მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, რუსეთიდან უცხოური კომპანიების მასიურად გასვლის შედეგად დედაქალაქში დაახლოებით 200 000 ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშაა.
სობიანინის თქმით, მოსკოვის მერიამ შეიმუშავა სპეციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოურ კომპანიებში დასაქმებულებს, რომლებმაც შესაძლოა უახლოეს პერიოდში სამსახური დაკარგონ.
“ჩვენ ვაგრძელებთ დედაქალაქის ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესების გეგმის იმპლემენტაციას. როგორც დაგეგმილი იყო, წინა კვირას ჩვენ დავამტკიცეთ სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა დახმარების პროგრამა. ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიების გათვალისწინებით, პროგრამის იმპლემენტაციისთვის 3.36 მილიარდი რუბლი გამოიყოფა. პირველ რიგში, პროგრამა გამოყოფილია იმ უცხოურ კომპანიებში დასაქმებულთათვის, რომელმაც საქმიანობა დროებით შეწყვიტა ან რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 200 000 ადამიანი არის სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ”. – წერს სობიანინი
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.