ამერიკულ გაზეთ „პოლიტიკოში“ (Politiico) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით – „ვლადიმერ პუტინის „სასარგებლო იდიოტები“ გერმანიაში: რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გერმანელი პოლიტიკოსების მთელი თაობა „გაანულა“ (ავტორი – მეთიუ კარნიტჩნიგი), რომელშიც განხილულ-გაანალიზებულია გერმანიის ლიდერების როლი და მნიშვნელობა რუსეთის პოლიტიკისათვის ბოლო ოცი-ოცდახუთი წლის განმავლობაში. აქცენტი გადატანილია ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის ხასიათზე.
ავტორის აზრით, გერმანიის პოლიტიკურ ელიტას ყოველთვის მცდარი წარმოდგენა ჰქონდა რუსეთის ლიდერების მიმართ, 1990-იანი წლებიდან დაწყებული. ბერლინი მოსკოვის მიმართ მცდარ პოლიტიკას ატარებდა, განსაკუთრებით – ბოლო 16 წლის განმავლობაში.
„გერმანიის ჯიუტად პოზიტიური დამოკიდებულება ვლადიმერ პუტინის მიმართ, პერმანენტული ხანგრძლივი აგრესიებისა და ტერაქტების ფონზე (საქართველოში შეჭრა, საზღვარგარეთ „კრემლის მტრების“ მკვლელობათა უწყვეტი ჯაჭვი, აგრესია სირიაში…), სხვა არა იყო რა, თუ არა ექსკანცლერის – ანგელა მერკელის მიერ დაშვებული კატასტროფული შეცდომა, რომელსაც გულუბრყვილო პოლიტიკოსების პანთეონში საპატიო ადგილი აქვს დაკავებული, დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრის – ნევილ ჩემბერლენის გვერდით“, – წერს ავტორი.
ცივი ომის დროს გავრცელებული იყო ტერმინი „სასარგებლო იდიოტი“, რომელსაც ზურგსუკან იმ ზომიერ დასავლელ პოლიტიკოსებს უწოდებდნენ, რომლებსაც კომუნისტების „კეთილი“ განცხადებებისა სჯეროდათ. მოგვიანებით ტერმინი რუსეთთან მიმართებით „კეთილად მოაზროვნე“ პოლიტიკოსებზეც გავრცელდა.
პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ანგელა მერკელს დიდი როლი მიუძღვის იმ პოლიტიკური შეცდომის ჩადენაში, რომლის შედეგად იგი, გერმანიის კანცლერი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დაგებულ მახეში გაება. იგი „სასარგებლო იდიოტად“ იქცა იმის შემდეგ, რაც ვეტო დაადო საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრებას 2008 წელს, რითაც კრემლის სურვილი შეასრულა, აგრეთვე, იმ პოლიტიკის წყალობით, რომელმაც გერმანიის რუსეთზე დამოკიდებულება გამოიწვია ენერგორესურსებით მომარაგების სფეროში.
ამასთან, როგორც ავტორი აღნიშნავს, გერმანელი საზოგადოება ნელა, მაგრამ მტკიცედ იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ანგელა მერკელის რბილმა მიდგომამ რუსეთისადმი, რომლის ზენიტს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაზე თანხმობა წარმოადგენს, ყირიმის ანექსიის მიუხედავად, არა მარტო კარი გაუღო ვლადიმერ პუტინს შორს წასასვლელად, არამედ, ფაქტობრივად, კრემლი „აიძულა“ კიდეც ასეთი ნაბიჯი გადაედგა.
გერმანელი პოლიტიკოსები ოცი წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ უშვებდნენ შეცდომებს, ახლა კი გაკვირვებული სახეებით ამბობენ – „ვინ იცოდა, რომ საქმე ასე წავიდოდა?“.
„მე ვცდებოდი. ყველა ვცდებოდით“, – ამბობს ვოლფგანგ შოიბლე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფინანსთა მინისტრი იყო ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან.
დღეს გერმანია უკრაინას ეხმარება, დღეს გერმანიამ თავისი არმიის გაძლიერება დაგეგმა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნატოელი და ევროკავშირელი მოკავშირეები ბერლინს ტაშს უკრავენ და „გამოფხიზლებას“ უწონებენ, ის მაინც ვერავის მოატყუებს პოლიტიკის შეცვლით. „უკრაინა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ გაძარცვა და მოსახლეობის 15% გაუნადგურა, არასოდეს დაივიწყებს და – არ აპატიებს. გერმანია მაინც ვერ დაიბრუნებს ნატოში თავის ავტორიტეტს, რამდენიც უნდა დახარჯოს სამხედრო სფეროში, სანამ იმას არ აანაზღაურებს, რაც დასავლეთმა დაკარგა ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთობით“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.