“გატაცებული ბავშვები რუსებმა შესაძლოა, უკანონოდ იშვილონ” – უკრაინა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და მოუწოდებს, მიიღონ ზომები რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

“აშკარაა რუსეთის მოქალაქეების მიერ უკრაინელი ბავშვების უკანონოდ შვილად აყვანის საფრთხე უკრაინის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი პროცედურის დარღვევით”, – აცხადებენ უკრაინის საგარეოში.

მათივე განცხადებით, ამ კონტექსტში განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინფორმაცია რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების “ადმინისტრაციებთან” ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებების შესახებ, რომლებიც უკრაინიდან უკანონო დეპორტირებული ობლების რუსული ოჯახებისთვის გადაცემის შესაძლებლობას იძლევა.

“კრემლის მცდელობები, უკრაინის ტერიტორიაზე მისი დანაშაულებრივი ქმედებები “კანონიერად” წარმოაჩინოს, ომი ძირითადი წეს-ჩვეულებების და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების ცინიკური უგულებელყოფაა”, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამასთან, უკრაინული მხარე ხაზს უსვამს, რომ ოკუპანტების ამგვარი ქმედებები შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც გატაცება, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების დროულ რეაქციას საჭიროებს.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, UNICEF-ს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ბავშვთა საკითხებში, მიიღონ ზომები უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დასაბრუნებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share