ომში მყოფი უკრაინის სამი საუნჯე

უკრაინამ ომის პირველი სამი კვირის განმავლობაში შეუძლებელი შეძლო: მოიგერია ინტერვენციის ყველაზე ძლიერი, პირველი ტალღა, მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მტერს, არ დათმო არცერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი და სრული უპირატესობა მოიპოვა როგორც დიპლომატიურ ასპარეზზე, ასევე საინფორმაციო ომში. რუსეთის ფედერაცია გარიყულია პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სივრციდან. მსოფლიო ლიდერები ღიად ლაპარაკობენ ვლადიმირ პუტინის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე და ეს იმ ფონზე, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც თავისუფალი სამყაროს გამორჩეულ ლიდერს, ფეხზე წამომდგარი უკრავენ ტაშს დიდი ბრიტანეთის პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, როცა უკრაინისკენ მიემართება მრავალი მილიარდის სამხედრო თუ სხვა სახის დახმარება, ხოლო უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშა და ჰიმნი – „არ მომკვდარა უკრანა“ – ლამის მთელი პლანეტის ხმად და ფერად იქცნენ.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ვაშინგტონში, 2022 წ. 6 მარტი
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ვაშინგტონში, 2022 წ. 6 მარტი

როგორ შეძლო ყოველივე ეს ქვეყანამ, რომელსაც გულწრფელი გულშემატკივრებიც კი მყისიერ კატასტროფას უწინასწარმეტყველებდნენ?

24 თებერვალს სამყარო მოწმე გახდა როგორც რუსეთის მორიგი სისასტიკისა, ასევე უკრაინის, მისი ხალხის, პრეზიდენტის, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების საოცარი ტრანსფორმაციისა. უკრაინა, ყველას რომ იოლად მოსანელებელი მსხვერპლი ეგონა, თავისუფლების ყველაზე მძლავრი ფორპოსტი აღმოჩნდა. ომის საშინელ დღეებში სამყარომ ხელახლა აღმოაჩინა უკრაინა მისი საოცარი ლიდერის, თავისუფლებისმოყვარე ხალხისა და მამაცი ჯარის სახით.

I – ზელენსკი

24 თებერვლამდე ვოლოდიმირ ზელენსკის მეგობარი ქვეყნების პოლიტიკურ წრეებშიც კი აღიქვამდნენ ნიჭიერ მსახიობად, რომელიც პოპულარობის პიკზე, მარჯვედ შეახტა ბედისწერის ცხენს და ასე, ფაქტობრივად სრულიად შემთხვევით და მოუმზადებლად, იქცა უამრავი პრობლემით დახუნძლული ქვეყნის პრეზიდენტად, რომელსაც რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად არც სამხედრო, არც ეკონომიკური, არც ადამიანური და არც პოლიტიკური რესურსი არ გააჩნდა. ალექსეი არესტოვიჩმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, გაიხსენა ომის პირველი დღეები, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის დაჟინებით სთხოვდნენ ქვეყნიდან ევაკუაციას დასავლელი პარტნიორები და პირადი დაცვა, რადგან ზუსტად იყო ცნობილი, რომ კიევში შესული რუსული დესანტი პრეზიდენტის ლიკვიდაციას გეგმავდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

„პირველი 48 საათის განმავლობაში, როცა ბრძოლები მიმდინარეობდა კიევის გარეუბნებში და არავინ იცოდა, როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი, როცა ორჯერ დაიბომბა პრეზიდენტის რეზიდენცია, ზელენსკიმ თქვა, რომ ევაკუაციის თემა დახურულია, არსად არ წავალ, თუნდაც ათი დესანტი გადმოსხანო“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში.

