უკრაინულმა გამოცემამ, Украинская правда-მ დაადგინა, რომ რამზან კადიროვი კიევში არ იმყოფებოდა.
13 მარტს, რამზან კადიროვმა ფოტო გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, რომ ის კიევში ჩავიდა. უკრაინელმა ჟურნალისტებმა კადიროვს ტელეგრამში შეტყობინება გაუგზავნეს და მას რუსული სამთავრობო მედია RIA-ს ჟურნალისტებად გაეცნენ.
უკრაინული მედიის წარმომადგენლებმა კადიროვს სტატიის ლინკი ჩაუგდეს და დაარწმუნეს, რომ ისინი ჩეჩნეთის ლიდერის კიევში ყოფნის ისტორიაზე სტატიას წერდნენ, რომლის ვერსიაც გამოქვეყნებამდე კადიროვს უნდა ენახა. მან ლინკი გახსნა, რითიც დადგინდა, რომ ის 13 მარტს სინამდვილეში გროზნოში, ჩეჩნეთში იმყოფებოდა.
ამას გარდა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გაცხადებით, კადიროვი ორი სატელეფონო ქსელის აბონენტია და ბოლო 7 დღის განმავლობაში, მისი ტელეფონი როუმინგზე არ გადასულა.