აშშ და NATO უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს უგზავნიან

ამერიკის შეერთებული შტატები და NATO-ს მოკავშირეები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს უგზავნიან. ამერიკელი მაღალჩინოსნით თქმით, აღჭურვილობაში შედის საბჭოთა პერიოდის SA-8, SA-10, SA-12 და SA-14 მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემები.

CNN-ის ცნობით, გაგზავნილი სისტემები უფრო დაბალი დონისაა, ვიდრე უკრაინის მიერ მოთხოვნილი S-300 სისტემა. მიუხედავად ამისა, მათ უფრო ფართო მოქმედების რადიუსი აქვთ, ვიდრე უკრაინისთვის აქამდე მიწოდებულ Stinger-ის რაკეტებს.

15 მარტს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი ზრდის უკრაინისთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share