სამი წამლის კოქტეილი რამე ახალი ნარკოტიკი არ გეგონოთ – ამერიკაში სიკვდილით დასჯის აღსრულების ყველაზე გავრცელებული, სამსაფეხურიანი პროტოკოლია: დამამშვიდებელი, სხეულის პარალიზების და ფინალური, ანუ სასიკვდილო სტადია.
პირველი წამალი, რომელსაც სიკვდილმისჯილს უკეთებენ ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელ-დამაწყნარებელია, რითაც მისი დამშვიდება და მოდუნება ხდება.
მეორე ეტაპი მისი პოტენციური წინააღმდეგობების მოშლაა, რისთვისაც ექიმები, ნერვულ-კუნთოვან აგენტს იყენებენ. ეს წამალი თითქმის ყველა კუნთის ბლოკადას და სხეულის სრულ პარალიზებას იწვევს, თუმცა გონება კვლავ აგრძელებს მუშაობას.
მესამე, ფინალური, ანუ სასიკვდილო სტადიაა, როდესაც სიკვდილმისჯილის სხეულში ისეთი პრეპარატი შეყავთ, რომელიც გულის საბოლოო გაჩერებას იწვევს.
რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს სასიკვდილო განაჩენი კარგა ხანია გამოუტანა და ჩვენ წინააღმდეგ სწორედაც რომ სამი წამლის კოქტეილის პოლიტიკას ატარებს
ქართული სახელმწიფოს განადგურების მორიგი მცდელობის პირველი, ანუ დამამშვიდებელი სტადია 2012 წელს, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლით დაიწყო, როდესაც ივანიშვილმა ექვსი მილიარდითა და სოციალური დაპირებებით გააბრუა ძველი ხელისუფლებით ისედაც თავმობეზრებული და გადაღლილი საზოგადოება და რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა შემოგვთავაზა.
დამაწყნარებელი პრეპარატის როლი კი აბაშიძე-კარასინის შეხვედრებმა, რუსეთთან ვაჭრობის აღდგენამ, რუსული ენერგომატარებლების უფრო აქტიურად გამოყენებამ, რუსული არხების ჩვენს ტელესივრცეში დაბრუნებამ, რუსული ორგანიზაციების სოკოებივით მომრავლებამ და ქვეყნის რუსი ტურისტებით გავსებამ შეასრულა. შევედით მოჩვენებითი ეიფორიის იმ სტადიაში, როცა დავიჯერეთ, რომ თან ევროპითაც ვიხეირებდით, რაც ძირითადად უვიზო მიმოსვლას და სხვა მატერიალიზებულ სარგებელს ნიშნავდა და თან რუსეთისგან ნაბოძებ მშვიდობასაც ვეღირსებოდით, წართმეულ ტერიტორიებსა და გამოყრილი ხალხის უბედურებაზე თვალის დახუჭვით, ასევე მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ. ასეთ მდგომარეობაში საკმაოდ დიდხანს ვიყავით.
მეორე, ანუ ნერვულ-კუნთოვანი პარალიზების ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც ივანიშვილმა მთლიანად მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები და მისი ინტერესების მომსახურე უწყებებად აქცია; არჩევნები პრაქტიკულად გააუქმა და ოცნება ხელისუფლებაში უკვე მესამე ვადით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ დატოვა; დაასუსტა ქვეყნის თავდაცვითი და დიპლომატიური პოტენციალი; არაერთხელ გადააგდო საერთაშორისო პარტნიორები და ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნდობის რესურსი ფაქტობრივად გაანულა.
ამით მან არა მხოლოდ სახელმწიფო სხეულის, არამედ მთელი პოლიტიკური სისტემის პარალიზება მოახდინა. შედეგად მივიღეთ დამბლადაცემული ქვეყანა და ფუნქციადაკარგული პოლიტიკური სისტემა, სადაც რიგი პოლიტიკოსების გონება შესაძლოა მუშაობდეს კიდეც, თუმცა სხეულს, ანუ სახელმწიფოს და მთლიანად პოლიტიკურ სისტემას, მოქმედება და საფრთხეების გამკლავება აღარ შეუძლია.
