოდ აცხადებს, რომ ასეთი ქმედება დასჯადია.
„გურია თუდეიმ“ უკვე გამოაქვეყნა მასთან ინტერვიუ, ამჯერად ფართის მეპატრონეს ნონა გიგინეიშვილს დავუკავშირდით:
_ ნონა, თქვენი ფართი პრორუსულ პარტიას რომ მიაქირავეთ, საქმის კურში ხართ, ალბათ…
_ რას ამბობთ, რა რუსული პარტია, რის პუტინი? ცუდად ვარ, წნევა ამივარდა… მე ვარ პუტინისა და ამ მდგომარეობის პირველი მოწინააღმდეგე. ვინც ჩემს აქტივობას სოციალურ ქსელში გადახედავს, მიხვდება (მართლაც, მას „ფეისბუქზე“ უკრაინის მხარდამჭერი პოსტები აქვს გაზიარებული _ რედ.). მე პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. აქ ჩემი მოტივი იყო მხოლოდ ფინანსები, უმუშევარი ვართ მთელი ოჯახი და 4 თვეა, გაუქირავებელი მქონდა ფართი. როცა შემომთავაზეს, გამიხარდა. გია გოთუას ადრე 2 წელი ჰქონდა ნაქირავები და როგორ არ ვნდობოდი?
_ მან აგიხსნათ, რომ პარტიისთვის უნდოდა ფართი?
_  კი და როცა პარტია მიხსენა, მე ვუთხარი, რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება-მეთქი. რომ მცოდნოდა, რომ ეს რუსული პარტიაა, უარს ვეტყოდი, რადგან  ვიმეორებ, რომ პუტინის წინააღმდეგი ვარ. უფულოდ ვართ დარჩენილი ამ პანდემიის დროს, მაგრამ ვიღაცამ მკვლელი და მკვლელის მხარდამჭერი მეძახოს, ამისთვის ფართს არ გავაქირავებდი! მე კიდეც დავურეკე გია გოთუას, ეს რა გამიკეთე, ხალხმა მკვლელების მხარდამჭერი მეძახოს რად მინდა… თავად უარყოფს, რომ რუსული პარტიაა.
_ რას აპირებთ, ხომ არ გაწყვეტთ ხელშეკრულებას?
_ დამიჯერეთ, მე ჯერაც გაურკვევლობაში ვარ, რა ხდება ჩემს თავს. თუ ხალხი ამიჯანყდა და თან ეს რუსული პარტიაა, რა თქმა უნდა, ხელშეკრულებას გავწყვეტთ. გია გოთუასაც დაველაპარაკები, კი გამიკვირდა, როცა ხელშეკრულება დამაჩქარეს, მაგრამ გუშინ (ანუ შაბათს) მოვაწერე ხელი და ჯერ არც ექნება საჯარო რეესტრში მიტანილი. დილით აუცილებლად ვნახავ გია გოთუას, რაში მჭირდებოდა თავის ტკივილი. დამიჯერეთ, ცუდად ვარ და ძალიან შეწუხებული ვარ!
წყარო : გურია თუდეი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share