„შემოვუშვათ რუსეთის ბევრი მოქალაქე და მერე პუტინი იტყვის, რომ ახლა საქართველოში ვუშვებ ჯარს, სპეციალური ოპერაციისთვის, რომ დავიცვა რუსეთის მოქალაქეებიო… ვაჟა, ილია, აკაკი და ა.შ. ჩვენც კი გვაქვს წაკითხული“ _ წერდა სოციალურ ქსელში ნოდიკო ტატიშვილი, ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ… რუსეთის მიმართ თავისი უკიდეგანო გაბრაზება ცნობილმა მომღერალმა “კვირის პალიტრასთან” ისაუბრა:
”რაც ახლა უკრაინაში ხდება, გულწრფელად გეტყვით, ვერაფრით წარმომედგინა, მსგავსი რამ თუ შეიძლებოდა, ოცდამეერთე საუკუნეში მომხდარიყო… აქვე, ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ ტრიალებს ეს კოშმარი… თუმცა რუსეთის იმპერიის სისასტიკისადმი და ამორალურობისადმი ჩემი წარმოდგენა არასოდეს შეცვლილა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოში 2008 წელს ჩაიდინეს!
ქვეყნის 20% ოკუპირებულია, საზღვარს კიდევ წევენ და კაცისშვილი დამშლელი არ ჰყავთ! საერთოდ, რაღაზე ვსაუბრობთ?! 2008 წელს ომის ამხელა მასშტაბი არ ყოფილა, 3-5 დღეში ყველაფერი ჩაცხრა და უკრაინაში თითქმის ორი თვეა, გაუგონარი საშინელება ხდება… ამდენი ბავშვის, უდანაშაულო ხალხის ამოხოცვისთვის არ ვიცი, რუსეთს რა მოელის! მაგალითად, მე, ჩემი ანალიზით, ზუსტად ვიცი, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, მანამდეა დამთავრებული, სანამ ეს იმპერიალისტები და მიუღებელი ხალხი იჯდება იქ სათავეში.
საგარეო ურთიერთობები დაანგრიეს, ეკონომიკა თავზე ჩამოენგრათ და მთელ მსოფლიოში, სადაც კი გაიგებენ რუსი ტურისტის შესახებ, ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება უჩნდებათ. პუტინმა თავისივე ხალხი მსოფლიოსთვის საზიზღარი გახადა! ჩვენ, საქართველოში, ისედაც კარგად ვიცით, რუსეთს აქ რა ინტერესებიც ჰქონდა და რაც ჩვენს თავს დაატრიალეს. ეს ყველაფერი ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს?! – მე მგონია, რომ უკრაინა დაამთავრებს! ისევ ვიმეორებ, ძალიან ვწუხვარ და სულ მაგას ვამბობ, ამდენი ბავშვის, ამდენი ადამიანის მსხვერპლი უზარმაზარი ტრაგედიაა მთელი მსოფლიოსთვის!
ეგ რომ რუსეთს არ შერჩება, ზუსტად ვიცი, მაგრამ დაღუპულებს რაღა ეშველებათ და რა დააშავა ამ საწყალმა ხალხმა?!” – აცხადებს ტატიშვილი.