“უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე…მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას…რეაგირება მოახდინოს”-დენისოვა

შეშფოთებული ვარ უკრაინის მოქალაქის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებაშია აღნიშნული.

უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

ის ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ რეაგირება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე.

“რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, გასული წლის დეკემბრიდან არ უშვებენ დამოუკიდებელ ექიმებს. ეს მიუთითებს სათანადო მკურნალობის არ არსებობაზე, რომელიც დადგენილია საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე შეკრებილი მედიკოსთა კონსილიუმის მიერ, რაც წამების ტოლფასია.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა საქართველოს ციხეში ასახულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაიცვან საერთაშორისო სამართალი – კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის მიხედვითაც არავინ უნდა იყოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის, ან დასჯის ობიექტი.

სასამართლო დარბაზში მიხეილმა თქვა, რომ შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების შედეგებით, სურს აქ ყოფნა და უკრაინის გმირის ხალხის დახმარება.

მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე”, – ნათქვამია ლუდმილა დენისოვას განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share