რატომ დაჰყვება პუტინს თან ონკოქირურგი? – რას წერს რუსული გამოცემა

რუსული მედიასაშუალებების ცნობით, პუტინს ექიმებს შორის ქირურგი-ონკოლოგიც ჰყავს. გამოცემა “პროექტის“ ( საგამოძიებო ჟურნალისტიკა) ინფორმაციით, პუტინს ხშირად სტუმრობს ექიმი – ონკოქირურგი.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არც თუ ისე იშვიათად სტუმრობენ ექიმები, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების ქირურგები არიან. საგამოძიებო გამოცემა „პროექტის“ ცნობით, მათ მოიპოვეს პუტინის პერსონალური ექიმების სია, რომლებიც პუტინს საქმიან ვიზიტებზე თან დაჰყვებიან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ექიმი, რომელიც პუტინს მუდამ თან დაჰყვება, ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ევგენი სელივანოვია. სელივანოვმა დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნით დაავადებული ხანდაზმული პაციენტების დიაგნოზირება და მათი ქირურგიული მკურნალობა“.

2017 წელს მხოლოდ სოჭში ეს ექიმი ვლადიმერ პუტინთან 35-ჯერ ჩაფრინდა.

გამოცემის ცნობით, 2017 წელს, როცა ვლადიმერ პუტინი სოჭში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს უნდა შეხვედროდა, ექიმთა ჯგუფი ადგილზე ერთი დღით ადრე ჩაფრინდა. გამოძიებით ცალსახად არ დასტურდება რომ პუტინი ავადაა, კონკრეტული დიაგნოზებიც არსად მოიპოვება, თუმცა „პროექტის“ ცნობით, პუტინს ზურგის არეში მინიმუმ ორჯერ ჩაუტარდა ან ოპერაცია, ან ძალიან რთული პროცედურა. ეს შემთხვევები დროში ემთხვევა პუტინის „გაუჩინარებას“, რომელსაც მედიასაშუალებები დიდ ყურადღებას უთმობდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, სოჭში ყველაზე ხშირად ვლადიმერ პუტინთან სამი ექიმი ჩადიოდა, ესენია: ოტორინოლარინგოლოგი ალექსეი შეგლოვი, იგორ ესაკოვი და ქირურგი ონკოლოგი ევგენი სელივანოვი. 4 წლის განმავლობაში შეგლოვი პუტინთან სოჭში 59-ჯერ ჩაფრინდა და 282 დღე რუსეთის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა. ესაკოვი 38-ჯერ ჩაფრინდა და პუტინთან 152 დღე იმყოფებოდა, სელივანოვი კი – 35-ჯერ ჩაფრინდა და პუტინთან 166 დღე იმყოფებოდა.

„ექიმთა ეს ჯგუფი სოჭში პუტინთან ერთად, როგორც ოფიციალური ვიზიტისას, ასევე – მისი „გაუჩინარებისას“ იმყოფებოდა“.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ ექიმების გარდა, იქ სადაც ვლადიმერ პუტინი მიემგზავრებოდა, მრავალდღიანი ვიზიტით მიემგზავრებოდნენ ქვეყნის საუკეთესო ექიმებიც, მათ შორის – ინფექციონისტები, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები, ნევროლოგები და სხვა.

გამოძიება, ასევე, ამტკიცებს, რომ ალტაიში მოგზაურობისას პუტინი ირმის რქისგან დამზადებული ექსტრაქტების აბაზანებს იღებს.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share