მოულოდნელი და, რაც მთავარია, უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობის მქონე იყო ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირი ჩართვა კიევის ცენტრიდან და მშვიდად წარმოთქმული მიმართვა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც უკრაინელთა განწყობაზე, ასევე საზოგადოებრივ აზრზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით:

„საღამო მშვიდობისა ყველას! ფრაქციის ლიდერი აქ არის, ოფისის თავკაცი აქ არის, პრემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის, პოდოლიაკი აქ არის, პრეზიდენტიც აქ არის. ყველანი აქ ვართ, ჩვენი სამხედროები აქ არიან, მოქალაქეები და საზოგადოება – აქ არიან. ყველა აქ ვართ. ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ქვეყანას. ასე იქნება შემდგომაც. დიდება ჩვენს დამცველებს! დიდება უკრაინას!“

ალექსეი არესტოვიჩის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ნამდვილი ლიდერი, თავის სტიქიაშია და გადამდებ სიმშვიდესა და თავდაჯერებას ასხივებს:

„მას ახლა აქვს უზარმაზარი ავტორიტეტი, რაც კიდევ უფრო მეტ ძალას სძენს, მაგრამ, გავიხსენოთ, ეს ავტორიტეტი მაშინ მოიპოვა, როცა გაუძლო პირველი დღეების საფრთხეებს. ბრძოლაში, პირადი მამაცობით მოიპოვა ეს ავტორიტეტი. მის მიმართ უზარმაზარი ნდობა არსებობს მთელ მსოფლიოში. ამერიკელები ხუმრობენ, პრეზიდენტის არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, აქაც აირჩევენო. ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, ლიდერების გვერდის ავლით პირდაპირ მიმართოს პარტნიორი ქვეყნების ამომრჩევლებს“.

ალექსეი არესტოვიჩი
ალექსეი არესტოვიჩი

ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, ხალხში სავალდებულო გამოჩენასთან ერთად, ასევე ახერხებს უაღრესად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები აწარმოოს პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან; ამაღელვებელი, კონტექსტის შესაბამისი სიტყვებით მიმართოს ამერიკელ, ბრიტანელ, იტალიელ პარლამენტარებს; ჩაერთოს ევროპის დედაქალაქებში შეკრებილ მრავალათასიან მიტინგებს; ჰოსპიტალში მოიკითხოს დაჭრილი მებრძოლები და გაამხნეოს ტყვეობიდან გამოხსნილი მელიტოპოლის მერი; მადლობა გადაუხადოს საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ ნაწილს და საქმიანი საყვედური უთხრას – მეორეს…

ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს აშშ-ის კონგრესს. 2022 წ. 16 მარტი
ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს აშშ-ის კონგრესს. 2022 წ. 16 მარტი

ვოლოდიმირ ზელენსკის განსაკუთრებულობას გრძნობენ თვითონ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებიც. ნიშანდობლივი იყო საარჩევნო კამპანიაში ჩაბმული საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იმიჯური მიბაძვა ზელენსკისადმი, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, კამერების წინ უჰალსტუხოდ და გაუპარსავი ჩნდება ხოლმე ხან მოკლე მაისურში, ხან კი ჰუდში.

II – ხალხი

ვოლოდიმირ ზელენსკი 44-მილიონიანი უკრაინელი ხალხის ლიდერია, ხალხისა, რომელმაც უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში გაღებული მრავალმილიონიანი მსხვერპლისა და არნახული რეპრესიების (საბჭოთა ოკუპაცია, ჰოლოდომორი, მეორე მსოფლიო ომი) მიუხედავად, მაინც არ გადაუხვია თავისუფლების გზას. სამყარო აღფრთოვანებული შეჰყურებს არა მხოლოდ იმას, თუ როგორ გმირულად იბრძვის უკრაინის ჯარი, არამედ იმასაც, თუ როგორ უშიშრად უწევს წინააღმდეგობას უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მშვიდობიანი, უიარაღო მოსახლეობა რუს ოკუპანტებს, როგორ აფრიალებენ რუსული ავტომატების ფონზე უკრაინის ეროვნულ დროშას, როგორ მღერიან ეროვნულ ჰიმნს, როგორ უვარდებიან რუსულ ტანკებს მუხლუხებში და როგორ არ თანამშრომლობენ ოკუპანტებთან.

მუსიკოსი ალექსეი ბერეგოვი. კიევი. 2022 წ. 9 მარტი
მუსიკოსი ალექსეი ბერეგოვი. კიევი. 2022 წ. 9 მარტი

ისტორიკოს ზურაბ ბატიაშვილის თქმით, უკრაინის ამ ბრძოლაში რუსეთთან, სწორედ უკრაინელი ხალხის უტეხი ხასიათია გადამწყვეტი.

