უკრაინაში ამ დრომდე წინა ხაზზე იბრძვიან ქართველი მეომრები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში თავდაცვით ოპერაციებს სხვადასხვა ფრონტზე ახორციელებენ.
ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ინტენსიურად ბომბავენ. მათი თქმით, კვლავ მძიმე ვითარებაა აღმოსავლეთ უკრაინაში – ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკის ოლქში. დაძაბული ვითარებაა მარიუპოლშიც, ხარკოვსა და იზიუმში, სადაც ქალაქები განუწყვეტლივ იბომბება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი აგრესორები კიევზე თავდასხმას ბელარუსის მხრიდან აპირებენ.
ნადიმ ხმალაძე ამბობს, რომ უკრაინელი ხალხი მტკიცედ დგას და რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ბოლო ადამიანამდე აპირებს.
“ცვლილება მშვიდობისკენ ნამდვილად არ არის. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ის, რომ უკრაინული მხარე არის ძალიან მყარად, მტკიცედ, მხნედ. ან ბოლო უკრაინელი იქნება, რომელიც დაეცემა და ისე წაიღებს რუსეთი უკრაინას, ან ვერასდროს. ასე რომ, ბოლო ადამიანამდე ბრძოლას აპირებს უკრაინელი ხალხი”, – თქვა ნადიმ ხმალაძემ.
რაც შეეხება უკრაინაში დაღუპულ კიდევ 3 ქართველს – არკადი კასრაძეს, ალიკა ცაავასა და ზაზა ბიწაძეს, მათ სამშობლოში სავარაუდოდ, შაბათს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.