ქარხანა, სადაც ზეთს ვყიდულობდით, დაბომბეს და გაანადგურეს. ალტერნატიული ბაზრები არ გვიპოვია – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ზეთის იმპორტიორი კომპანიის „ჩირინას“ დამფუძნებელმა განუცხადა. როგორც ცნობილია, საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტიორ 5 ყველაზე დიდ კომპანიას შორის ერთ-ერთი სწროდედ ,,ჩირინაა“.
რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კომპანიას ზეთის იმპორტი შეჩერებული აქვს.
„ჩვენ ზეთი შემოგვქონდა უკრაინიდან და ის ქარხანა დაბომბეს და გაანადგურეს. ამ დრომდე ალტერნატიული წყაროები, რომ სხვა ბაზარზე გადავერთოთ, ნაპოვნი არ გვაქვს, რადგან შავ ზღვაში უკრაინის გარდა ყველა მხრიდან ხდება იმპორტი, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. შესაბამისად, ზეთის იმპორტი შევაჩერეთ“ – ამბობს რევაზ ვაშაკიძე.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 2.9 მლნ აშშ დოლარის 1,914 ტონა ზეთი შემოვიდა, აქედან 1,469 ტონა რუსეთიდან, 239 ტონა უკრაინიდან, 204 ტონა კი, აზერბაიჯანიდან.