პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთიანი ყარაბაღის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ გამოთქმულ კრიტიკას “უსაფუძვლო აჟიოტაჟს” უწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს მსგავსი პოზიცია აქამდეც არაერთხელ გამოუთქვამს.
ზურაბიშვილმა ელჩების 2020 წლის ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოხარულია კონფლიქტის ზონაში აღმდგარი მშვიდობის გამო და დანანებით აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის პროცესში საქართველოს საკვანძო როლი არ უთამაშია. პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველო ისტორიულად კავკასიის ცენტრია და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ქვეყანა ე.წ “კავკასიური პლატფორმის” საკვანძო მოთამაშედ იქცევა.
პრეზიდენტის განცხადებას საერთაშორისო დიპლომატების კრიტიკა მოჰყვა. ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა და საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ პრეზიდენტი გააკრიტიკეს და მის პოზიციას შეცდომა უწოდეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი დიპლომატების საპასუხოდ აცხადებს, რომ ზურაბიშვილის განცხადებების გარშემო “უსაფუძვლო აჟიოტაჟია” ამტყდარი.
“ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდნეტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 9 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი.
9 პუნქტიანი შეთანხმება კონტაქტის ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსი სამხედროების განლაგებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებით, რუსეთს ამიერკავკასიის ყველა ქვეყანაში ჰყავს სამხედრო ძალები განთავსებული: საქართველოშიც, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით კავკასიაში ახალი ერა დაიწყებოდა და მოლაპარაკებებში ჩართულ ფასილიტატორებს, მათ შორის, რუსეთს მადლობა გადაუხადა.