სრულად პარალიზებული სახელმწიფოს ბოლო მაგალითებია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში. დემოკრატიული დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერით, უკრაინამ ომის ბედი ფაქტობრივად შემოატრიალა. დაიწყო პუტინისთვის დამანგრეველი ახალი მსოფლიო წესრიგის შენება. თითქოს ყველასთვის მარტივად მისახვედრია, რომ ამ პოლიტიკით რუსეთთან ერთად ჩვენც დავმარცხდებით და ყველანაირ პერსპექტივას დავკარგავთ. თუმცა, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრივი სხეული პარალიზებული, ხოლო პოლიტიკური სისტემა მოშლილია, განწყობები მოქმედებაში ვერ გადადის.
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარება და რუსეთთან მიერთება დააანონსა, რუსეთის დუმიდან და პუტინის გარემოცვიდანაც ღიად ითქვა, რომ ამ იდეას მათგან უკვე მწვანე ანთებული აქვს. გასაგებია, რომ სამაჩაბლოს რუსეთთან შეერთების განზრახვა მანამდეც არაერთხელ გაჟღერებულა, თუმცა ამა თუ იმ ფორმით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ყოველთვის იყო.
დღეს კი როდესაც საქმე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ასე მტკივნეულად ეხება, ხელისუფლება უპატიებლად პასიურია, რაც დამბლადაცემული სახელმწიფოს სიმპტომის პირდაპირი დადასტურებაა. ღარიბაშვილის გრძლად გამეორებული ტირადა “მშვიდობისა და სტაბილურობის“ შესახებ აგრესორის არ ხსენების, რუსული ფაშიზმის ენით აღუწერელი შედეგების შეფასებაში ირიბად უკრაინის ხელისუფლებისა და დასავლეთის დადანაშულების შესახებ ჩემს მიერ აღწერილი მეორე სტადიის მწვავე ფაზაში ყოფნის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
მესამე, ანუ სასიკვდილო სტადია, საბედნიეროდ, ჯერ არ დამდგარა.
თუმცა მისი აღსრულება უკვე დაწყებულია: უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, ივანიშვილისგან არაერთხელ ნაქებ-წახალისებულმა ჯგუფებმა პატრიოტთა ალიანსის ინიციატივით პუტინს წერილი გაუგზავნეს, სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებისა და ფაქტობრივად კაპიტულაციისთვის მზადყოფნის სიგნალით.
მანამდე კი ოცნების პირდაპირი მხარდაჭერით სახეცვლილება განიცადა ალტ-ინფომ, რომელიც უკიდურესად გააქტიურებული პრო-რუსული პოლიტიკური პარტიის სახით მოგვევლინა. პარალალურად, ხელისუფლება ცდილობს, გამკაცრებული სასჯელით ჩაახშოს პროტესტი; პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებით დაადუმოს მის კონტროლს მიღმა დარჩენილი მედია; უხეშად გაუსწორდეს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს; ძალის დემონსტრირების და ხელის გადაგრეხვის პრინციპით განუსაზღვრელი ვადით დარჩეს ხელისუფლებაში და რაც მთავარია დაარწმუნოს ხალხი, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, ჩვენ არაფერი შეგვიძლია და არც არავინ არაფერს გვეკითხება. ამიტომ თვალი დავხუჭოთ, თავი ჩავღუნოთ, ბედს შევეგუოთ და შეიძლება გადავრჩეთ კიდეც.
