ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით – „რატომ წააგო უკვე ომი ვლადიმერ პუტინმა“ (ავტორი – იუვალ ნოა ჰარარი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ომის დაწყებიდან ერთ კვირაზე ნაკლებია გასული და უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვლადიმერ პუტინი ისტორიულ დამაცხების მომენტს უახლოვდება. მას შეუძლია ყველა ბრძოლა მოიგოს, მაგრამ – წააგოს ომი. ვლადიმერ პუტინის ოცნება რუსეთის იმპერიის აღდგენის შესახებ ყოველთვის ეფუძნებოდა სიცრუეს იმის თაობაზე, რომ უკრაინა ნამდვილი ერი არ არის და რომ კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მცხოვრებლებს მოსკოვის მმართველობა სწყურიათ. დიახ, რუსეთის პრეზიდენტის გამონათქვამები უკრაინის შესახებ სრული სიცრუეა. უკრაინას ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, კიევი უკვე მაშინ იყო მსხვილი მეგაპოლისი, როცა მოსკოვი პატარა სოფელსაც კი არ წარმოადგენდა… მაგრამ რუსი დესპოტი იმდენჯერ იმეორებდა ტყუილს, რომ, საბოლოოდ, როგორც ჩანს, თვითონაც დაიჯერა.
მაგრამ ამ გეგმაში ერთი დიდი უცნობი მომენტია: როგორც ამერიკელები მიხვდნენ ერაყში, მანამდე კი საბჭოელები – ავღანეთში, ქვეყნის დაპყრობა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება. ვლადიმერ პუტინმა იცოდა, რომ მას უკრაინის დაპყრობის ძალა აქვს, მაგრამ განა უკრაინელი ხალხი ასე ულაპარაკოდ დათანხმდება მოსკოვის მიერ თავსმოხვეული მარიონეტული რეჟიმის მიღებას? პუტინმა ფსონი იმაზე დადო, რომ უკრაინელები სწორედ მისი გეგმის შესაბამისად მოიქცეოდნენ. ბოლოს და ბოლოს, მან ხომ არაერთგზის განუმარტა ყველას, რომ უკრაინელი ერი არ არსებობს და უკრაინელები ნამდვილი ერის წარმომადგენლები არ არიან. ჩვენ ვიცით, რომ 2014 წელს ყირიმის მოსახლეობამ რუს დამპყრობლებს გარკვეული წინააღმდეგობა გაუწია. მაშ, რატომ უნდა იყოს 2022 წელი გამონაკლისი?
რაც მეტი დღე გადის, სულ უფრო ნათლად ჩანს, რომ პუტინის ავანტიურა კრახს განიცდის – უკრაინელი ხალხი მტერს წინააღმდეგობას ისე თავგანწირვით უწევს, რომ მთელი მსოფლიოს აღფრთოვანებას იწვევს. უკრაინა ომში იმარჯვებს – მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რთული დღეებია. რუსებს ჯერ ისევ შეუძლიათ მთელი უკრაინის დაპყრობა, მაგრამ ომი რომ საბოლოოდ მოიგონ, მათ ოკუპირებული უკრაინის შენარჩუნება მოუწევთ. რუსეთს ამის გაკეთება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძლია, თუ უკრაინელი ხალხი თვითონ მისცემს ამის ნებას. თუმცა ასეთი სიტუაცია ნაკლებად სავარაუდოა.
