“ყველა მინისტრი რეალურად ივანიშვილის ავატარია” – ამის შესახებ პოეტმა პაატა შამუგიამ გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომეიტეტის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნის თემის კომენტირებისას განაცხადა.
“მომხრე ვარ კულტურის სამინისტროს გამოყოფის. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ამ მუტანტის შექმნა – განათლების, კულტურის, სპორტის და კიდევ სხვა რაღაცების, მგონი, კულტურული მემკვიდრეობაც იყო რაღაც დროით… მოკლედ, ამ ზემუტანტის შექმნა აზარალებდა თითოეულ სფეროს და მე როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენელს, სულ მქონდა განცდა, რომ ეს კულტურას აზარალებდა. რაც შეეხება წულუკიანის კანდიდატურას. ჩემთვის, პრინციპულად არაფერი იცვლება, რადგან როდესაც ვამბობთ, რომ ვიღაც მინისტრად ინიშნება, ყოველთვის ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არის ბიძინა ივანიშვილის ავატარი. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს წულუკიანი იქნება სამინისტროში თუ ვინმე სხვა. საბოლოო ჯამში, კულტურის პოლიტიკა იქნება თუ სოციალური პოლიტიკა თუ სხვა რამ ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ამას მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს. ამიტომ, არ მგონია, რომ რაღაც რევოლუციური ცვლილებები მოიტანოს წულუკიანის ყოფნა-არყოფნამ.”