„ყველა სხვა კომპონენტს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა – ის, რომ ხელისუფლება არ გატყდა, რომ დასავლეთი ერთიანია როგორც არასდროს და რომ სამხედრო დახმარება ძალზე არსებითია, მაგრამ მთავარი მაინც უკრაინელი ხალხია, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საკითხში ერთიანი და მონოლითურია. ვინც უკრაინის ისტორიას იცნობს, ვინც უკრაინაში ყოფილა და ვისაც უკრაინელებთან შეხება ჰქონია, ყველამ იცის, რამდენად თავისუფლებისმოყვარე ხალხია. ბოლომდე იბრძოლებენ. სხვაგვარად რომ განვითარებულიყო მოვლენები, დარწმუნებული ვარ, პარტიზანული მოძრაობა დაიწყებოდა“, – ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

კიეველები უკანასკნელ გაზაზე აცილებენ მტერთან ბრძოლაში დაღუპულ პოლკოვნიკ ვალერი გუდზს. 2022 წ. 15 მარტი
კიეველები უკანასკნელ გაზაზე აცილებენ მტერთან ბრძოლაში დაღუპულ პოლკოვნიკ ვალერი გუდზს. 2022 წ. 15 მარტი

უკრაინელი ხალხის გმირობის სიმბოლოა ბლოკადაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლი, რომელიც უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად არ ნებდება მტერს. 16 მარტის მონაცემებით, 450-ათასიანი ქალაქი 80-90%-ით დანგრეულია. როგორც მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვი ამბობს, დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა, თუმცა იმის გამო, რომ ადამიანების ნაწილი ჯერაც ნანგრევების ქვეშ იმყოფება, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს.

III – ჯარი

რუსეთის შეიარაღებული ძალების პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება უკრაინისას.

რუსეთი: რეგულარული ჯარი – 850 ათასი; ტანკი – 12 420; ჯავშანტექნიკა – 30 122; ავიაცია – 772 სამხედრო თვითმფრინავი; 739 ავიაგამანადგურებელი და ბომბდამშენი; 2000 ვერტმფრენი.

უკრაინა: რეგულარული ჯარი – 200 ათასი; ტანკი – 2596; ჯავშანტექნიკა – 12 303; ავიაცია – 69 სამხედრო თვითმფრინავი; 29 ავიაგამანადგურებელი; 60 ვერტმფრენი.

უკრაინელი ჯარისკაცი. 2022 წ. 16 მარტი
უკრაინელი ჯარისკაცი. 2022 წ. 16 მარტი

თუმცა, ამგვარი უპირატესობის მიუხედავად, ომის დაწყებიდან სამი კვირის განმავლობაში რუსეთის ჯარმა ვერცერთი მნიშვნელოვანი ქალაქი ვერ აიღო და ვერ მიაღწია ვერცერთ დასახულ პოლიტიკურ მიზანს, არადა, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ თქვა რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში, ყველაზე კონსერვატული გათვლებითაც კი, რუსეთის ჯარმა განიცადა ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კოლოსალური დანაკარგი. საუბარია 5000-დან 13 000-მდე მოკლულ ჯარისკაცზე, 400-ზე მეტ აფეთქებულ ტანკზე, 60-ზე მეტ ჩამოგდებულ თვითმფრინავსა და 1000-ზე მეტ დამწვარ სამხედრო მანქანაზე.

„4-5 ათასი მოკლულიც რომ ვიანგარიშოთ, ეს არის ისეთი დანაკარგი, რომლის მსგავსი რუსეთმა მიიღო მთელი ორი წლის განმავლობაში ჩეჩნეთის პირველ ომში. დაახლოებით ამდენივე – ჩეჩნეთის მეორე ომში, ოღონდ ერთი წლის განმავლდობაში. ავღანეთში 10 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირმა დაკარგა 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე, ჩვენ კი ახლა ვსაუბრობთ დროის 3-კვირიან მონაკვეთზე. ასეთი დიდი დანაკარგი რუსეთს არ ჰქონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – უთხრა ვახტანგ კაპანაძემ რადიო თავისუფლებას.