ყოველი განადგურებული რუსული ტანკი და მოკლული რუსი ჯარისკაცი უკრაინელების მამაცობასა და მომატებული წინააღმდეგობის გაწევას მოწმობს. ყოველი მოკლული უკრაინელი ჯარისკაცი [რუსებისადმი] უკრაინელთა სიძულვილს აძლიერებს. რა თქმა უნდა, სიძულვილი ყველაზე ცუდი ადამიანური ემოციაა, მაგრამ ჩაგრული ხალხის მიერ გამოხატული სიძულვილი დაფარული „საგანძურის“ მსგავსია. გულში ღრმად დამარხული სიძულვილი წინააღმდეგობის წყაროს წარმოადგენს მრავალი თაობებისათვის. რუსეთის იმპერიის აღსადგენად ვლადიმერ პუტინს შედარებით უსისხლო გამარჯვება სჭირდება, რომელიც საბოლოოდ მას მეტ-ნაკლებად უმტკივნეულო მშვიდობამდე მიიყვანს. რაც უფრო მეტი და მეტი სისხლი დაიღვრება, პუტინი თავისი ოცნების განხორციელებას მით უფრო ვერ შეძლებს. რუსეთის იმპერიის სიკვდილის მოწმობაზე დაწერილი იქნება არა მიხეილ გორბაჩოვის, არამედ – ვლადიმერ პუტინის სახელი. გორბაჩოვმა რუსებს და უკრაინელებს შესაძლებლობა მისცა, თავიანთი თავი ერთმანეთის დებად და ძმებად აღექვათ, პუტინმა კი ისინი ერთმანეთის მტრებად გადააქცია და იმის გარანტია შექმნა, რომ ამიერიდან უკრაინელი ხალხი რუსეთის მიმართ ოპოზიციური იქნება.
ერები, საბოლოო ჯამში, თავიანთ ისტორიას ეყრდნობიან. უკრაინელებისათვის ყოველი დღე გმირული ისტორიაა, რომლის შესახებაც მომავალი თაობები ერთმანეთს მოუყვებიან, ათწლეულების განმავლობაში. მოუყვებიან პრეზიდენტზე, რომელმაც უარი განაცხადა დედაქალაქიდან გაქცევაზე და რომელმაც ამერიკას იქ ჩასვლაზე უარი უთხრა და სთხოვა, რომ მეტი საბრძოლო მასალები მიაწოდოს; ილაპარაკებენ კუნძულ ზმეინიზე მყოფ მესაზღვრეებზე, რომლებიც რუსული გემის ულტიმატუმს არ დაემორჩილნენ და ბრძოლაში დაიღუპნენ… ასევე, იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსული ტანკების გაჩერებას შიშველი ხელებით ცდილობდნენ; სწორედ ესაა ის მომენტები, რითაც ერი ძლიერდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ისტორიისათვის ეს ფაქტები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე – ტანკების ძალა.
რუსმა დესპოტმა, სხვებისაგან განსხვავებით, ეს ყველაფერი კარგად უნდა იცოდეს. ბავშვობაში მას ბევრი ისტორია აქვს მოსმენილი რუსების მამაცობაზე გერმანელების მიერ ლენინგრადის ბლოკადის დროს, დღეს იგი თვითონ ქმნის მსგავს ისტორიას, მაგრამ უკვე ადოლფ ჰიტლერის როლში.
უკრაინელთა გამბედაობის ამსახველი ისტორიები მაგალითს აძლევს არა მარტო უკრაინელებს, არამედ – მთელ მსოფლიოს. ის გაბედულებას ჰმატებს ევროპის ქვეყნების მთავრობებსაც, აშშ-ის ადმინისტრაციას და თვით რუსეთის მოქალაქეებსაც, რომლებსაც საკუთარი ხელისუფლება ჩაგრავს. მაშინ როცა უკრაინელი ცდილობს შიშველი ხელებით ტანკების გაჩერებას, გერმანიაც გაბედულებას იკრებს და უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით ამარაგებს, ასევე – ამერიკა და სხვა ქვეყნები ბედავენ და რუსეთს სვიფტიდან თიშავენ, ხოლო რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო მეტი და მრავალრიცხოვანი აქციის გამართვას გაბედავენ ამ უაზრო ომის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, ეს ომი, ალბათ, ხანგრძლივი იქნება, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ბოლო რამდენიმე დღემ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ უკრაინა ნამდვილი ერია და რომ უკრაინელები ნამდვილი გმირი ხალხია და რომ მათ აბსოლუტურად არ სურთ ცხოვრება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.
მთავარი საკითხი კი, რომელიც ჯერ ისევ ღია რჩება, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გამოიხატოს: კიდევ რამდენი დრო იქნება საჭირო, რომ ამ გზავნილმა კრემლის სქელი კედლები გაიაროს და ადრესატამდე მიაღწიოს?
კვირის პალიტრა