ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება საარჩევნო უფლების რეალიზაციაზეც აისახა. სამწუხაროდ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და თანასწორ გარემოში არ წარიმართა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით პირთა შრომის თავისუფლებაში ჩარევის სამწუხარო ტენდენცია გამოიკვეთა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ნათლად გამოავლინა, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი – დეპოლიტიზება ვერ იქნა მიღწეული. სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობების წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროვეს 69 პირი. სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ასევე 4 შემთხვევა, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება შესაძლო პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს. შემაშფოთებელია, რომ პირების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ზოგიერთ შემთხვევაში მათ მიერ სოციალურ ქსელებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ან სიმპათიის გამომხატველი პოსტების ან უბრალოდ ხელისუფლებისთვის კრიტიკული კომენტარების განთავსება იყო“, – ნათქვამია ანგარიშში.