განადგურუბეული რუსული ტანკები. სუმის ოლქი. 2022 წ. 7 მარტი
განადგურუბეული რუსული ტანკები. სუმის ოლქი. 2022 წ. 7 მარტი

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმითაც, მრავალწლიანი მზადებისა და წვრთნების მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო ბლიცკრიგის განხორციელება, ვერ აიღო კიევი და ვერ შეცვალა არჩეული ხელისუფლება მარიონეტულით.

„რუსების შეტევა შენელდა, უკრაინელებმა კი დაიწყეს ნახევრად პარტიზანული ტაქტიკით ომი, რომლის დროსაც დარტყმები ხორციელდება გაწელილ ჯავშანკოლონებზე, რასაც აკეთებს კიდეც როგორც რეგულარული ჯარი, ასევე მოსახლეობა და ტერიტორიული თავდაცვის რაზმები“, – ამბობს ირაკლი ალადაშვილი, რომელიც უკრაინის ჯარის წარმატების მთავარ ფაქტორად უკრაინელი სამხედროების მაღალ მოტივაციას ასახელებს.

„იცავენ სამშობლოს აგრესორისგან, მტრისგან. მოტივაცია ყველა ომში უმთავრესია!“ – ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

უკრაინის ჯარის მაღალი ბრძოლისუნარიანობის კიდევ ერთი მიზეზი სარდლობის მიერ წარსული გამოცდილებიდან გამოტანილი სწორი დასკვნები და რეგულარული სამზადისია:

„8 წლის განმავლობაში უკრაინის არმიამ მიიღო დიდი გამოცდილება იმ ბრძოლებიდან, რომლებიც 2014 წლიდან წარმოებს დონბასში. 8 წლის წინ, როცა რუსეთმა ყირიმი გადაყლაპა და დონბასის ნაწილი დაიკავა, უკრაინას სულ სხვა არმია ჰყავდა, ახლა კი სულ სხვა ჰყავს. ამიტომ არის, რომ იგივე თავდაცვითი ზღუდეები, რომლებიც უკრაინის არმიამ ააგო დონბასში, დღემდე ვერ გადალახა ვერც ე.წ. დსრ-ის საჯარისო ფორმირებებმა და ვერც – რუსულმა არმიამ“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები. 2016 წ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები. 2016 წ.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, უკრაინის არმიამ წარმატების სერიოზულ ფაქტორად აქცია დასავლეთის დახმარებაც, რასაც უკვე მოაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. საუბარია ახლომანძილზე მოქმედ იარაღზე, რომელიც მეტად ეფექტიანია ნახევრად პარტიზანული მოქმედებებისთვის.

რუსეთს უპირატესობა აქვს შორი მანძილიდან, ბალისტიკური რაკეტებით, წარმოებულ ბრძოლებში, მიწაზე კი თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღების (ჯაველინები, სტინგერები და ა.შ.) ეფექტიანი გამოყენებით უპირატესობას უკრაინის არმია ფლობს, რაც, ირაკლი ალადაშვილის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან „ბრძოლისა და ომის ბედი საბოლოოდ მიწაზე წყდება“.

უკრაინის ჯარისა და უკრაინელი ხალხის წარმატება და ბრძოლის მაღალი სულისკვეთება მარტო უკრაინაში როდი მუხტავს ხალხს. 8 მარტის მდგომარეობით, უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში ჩაწერის სურვილი 80 ქვეყნის 20 ათასზე მეტ მოქალაქეს ჰქონდა გამოთქმული.

„ყველას, ვისაც სურს შეუერთდეს უსაფრთხოების დაცვას ევროპასა და მსოფლიოში, შეუძლია მოვიდეს და გვერდში დაუდგეს უკრაინელებს 21-ე საუკუნის დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ამ განცხადების წყალობით, როგორც ლვოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ვებსაიტი იუწყება, უცხოელ მოხალისეთა ლეგიონი ყოველდღე 100-მდე მებრძოლით ივსება.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share