როგორც დღეს “გურიის მოამბე” წერდა, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ სპექტაკლს “რესპუბლიკა გურია” მაყურებლებში გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა რაც, ბავშვებისთვის მიუღებელი სცენებით იყო გამოწვეული. ამის გამო, მაყურებლის უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად სახელმწიფო თეატრის დარბაზიც კი დატოვა.
აღნიშნულ ფაქტს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გთხოვთ გაითვალისწინოთ!
სპექტაკლი ,, რესპუბლიკა გურია” ნაჩვენები იქნა პროექტის ,, სკოლა და თეატრი” ფარგლებში და ბავშვთა უფლებების გათვალისწინებით ამოღებული იყო ძალადობის შემცველი სცენები.
თუმცა მიგვაჩნია, რომ სპექტაკლი არ უნდა ერგებოდეს მაყურებელს, არამედ მაყურებელი უნდა არჩევდეს იმ სპექტაკლს, რომელიც მისთვის საინტერესო და მისაღებია.
პროექტის ,, სკოლა და თეატრი” ფარგლებში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი აგრძელებს სპექტაკლის ჩვენებას მე-6 კლასის ზემოთ მოსწავლეებისათვის. ” – ნათქვამია განცხადებაში.