კანონი “სამუდამოდ აკრძალვის შესახებ” – რუსეთში მედიის საბოლოო წმენდისთვის ემზადებიან

კრემლი სულ უფრო იმარტივებს რუსეთში ინფორმაციაზე კონტროლს. ახალი კანონპროექტის თანახმად, გენპროკურორს შეეძლება სამუდამოდ აკრძალოს ნებისმიერი მედიასაშუალება. დასჯადი გახდება „შავ სიაში” მოხვედრილი მედიის ციტირებაც.

სასამართლო საჭირო აღარ იქნება, არც ბრალდებულს ექნება გასაჩივრების უფლება. თუკი რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დაამტკიცებს ახალ კანონპროეტს (და რომ დაამტკიცებს, ამაში ეჭვი ცოტას ეპარება), კრემლს შეეძლება, გაუფრთხილებლად, სამუდამოდ აკრძალოს მისთვის მიუღებელი ნებისმიერი მედიასაშუალება. რაც მთავარია, აკრძალულ მედიასაშუალებას არ ექნება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

მოქმედი კანონმდებლობით, ამისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო. ასევე ფორმალური საბაბიც – მედიასაშუალება არაერთხელ უნდა იყოს „შემჩნეული” ყალბი ამბების გავრცელებაში და ამას უნდა აკეთებდეს, „სულ ცოტა, ერთი წლის განმავლობაში”.

ცვლილებების თანახმად, გენპროკურატურა უბრალოდ მოსთხოვს მედიამარეგულირებელს, „როსკომნადზორს“, რომ სამუდამოდ ჩამოართვას ლიცენზია ამა თუ იმ მედიასაშუალებას, ანუ აკრძალოს მისი მუშაობა. ჟურნალისტებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა აკრძალული მედიასაშუალებების ციტირებისთვის, ან მათი მასალების ჰიპერბმულების განთავსებისთვის.

კანონპროექტი 6 აპრილს დარეგისტრირდა და სახელმწიფო სათათბირო მას 18 მაისს განიხილავს.

“სამხედრო ცენზურა”

ომის დაწყების შემდეგ, 4 მარტს, რუსეთში აიკრძალა უკრაინაში მიმდინარე ომის ომად მოხსენიება. კრემლისთვის მისაღები ფორმულირება მხოლოდ „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა”. „ფეიკების შესახებ” კანონისთვის დაუმორჩილებლობის გამო უკვე დაიბლოკა BBC, Deutsche Welle, რადიო თავისუფლება, მედუზა, დოჟდის და სხვამედიების ვებგვერდები. ზოგიერთმა მედიამ, მაგალითად, ოპოზიციურმა „ნოვაია გაზეტამ” შეწყვიტა მუშაობა „ომის დასრულებამდე”. ერთადერთი მასალა მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც მათ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს თავს დაესხნენ. დაბლოკილია ფეისბუკი, ინსტაგრამი და ტვიტერი.

თუმცა სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლები ამბობენ, რომ ეს რეგულაციები უკვე არსებულ „სამხედრო ცენზურაზე” უარესია.

თუკი კრემლს არ ემორჩილებით, მას შეუძლია დაბლოკოს თქვენი საიტი. მაგრამ დაბლოკილი მედიასაშუალებების უმრავლესობამ შექმნა ე.წ. სარკეები, ანუ გადააკოპირა საიტები სხვა სერვერებზე. ახალი საკონონმდებლო ცვლილებებით, დაიბლოკება სარკული ბექსაიტებიც.

გალინა არაპოვა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის უფლებების დაცვის ცენტრს” წარმოადგენს, გაოგნებულია იმით, თუ როგორი ენითაა დაწერილი კანონპროექტი.

ინტერნეტთავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციასთან, „როსკომსვობოდასთან“ საუბარში იგი ჰყვება, რომ თვალში მოხვდა ორთოგრაფიული შეცდომები, გამეორებული აბზაცები, შუაგზაში მიტოვებული წინადადებები.

