საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მმართველმა ძალამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მეტი მოქალაქის ხმა ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და უფრო მეტი ჯანსაღი პოლიტიკური ძალები გაჩენილიყვნენ.
როგორც გახარიამ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქართულმა ოცნებამ გააკეთა ის, რაც უკანასკნელ 30 წელიწადში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ შესძლო და დათანხმდა სრულად პროპორციულ არჩევნებს.
„სწორედ ამიტომ და ამისთვის იყო მიმართული საარჩევნო რეფორმა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ პროპორციული სისტემა, საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, რა თქმა უნდა, ნიშნავს პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური ველის გაჯანსაღებას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, შესაძლო ახალგაზრდა პოლიტიკური ძალებისთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლის გამარტივებას. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს რაც გვაქვს, ცოტა სხვა შედეგი მივიღეთ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიზაციის პროცესი არის საკმაოდ რთული, მიზანი და გენერალური ხაზი, რა თქმა უნდა, იყო სწორი, მაგრამ როგორც ჩანს, ცოტა უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს. სწორედ ამისთვის არის გადადგმული ის ნაბიჯი, რომელიც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლო, ეს შეძლო ქართულმა ოცნებამ, როდესაც დათანხმდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას”, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ქართული დემოკრატიისთვის, გრძელვადიან, თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში, ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც იყო მიღებული და ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა, არის პროგრესი.
გახარიას თქმით, პანდემიის პირობებში, დაახლოებით 2 მლნ მოქალაქე მივიდა საარჩევნო ყუთთან და მისცა ხმა, რომლის შედეგად პირველად ქვეყნის ისტორიაში საკანონმდებლო ორგანოში 9 პოლიტიკური ძალა მოხვდა, რომელთა დიდი ნაწილიც პროპორციული საარჩევნო სისტემითაა არჩეული. გახარიას თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული პოლარიზაციის ხარისხი, სწორედ ამ მიღწევას უშლის ხელს.
ქართულ ოცნებას 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობის დადება სახალხო მღელვარების ფონზე მოუწია, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, ჩაჯდომას მოჰყვა.
თუმცა, მმართველმა გუნდმა პირობა უკან წაიღო და პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩააგდო. ამას პოლიტიკური დაძაბულობა და საპროტესტო აქციები მოჰყვა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ჩაერთნენ. საბოლოოდ, რთული პოლიტიკური მოლაპარაკებების შედეგად, ქართული ოცნება 120/30-ზე სისტემას დათანხმდა.