ერთხელ ლანჩხუთში პრისტავი ჯაფარიძე დაეცა სისონა დარჩიას. დარჩია თავის მეგობარ ჟღენტს ამ ამბავს ასე უყვებოდა: “…პოლჩი ჩავძვერი და გევედი. სტრაჟნიკებისკენ ზრუგი ვქენი არ გეიგომ მეთქინ. სტრაჟები სროლილობდენ ტყვიას სახლზე და ყვიროდენ: სა გაგვექცევა მაი კაძახი, არსა არ შუუზლია გასლავო. გუუარე სტრაჟებს გვერჩი და დუუძახე: არიქა ბიჭებო, სცემეთ და სცემეთ, ვერსა ვერ გეიქცევა, მეთქინ. აგენს აფხანაკი აიმედებდა ეგონენ და მე ამასობაში ქე გევიქეციო”.
ახლობლის სახლში სადილობისას კი დიდი რაზმი დაეცა თავს. დარჩიამ მოახერხა და ბოსელში გავიდა. ხბოს ნაბადი გადააცვა, ამოუსვა ხანჯალი და გაგიჟებული ხბო გარეთ გავარდა. სიბნელეში სტრაჟას ნაბდიანი ხბო სისონა ეგონა და საცერივით დაცხრილეს. როცა მიცვივდნენ, დარჩიას მაგივრად, ხბო შერჩათ ხელში. სისონა ამ დროს უკვე სამშვიდობოს იყო გასული.