უკრაინის ხელისუფლებამ შესაძლოა ამიერიდან აღარ მიმართოს დასავლელ პარტნიორებს მოწოდებით – „ჩაკეტეთ ცა რუსული თვითმფრინავებისთვის!“. კიევი დარწმუნებულია, რომ ცის ჩაკეტვას მალე თავად მოახერხებს და ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის არმიას უკრაინის მიწაზეც გაანადგურებს და ცაშიც.
ანტისაჰაერო თავდაცვა უკრაინული არმიის ყველაზე სუსტი მხარეა. ომის 22 დღის მანძილზე რუსული ავიაციის და მძიმე არტილერიის სამიზნე უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედრო ობიექტებიდან მოშორებული საცხოვრებელი დასახლებები მრავალჯერ გახდა. კიევში იმედი აქვთ, რომ მალე შეძლებენ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვან და ამის საშუალებას მათ დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღის ახალი პარტია მისცემთ. პარალელურად, კიევი ლაპარაკობს აშშ-ის გეგმაზე, რომელიც “300-ჯერ უფრო ეფექტიანი” იქნება მანამდე მოთხოვნილ „ცის ჩაკეტვაზე“.
- რა ტიპის შეიარაღებით ივსება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები და რის საშუალება ექნებათ სამხედროებს?
- რა მდგომარეობაა ბრძოლის ველზე – რას ეყრდნობა არა მხოლოდ უკრაინის იმედი, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში დამარცხდება?
„უახლოეს პერიოდში ისე ჩავკეტავთ ცას, რომ ფრენას ვეღარავინ შეძლებს… ისინი იარაღს გვაძლევენ. საკითხი გადაჭრილია“, – თქვა 16 მარტს, „ФейгинLIVE“-ის ეთერში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსი არისტოვიჩმა. მისი შეფასებით, დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული შეარაღებით, უკრაინის არმია გამანადგურებელი იერიშების უდიდეს ნაწილს მოიგერიებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ თუკი უკრაინას ექნება „საკმარისი იარაღი თავის დასაცავად“ და ასევე „სანქციებით რუსეთის ზეწოლა გაგრძელდება“, მაშინ ყველაფერ „დანარჩენს უკრაინა გააკეთებს“.
16 მარტს ცნობილი გახდა, რომ ნატოს სხვა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას უფრო მეტი, უფრო მრავალფეროვანი შეიარაღების უფრო სწრაფად გადაცემის პირობა მისცეს. მეტი დახმარების ამბავი ვაშინგტონში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, ხოლო ბრიუსელში – ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ვიდრე ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ამბავს გაახმაურებდა, რამდენიმე საათით ადრე, ამერიკელ კონგრესმენებს ვირტუალურად მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მათ ასეთი ალტერნატივა შესთავაზა – ან ჩაკეტეთ ცა, ანდა მოგვაწოდეთ საჭირო თავდაცვის სისტემები.
„მე საჭიროება მაქვს, მე მჭირდება ჩვენი ცის დაცვა. მე მჭირდება თქვენი დახმარება“, – მიმართა ზელენსკიმ ამერიკელებს. უკრაინის პრეზიდენტმა იქვე ახსენა პრეზიდენტი ბაიდენიც და მას „მსოფლიოს ლიდერობა“ და„მშვიდობის ლიდერობა“ უსურვა.
“უკრაინას მივცემთ იარაღს, რათა მან იბრძოლოს და თავი დაიცვას მომავალ რთულ დღეებში”, – თქვა ბაიდენმა რამდენიმე საათში და განმარტა, რომ აშშ უკრაინას უგზავნის დამატებით ანტისარაკეტო სისტემებს, ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღს და დრონებს.
ამერიკელმა კანონმდებლებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო მედიას დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის გზავნილებს შორის არის როგორც Stinger-ები და Javelin-ები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები – Switchblade (დასაკეცი დანა), რომელსაც „კამიკაძე დრონებსაც“ უწოდებენ.
უკრაინისთვის გამიზნულ შეიარაღებაში Switchblade-ის გამოჩენას დახმარების ახალ ეტაპზე გადასვლად მიიჩნევენ სამხედრო სფეროს სპეციალისტები, რადგან ვაშინგტონი უკრაინას აქამდე ძირითადად მხოლოდ ანტისატანკო სისტემებს აწვდიდა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა Switchblade-ები პირველად 2011 წელს, ავღანეთის მისიაში გამოიყენეს.
„2020 წელს, ყარაბაღის კონფლიქტის დროს, აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ ფართოდ გამოიყენა ისრაელში წარმოებული „კამიკაძე დრონები“ და ვნახეთ, როგორი წარმატებაც მოუტანა მას ამან. „კამიკაძე დრონები“ ერთჯერადი გამოყენებისაა, რადგან ის ბომბს კი არ აგდებს, არამედ თავად ფეთქდება. აშშ-ს მიერ წარმოებული Switchblade-ები მსუბუქია, სამართავად მას ერთი ადამიანი ჰყოფნის, დაახლოებით 100 კმ/სთ-ში სიჩქარით დაფრინავს და დაახლოებით 10 კილომეტრის რადიუსში შეუძლია მოქმედება“, – განმარტავს რადიო თავისუფლებასთან სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი.
მისი თქმით, რადგან Switchblade სულ 2.5 კგ-ს იწონის, ის „ჯაველინის“ მსგავსად ვერ მოერევა ტანკის ჯავშანს, თუმცა იოლად შეუძლია ჯავშანტრანსპორტიორებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების აფეთქება.
რადიო თავისუფლება