ომს გმირები სჭირდება, ომს გმირები იგებენ. ვიტალი კლიჩკოს უკრაინელმა ხალხმა ეს წოდება ერთხელ უკვე მიანიჭა სპორტში მიღწეული უნიკალური გამარჯვებებისთვის, ახლა კი ყველა კიევის გმირ მერად მოიხსენიებს.
“მინდა კიევის მერი გავხდე, რათა ყველაფერი გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის. მე მიყვარს ჩემი კიევი და ყოველ ღონეს ვიხმარ მისი კეთილდღეობისთვის!” – ეს სიტყვები ვიტალი კლიჩკომ 2014 წელს თქვა, როდესაც პირველად აირჩიეს კიევის მერად. ახლა უკვე ვეტერანი მოკრივე, ომის დაწყებისთანავე უკრაინის დედაქალაქის დამცველთა შორის დგას და მისთვის ჩვეული უდრეკი ხასიათით იბრძვის კიევისა და სამშობლოს გადასარჩენად.
– სხვა გზა არა მაქვს, უნდა ვიბრძოლო და პირობას ვდებ, თანამემამულეებთან ერთად ბოლომდე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ქვეყნის, მჯერა ხალხის. ვიცი, ძნელი იქნება, მაგრამ უნდა გავუძლოთ, ყველამ ერთად. სიმართლე ჩვენ მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ! – ასეთი იყო მისი გამოსვლა რუსეთის ბარბაროსული თავდასხმის პირველსავე დღეს…
ვიტალი კლიჩკო 1971 წელს ყირგიზეთში დაიბადა. კლიჩკოების გვარს, ბედის უკუღმართობით, ომის საშინელება და სხვა ათასგვარი უბედურება თითქოს იმთავითვე მოსდგამთ. ვიტალის მამის მშობლები უკრაინელი გლეხების კომუნისტების მიერ გასული საუკუნის 1920-30-იან წლებში განხორციელებულ რეპრესიებსა და შიმშილს შეეწირნენ. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა დახვრიტეს დედის მშობლები, რადგან მათ გვარში ებრაელებიც ერივნენ. ყოველივე ამის გამო, ომის შემდგომ, კლიჩკოების ოჯახი მშობლიურ მიწას გაეცალა და შუა აზიაში დასახლდა. ვიტალიც და მისი ძმა ვლადიმირიც იქ დაიბადნენ.
კლიჩკოების მამა, უფროსი ვლადიმირი, სამხედრო მფრინავი იყო. ჩეხოსლოვაკიაში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და ბალტიისპირეთში მსახურობდა. ასეთი მომთაბარე ცხოვრების გამო პატარა ვიტალისა და ვლადიმირსაც ხშირად უწევდათ სკოლის შეცვლა. როგორც მოგვიანებით უმცროსი ვლადიმირი იხსენებდა, ათი წლის განმავლობაში შვიდი სკოლა გამოიცვალეს. ბიჭებთან ხეირიანად დამეგობრებას ვერც ახერხებდნენ, თუმცა ბავშვები იყვნენ და ახალ გარემოსაც იოლად ეჩვეოდნენ. არც გასართობი აკლდათ. ყველაზე კარგად დროს სამხედრო პოლიგონზე ატარებდნენ, სადაც ავტომატის ტყვიებს, ხელყუმბარებსა და აუფეთქებელ ნაღმებს პოულობდნენ. მაშინ ეს ყველაფერი მათთვის უწყინარი სათამაშოები იყო.
1985 წელს კლიჩკოების ოჯახი უკრაინაში დაბრუნდა, მომდევნო წელს კი ოჯახის უფროსს, ვლადიმირს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოუხდა მონაწილეობა. ბოლოს გენერალ-მაიორი ვლადიმირ კლიჩკო გერმანიასა და ნატოში უკრაინის სამხედრო ატაშედ მუშაობდა.
ათწლეულობით მშობლიურ კერას მოცილებული კლიჩკოების ოჯახის თავზე შავმა ღრუბელმა, როგორც იქნა, თითქოს გადაიარა და ძირძველ მიწას დაუბრუნდნენ. ბიჭები, ვიტალი და მასზე ხუთი წლით უმცროსი ვლადიმირი სპორტმა გაიტაცა და ქუჩისკენ აღარ გაურბოდათ თვალი. ყველაფერი ნელ-ნელა თავის კალაპოტში ჩადგა.
კიევის მომავალი მერის, ვიტალი კლიჩკოს მოკრივის კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო. ტანმაღალი და კუნთმაგარი ბიჭის მონაცემებმა თავიდანვე მიიქცია მწვრთნელების ყურადღება. იმ პერიოდში მსოფლიოსა და უკრაინაშიც ძალზე პოპულარული იყო კიკბოქსინგი და პერსპექტიულმა მოზარდმაც კრივის ნაცვლად, კიკბოქსინგში ვარჯიშის გაგრძელება გადაწყვიტა. არჩევანმა გაამართლა – სპორტის ამ სახეობაში 35 ორთაბრძოლიდან 34 მოიგო. ექვსჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი მოყვარულებსა და პროფესიონალებს შორის, მაგრამ ვიტალი კლიჩკოს მთავარი გამარჯვებები მაინც კლასიკურ კრივთანაა დაკავშირებული.