„ეჭვი მეპარება, კანონპროექტის ავტორები იურისტები ყოფილიყვნენ”, – ამბობს იგი და ასკვნის, რომ, სავარაუდოდ, დამწერები ცდილობდნენ, დოკუმენტი „რაც შეიძლება სწრაფად” დაესრულებინათ.
პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი ჰყვება, რომ კანონპროექტის ინიციატორები არიან რუსეთის სათათბიროს დეპუტატები. მათ შორისაა ვასილი პისკარევი, რომელიც დუმის უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ინტერნეტის იზოლაცია

ინტერნეტცენზურა რუსეთში ნაბიჯ-ნაბიჯ მკვიდრება. კრემლისთვის პირველი საგანგაშო სიგნალი იყო 2011 წლის ანტისახელისუფლებო პროტესტები. მათი ორგანიზებისთვისაც აქტივისტები ფეისბუკს და სხვა სოციალურ ქსელებს იყენებდნენ. მას შემდეგ პუტინის ხელისუფლებამ „გადააფასა” ინტერნეტის მნიშვნელობა და მომდევნო წლებში არაერთი კანონი შემოიღო, რათა შეეზღუდა მისთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელება.

კრემლმა კრიტიკული მედია „უცხოურ აგენტებად“ გამოაცხადა. ყველა მედიასაშუალებას, ორგანიზაციასა თუ ცალკეულ პირს, ვინც უარს იტყვის ყველა პუბლიკაციაში საკუთარი თავის „უცხოურ აგენტად” მოხსენიებაზე, ჯარიმა და დაბლოკვა ემუქრება.

ეს შეტყობინება (მასალა) შექმნილი, (ან) გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ, რომელიც ასრულებს უცხოური აგენტის ფუნქციებს, და (ან) რუსული იურიდიული პირის მიერ, რომელიც ასრულებს უცხოური აგენტის ფუნქციებს.
ეს შეტყობინება (მასალა) შექმნილი, (ან) გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ, რომელიც ასრულებს უცხოური აგენტის ფუნქციებს, და (ან) რუსული იურიდიული პირის მიერ, რომელიც ასრულებს უცხოური აგენტის ფუნქციებს.

2019 წელს შევიდა ძირეული ცვლილებები ქვეყნის კანონში კომუნიკაციის შესახებ. მათ ცვლილებებს უწოდეს „სუვერენული ინტერნეტის კანონი”. დოკუმენტის ძალით, ყველა ინტერნეტპროვაიდერი ვალდებულია, ეყენოს „როსკომნადზორის“ აპარატურა, რომლის წყალობითაც, მარეგულირებელი ხედავს, რას აკეთებენ აბონენტები ინტერნეტში.

მედიამკვლევრები ამბობენ, რომ უკვე დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ახალი კანონპროექტი ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის რუსეთში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის მუშაობას.

„ეს ინიციატივა კიდევ უფრო ამძიმებს მედიის მდგომარეობას. აქამდე არსებული სამართლებრივი პროცედურები მათ ეხმარებოდათ ან ბლოკის თავიდან აცილებაში, ანდაც იმაში, რომ [ახალ მოთხოვნებთან] ადაპტირება მოესწროთ. შეთავაზებული პროცედურა აღარ აძლევს ჟურნალისტებს იმის შესაძლებლობას, რომ ეფექტურად დაიცვან თავი”, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „იურისტების კოლეგიის“ წარმომადგენელი, ფიოდორ კრავჩენკო.

***

ამჟამად დაბლოკილი საიტების მოსანახულებლად ყველაზე მარტივი გზა ვირტუალური პრივატული ქსელების (VPN)-ების გამოყენებაა. მათი წყალობით იცვლება მომხმარებლის IP მისამართი და ის გვერდს უვლის „როსკომნადზორის“ შეზღუდვებს.

სხვადასხვა მონაცემებით, ომის დაწყებიდან რუსეთში VPN-ების გამოყენება მილიონობით ადამიანმა დაიწყო.

VPN-ების გამოყენება კანონით აკრძალული არაა. თუმცა უკანასკნელ კვირებში „როსკომნადზორმა“ მოსახლეობის ათეულობით VPN-სერვისზე წვდომა შეუზღუდა.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share