დოსტოევსკის მკითხველებს უყვართ გახსენება, რომ მწერლის ცხოვრებაში დრამატული მომენტი რომელმაც კარდინალური ცვლილებები მოიტანა, მაშინ დადგა როცა 28 წლის ასაკში მეფის ჯარისკაცებმა დასახვრეტად გაიყვანეს და გადაწყვეტილება ბოლო წამს შეიცვალა. ზუსტად არ ვიცით, რა ცვლილება მოიტანა დოსტოევსკის ცხოვრებაში სიკვდილისთვის ასე პირდაპირ თვალებში ჩახედვამ, მაგრამ ჩვენი სუვერენიტეტისთვის გამოცხადებულმა სიკვდილის ქრონიკამ კი უნდა გამოგვიფხიზლოს დანეკროზებისკენ მიმავალი ნერვული კუნთები.
სასიკვდილო სტადია მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც ქართულ სახელმწიფოს გული გაჩერდება. ნებისმიერი სახელმწიფოს გული კი ის ერია, რომლის გარეშეც სუვერენიტეტი აუცილებლად დაშრება, ამოიწურება და მიილევა.
ამას ვერცერთი უცხო ვერ გადაგვიწყვეტს. ეს მაშინ მოხდება, როცა ჩვენ ვეღარ ვიტყვით, თუ რისთვის გვინდა ეს სახელმწიფო; თუ არაფრით განსხვავებულები არ ვიქნებით ბოროტებისგან, რომელსაც ვებრძვით; თუ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ხელს ჩავიქნევთ და მომავლის რწმენას დავკარგავთ;
არაფერი დამაიმედებელი ჩვენს თავს არ ხდება – ქვეყნის წინაშე დასმული ამოცანების სირთულე ბევრად აღემატება ჩვენი მომზადების, ცოდნისა და ხედვის მასშტაბს; პუტინის რუსეთი ახლა ტანკებით ჩვენ არ გვერევა, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ძველი ბიჭებით გვიგრიხავს ხელებს; ჩვენი ბრძოლა რომელიც ვლადიმირ პუტინის ბოროტებას უნდა გავუმართოთ, ჯერ კიდევ წინაა. სწორედ ამიტომ, ისე როგორც არასდროს გვჭირდება საერთო ნიადაგის მოძებნა, ფეხქვეშ საერთო ნიადაგის შეგრძნება და ერთმანეთის მეტი მოსმენა. სწორედ ახლა უნდა მოვძებნოთ ერთმანეთში იდეები, ვიპოვოთ განსხვავებები, მაგრამ არასდროს დავივიწყოთ, რომ წარმოუდგნელად ძვირფასები ვართ ერთმანეთისთვის ისინი ვისაც უცდია, რომ საკუთარი თავი იდეებზე აღეზარდა.
თუ რუსთაველის იდეალებს მხოლოდ სადღეგრძელოს მასალად დავტოვებთ, ცხოვრებაში კი საბჭოთა საყოფაცხოვრებო მორალით ვიმოქმედებთ; თუ უკრაინას დავივიწყებთ და მის მხარდასაჭერად არაფერს მოვიმოქმედებთ; თუ უარს ვიტყვით იმაზე, რასაც საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრება შეუძლია; თუ აღარ გვექნება კრიტიკული მედია და სამოქალაქო საზოგადოება; თუ ჩვენი გმირები უკრაინაში პუტინის წინააღმდეგ აღარ იბრძოლებენ; თუ პროვინციული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპოზიციას გამარჯვების შანსი და იმედი აღარ ექნება; თუ საზოგადოებაში ნიჰილიზმი იმ კონდიციამდე მივა, რომ მათთვის ყველაფერი სულერთი გახდეს.
ეს „თუ“ წყვეტს ყოველთვის ყველა ადამიანის, ყველა ხალხისა და ერის მომავალს. სწორედ ამ გადაწყვეტ, საკვანძო და სასიცოცხლო „თუ“ზე წერდა რადიარდ კიპლინგიც:
თუ შეგწევს ძალა, წარბი შეჰკრა, მოთოკო გული,
მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწილ –
ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს
ნებისყოფაღა გეუბნება: “წინ-მეთქი! გასწი!”
ფორმულა