რუსეთის მთავრობა ცხიმპროდუქტების ბაზრის დასარეგულირებლად ახალ ზომებს ამზადებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე 1,5 მილიონი ტონა კვოტის შემოღებას აპირებს. ცხიმპროდუქტების ბაზრის დამატებითი რეგულირების შესახებ სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებებს გამოცემა „კომერსანტი“ გაეცნო.
მსგავსი შეზღუდვა, ისევე, როგორც მცურავი გადასახადი, გათვალისწინებულია შროტის („კოპტონის“) მიწოდებაზეც, რომელსაც ფერმერები ცხოველთა საკვებად იყენებენ. ექსპერტების ვარაუდით, მწარმოებლებმა კვოტა შესაძლოა, დააკმაყოფილონ, თუმცა შროტზე გადასახადის შემოღება ზეთის გადამამუმშავებელ ბიზნესზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
როგორც „კომერსანტის“ მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, სამინისტრო 1-ლი აპრილიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე კვოტის შემოღებას სეზონის ბოლომდე, ანუ ოქტომბრამდე 1,5 მლნ ტონის ოდენობით აპირებს. კვოტა მწარმოებლებს შორის ისტორიული პრინციპით გადანაწილდება, ხოლო ზედმეტი მიწოდება 70%-იან გადასახადს დაექვემდებარება, ტონაზე არანაკლებ 1000 დოლარის ფასის შემთხვევაში. ამჟამად მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი გადასახადი მოქმედებს, რაც 1-ლ აპრილამდე ტონაზე 260,1 დოლარია.
მზესუმზირის შროტის ექსპორტზე კვოტა 700 ათასი ტონით განისაზღვრება, რომელიც, ასევე, ისტორიული პრინციპით გადანაწილდება. მეტიც, შროტის მიწოდებაზე მცურავი გადასახადი ფასთა სხვაობის 70%-ით თვით კვოტის ფარგლებში დაწესდება.
ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს, -ლი1 აპრილიდან მზესუმზირის საექსპორტო გადასახადიც 70%-მდე გაზარდოს, ტონაზე არანაკლებ 490 დოლარის ფასის შემთხვევაში. ამჟამად მზესუმზირის საექსპორტო გადასახადი 50%-ის დონეზეა, ტონაზე არანაკლებ 320 დოლარის ფასის პირობებში.
აგრარული ბაზრის კვლევის ინტიტუტ Sovecon-ის მონაცემებით, გასულ კვირას მზესუმზირის საშუალო ფასი ტონაზე 1,1 ათასი რუბლით (11,22 დოლარით), ანუ 39,12 ათას რუბლამდე (399.21 დოლარამდე) გაიზარდა, ხოლო მზესუმზირის ზეთზე ფასმა 6,67 ათასი რუბლით (68.06 დოლარით), ანუ 98,35 ათას რუბლამდე (1,003.58 დოლარამდე) მოიმატა. „კომერსანტის“ წყაროს ცნობით, ბაზარზე რუბლის ბოლო გაუფასურებამ მეტად იმოქმედა და ზოგჯერ მყიდველებისთვის ზეთის ფასი ტონაზე 1,8-2 ათასი დოლარამდეც აღწევდა.
ზეთი და ცხიმპროდუქტები რუსეთის სასურსათო ექსპორტში, მარცვლეულის შემდეგ, მეორე ადგილზეა. „აგროექსპორტის“ მონაცემებით, 2021 წელს რუსეთმა ამ კატეგორიის ექსპორტი 48%-ით, 7,28 მლრდ დოლარამდე გაზარდა, რომლიდანაც 3,99 მლრდ დოლარზე მეტი მზესუმზირის ზეთის, ხოლო 1,06 დოლარზე მეტი შროტის წილია. ზეთისა და ცხიმპროდუქტების კავშირის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთში 6,5 მილიონ ტონაზე მეტი მცენარეული ზეთი და 8,8 მილიონი ტონა შროტი აწარმოეს, ხოლო პროდუქციის 40%-ზე მეტი ექსპორტზე გავიდა. ყველაზე დიდი შემსყიდველები არიან ჩინეთი (1,7 მლნ ტონა), თურქეთი (1,2 მლნ ტონა) და ირანი (720 ათასი ტონა).