საკავშირო ტურნირებში პირველი ჯილდო 1991 წელს მოიპოვა. საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მინსკში, ყველაზე პრესტიჟულ – სუპერმძიმე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ოთხი წლის შემდეგ, უკვე დამოუკიდებელი უკრაინის სახელით, ვერცხლის მედალი მოიპოვა ბერლინის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მომდევნო სეზონში კი ატლანტის ოლიმპიადაზე გამოსასვლელად ემზადებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ამერიკაში მის ნაცვლად უმცროსი ძმა, ვლადიმირი გაემგზავრა. თუმცა ამით კლიჩკოების ოჯახი არ დაზარალებულა. ატლანტაში ვლადიმირმა ყველა მეტოქე დაამარცხა, მათ შორის – რუსი ალექსეი ლეზინი და ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალს დაეუფლა. ეს იყო უკრაინელი მოკრივის პირველი გამარჯვება ოლიმპიურ თამაშებზე.
იმავე, 1996 წლის ბოლოს ძმები კლიჩკოები პროფესიულ კრივში გადავიდნენ. პირველი კონტრაქტი გერმანულ კომპანია UNIVERSUM BOX-PROMOTION-თან გააფორმეს და ცნობილი მწვრთნელის, ფრანც ზდუნეკის ხელმძღვანელობით სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიეს. პროფესიულ რინგზე ორივემ, სხვადასხვა ვერსიით, რამდენჯერმე მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. საერთო ჯამში მათ, ოფიციალური მონაცემებით, 116 ბრძოლა გამართეს და 109 მოიგეს.
სპორტული კარიერა ვიტალი კლიჩკომ 2013 წლის დეკემბერში დაასრულა, მანამდე, ნოემბრის ბოლოს, კიევში ტრაგიკული მოვლენები დატრიალდა. უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის აშკარად პრორუსული გადაწყვეტილებებით გამწარებული ხალხი ევრომაიდანზე სამართლიანი პროტესტის გამოსახატად გამოვიდა, მაგრამ მილიციამ და “ბერკუტის” ზონდერებმა მშვიდობიანი მომიტინგეები რუსული კალაშნიკოვის ავტომატებით, სნაიპერების შაშხანებითა და რკინის ხელჯოხებით არაადამიანური სისასტიკით ჩახოცეს. ის უთანასწორო ბრძოლა საბოლოოდ მაინც უკრაინელი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. პუტინის რჩეული იანუკოვიჩი ქვეყნიდან გაიქცა და კრემლის კედლებს შეაფარა თავი.
იმ საბედისწერო დღეებში, რომლებიც რამდენიმე თვე გაგრძელდა, ვიტალი კლიჩკო სიმართლის მხარეს, ხალხის მხარეს იდგა და ყველა ღონეს ხმარობდა სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად. სულ მალე კი, უფრო ზუსტად, 2014 წლის ივნისში, კიეველებმა იგი თავიანთი ქალაქის მერად აირჩიეს. კლიჩკოს ამომრჩეველთა 56%-მა მისცა ხმა.
დედაქალაქის ახალმა მერმა თავიდანვე მიზნად დაისახა კორუფციასთან ბრძოლა, თანამოქალაქეთა კეთილდღეობისთვის ზრუნვა, ინვესტიციების მოზიდვა და ინფრასტრუქტურის განვითარება. კრივიდან პოლიტიკაში გადაბარგებული მერისთვის თავისი ჩანაფიქრების განხორციელება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე სპორტში გამარჯვება: “კრივში უფრო იოლი ყოფილა რინგზე ბრძოლა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, ვიდრე პოლიტიკაში დასახული მიზნების მიღწევა, – უთქვამს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს. – კრივს თავისი წესები აქვს, პოლიტიკაში კი წესები არ არსებობს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ ცვლილებების განხორციელება გინდა, ცვლილებები საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო და ყველაფერს მიაღწევ”.
რა თქმა უნდა, ახალბედა პოლიტიკოსი-მერისათვის ხალხის წინაშე დადებული ყველა სიტყვის შესრულება ადვილი არ იქნებოდა და, სიმართლე ითქვას, ბოლომდე ვერც შეასრულა. ამის გამო მას იმაზე მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, ვიდრე თავად ელოდა. ჩასაფრებულების გუნდი საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ხალხის ნებას ვერც მათ აჯობეს და 2015 წლის ბოლოს ვიტალი კლიჩკო მეორე ვადით აირჩიეს კიევის მერად. ამჯერად ამომრჩეველთა ხმების 64% მოაგროვა.
2019 წელს უკრაინის ახალი პრეზიდენტის არჩევნებში ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად ახალგაზრდა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა და ვიტალი კლიჩკოს მოწინააღმდეგეებს ახალი იმედები გაუჩნდათ. ისინიც ფუჭი აღმოჩნდა. 2020 წლის შემოდგომაზე კიეველებმა ვიტალი კლიჩკოს მესამედ ანდვეს ქალაქის წინამძღოლის პოსტი. ეს უკვე პოლიტიკაში მის სრულ გამარჯვებას ნიშნავდა, კლიჩკო ხალხის რჩეული მებრძოლი მერია.
“20 წლის ვიყავი, როდესაც უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, – აღნიშნა ერთ-ერთი გამოსვლისას. – დღეს უკვე 50 წლის ვარ. ამ ხნის მანძილზე ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ არსებობს. უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვებთ!”
ჟურნალი “გზა”