თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 14.6%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 14.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 16.3%-ია.

2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

თებერვლის განმავლობაში საქართველოს ბიზნეს სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 8.9 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია.

თებერვალში 14.6%-იანი ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ე.წ. “საბაზო ეფექტი” იყო, რადგანაც 2022 წლის თებერვლის ზრდა 2021 წლის თებერვალს დარდება, აღნიშნულ პერიოდში კი ქვეყანაში მკაცრი პანდემიური რეგულაციები და 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო.

ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 3-4%-ით გაიზრდება. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე სებ-ი საქართველოში 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share